საქართველოს თასის გათამაშებაში, შარშანდელის მსგავსად, ერთმანეთს საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი” და “შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ. შარშანდელ დუელში რიონისპირელებმა მოწინააღმდეგეს აჯობეს და საბოლოოდ საპატიო ჯილდოც მოიპოვეს. საინტერესო თამაშის მოლოდინში იყვნენ ქუთათური ქომაგები. ბოლო დროს მოძლიერებული ძალოვნები ნებისმიერი გუნდისათვის ძნელად გადასალახი ბარიერი იქნებიან. ეროვნული ნაკრების კალათბურთელებით გაძლიერებული დედაქალაქური კლუბი საქართველოში გასამართი ყველა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და საერთოდ, სამი პერიოდის განმავლობაში ქუთაისელები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ დასავლელთა ვეტერანი კალათბურთელი ბუბა კვიმსაძე, რომელმაც ქულებითაც და ასისტენტობითაც დაგვამახსოვრა თავი. მან საბოლოოდ 17 ქულას და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მასპინძელთა თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ თბილისელთა ყველაზე სახიფათო მოთამაშეს გიორგი ცინცაძეს პერსონალურ მეურვედ ანატოლი ბოისა დაუყენა, რომელმაც მთლიანობაში სიტუაციას კარგად გაართვა. ნაკრების ფლეიმეიქერს ბოისამ ქულების ჩვეული მარაგის გაკეთების საშუალება არ მისცა. ცინცაძე (12 ქულა, 5 პასი), რომელიც ჩვეული ფორმისაგან შორსაა, ტრადიციულად მახვილგონივრულ პასებს არიგებდა, ხშირად გაჰყავდა თანაგუნდელები სასროლ პოზიციებზე, მაგრამ უმეტესად ისინი ვერ ისროდნენ ზუსტად. რამდენიმეჯერ, მატჩის დასკვნით ნაწილში გიორგიმ საკუთარ თავზე ცადა თამაშის აღება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რისკი გაუმართლებელი აღმოჩნდა.
პირველი მეოთხედი ქუთათურებმა პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშეს და 18:14 მოიგეს. აქვე უნდა აღინოშნოს ისიც, რომ მოედანზე ქუთაისელთაგან პარკეტზე არ გასულა სენეგალელი ნდოე, რომელიც მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. თავის მხრივ მისი თანაგუნდელები კარგად მოქმედებდნენ და ნელ-ნელა ანგარიშშ სხვაობას ზრდიდნენ. კვიმსაძის დიდებულ თამაშს მოწინააღმდეგეთაგან წივწივაძის და ჩიკვილაძის კარგი თამაში მოჰყვა. მეორე პერიოდი რიონისპირელებმა კიდევ უფრო უკეთ ჩაატარეს და 19:12 მოიგეს. შესაბამისად, ტაიმი მათ 11-ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს - 37:26.
მესამე მეოთხედში მასპინძელთა დომინირება გაგრძელდა. კვიმსაძეს მხარი შედეგიანად აუბეს ახალგაზრდა ლევან გრძელიძემ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი ბარბაქაძემ. დროის ამ მონაკვეთში თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ცინცაძემ და ჩიკვილაძემ მოწინააღმდეგეს კატასტროფული ანგარიშთ გაქცევის საშუალება არ მისცეს. გადამწყვეტ პერიოდში თბილისელებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიფეს და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს. ამ პერიოდში მათ მეტოქეს 15-ქულიანი გაქცევა მოუწყვეს, მაგრამ ქუთაისელთაგან ლიდერობა ისევ კვიმსაძემ და გიგი ბარბაქაძემ აიღეს. განსაკუთრებით “პატარა ველურას” მოქმედება უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც მატჩის ეპილოგში სამჯერ ეფექტური “სლემ დანქით” დაასრულა საკუთარი გუნდის შეტევა. ამას კვიმსაძის ზუსტი სროლაც მოჰყვა, რამაც მასპინძლებს საშუალება მისცა 74:64 გამარჯვება მოეპოვებინა.
კოტე ტუღუში (“შსს აკადემია”) - “მეტოქემ თავიდან ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და უპირატესობა მოიპოვა. ეს აისახა საკმაო ქულათა მარაგში. დასკვნით მეოთხედში მდგომარეობის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ სრულყოფილად ვერ შევძელით ყველაფრის გამოსწორება. ვეცდებით თბილისში უკეთ ვიასპარეზოთ და მესამე მატჩის გამართვის აუცილებლობა ისევ დადგეს”.
მედეა მხეიძე (“ქუთაისი”) - “ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. მეტოქე ძლიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. “დინამოსთან” მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება უფრო ფასობს, რაც ბიჭებს ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება”.









