ფეხბურთი

16:42 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიელთა მწვრთნელი კოლერი: "შესარჩევს თბილისში რთული მატჩით ვიწყებთ"

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლს 5 სექტემბერს თბილისში ავსტრიელებთან მატჩით დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიამ ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო და მოსალოდნელზე სუსტად ითამაშა, მწვრთნელი არ შეცვლილა - ისევ მარსელ კოლერი იქნება.

კოლერმა აღნიშნა, რომ თბილისში რთული მატჩი ელის: "ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და წინ უნდა გავიხედოთ. საქართველოს სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. მათ მშვენივრად ითამაშეს წინა შესარჩევში გერმანიის წინააღმდეგ, ახლოს იყვნენ ფრესთან და ბოლო წუთებზე გაუშვეს. ხოლო ივნისში ესპანეთს ამხანაგური მატჩი მოუგეს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შესარჩევი ციკლი წარმატებით დავიწყოთ".

ავსტრიის ნაკრები ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, კერძოდ, კაპიტანმა კრისტიან ფუხსმა ("ლესტერი"). მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო ახალი კაპიტანი, სავარაუდოდ, იულიან ბაუმგარტლინგერი იქნება. ეს ნახევარმცველი "მაინციდან" "ლევერკუზენში" გადავიდა.

არის საუბრები, რომ ავსტრიის ნაკრებში არცთუ კარგი ატმოსფეროა. იქაური გამოცემების ცნობით, ევროპის ჩემპიონატის დროს ფეხბურთელებს შორის მცირე კონფლიქტებიც იყო და გუნდი გაიხლიჩა.

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეო ვინდტნერმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის მიზეზები უნდა გაირკვეს, ხოლო თამაშები უნდა გაანალიზდეს. ვინდტნერმა შიდა არეულობა უარყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.116287