ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” განმეორებითი საჩემპიონთალიგო მატჩის წინ Tuttosport-მა ინტერვიუ ჩამოართვა “ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელ ალესანდრო მატრის.
- როგორი განწყობით ხვდებით “ბაიერნთან” განმეორებით მატჩს?
- “პესკარასთან” მძიმე მოგების შემდეგ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ვართ გადართულნი. მიუნხენელებმა შინ მოგებით ნახევარფინალში გასვლის საქმე წინ წაწიეს, მაგრამ გარწმუნებთ – “იუვენტუსს” სრულფასოვანი რევანშის აღება ძალუძს. ფეხბურთში გაცილებით უფრო მეტად მოულოდნელი შედეგები დაფიქსირებულა.
- მიუნხენის მატჩის შემდეგ ფრანც ბეკენბაუერმა ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკა...
- ბეკენბაუერის სიტყვები უტაქტო და უადგილოა. მისმა გამონათქვამმა ჯიჯის გული ვერ გაუტეხა. პირიქით, ბუფონმა ჩვეული სიდინჯით და მშვიდად მიიღო გერნმანელის კრიტიკა. ჯიჯი უდიდესი ფეხბურთელია. მას მესისა და მარადონას დონის მოთამაშედ ვთვლი. მას ყველა აფასებს და უყვარს. ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
- ბოლო ხანს გავრცელებული ცნობით, “იუვენტუსს” ფინანსურად არ ულხინს...
- ეს გადაჭარბებული განცხადებაა. ანტონიო კონტე ფინანსების ეკონომიურად ხარჯვის მომხრეა. ვერ ვიტყოდი, რომ “იუვენტუსი” სუსტადაა დაკომპლექტებული. ბუფონის, ბარძალის, კიელინისა და პირლოს უზარმაზარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, მათ შესაძლებლობებსა და საფეხბურთო კლასზე ჩემი საუბარი საჭირო არაა. “ბიანკონერის” სხვა ფეხბურთელები კი შედარებით ახალგაზრდები არიან და წინ წარმატებული სამოთამაშეო კარიერა ელით.
- სეზონის დასრულების შემდეგ “იუვენტუსიდან” წასვლას ხომ არ გეგმავთ?
- ამაზე არ ვფიქრობ. მირჩევნია “იუვეს” 5 წამყვანი ფორვარდიდან ერთ-ერთი ვიყო, ვიდრე სხვაგან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მქონდეს. სანამ “ბებერი ქალბატონისთვის” სარგებლობის მოტანას შევძლებ, ტურინიდან ფეხს არ მოვიცლი. ყველა მატჩში მინდორზე გასვლა არ მიწევს, თუმცა, ამის მიუხედავად, უზარმაზარ გამოცდილებას მაინც ვიძენ. მე ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, პოპულარული და ავტორიტეტული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახლავართ. შესაძლოა, ჩემი თამაში მაყურებლისთვის დიდად მიმზიდველი არაა, მაგრამ ნებისმიერ მეტოქესა და მცველთან დაპირისპირებისას ოპონენტთა წინააღმდეგობის დაძლევას ვცდილობ. შეუძლებელია ტიფოზები ამას ვერ ამჩნევდნენ.
- გულშემატკივართა ნაწილი “იუვენტუსის” საამსეზონო გამოსვლით მაინც უკმაყოფილოა. როგორ გგონიათ, რაა საამისო მიზეზი?
- კარგად მესმის, ტიფოზები თავდამსხმელებს ყოველთვის რომ გააკრიტიკებენ. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, გააქვთ მათ გოლები თუ “მშრალ სერიას” ატარებენ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – თუკი “იუვენტუსმა” გასულ სეზონში პირველობა მოიპოვა და წლეულსაც სკუდეტოს მოპოვების კარგი შანსი აქვს, ჩვენ ერთგულ მომხრეებს უკმაყოფილების საბაბი ნაკლებად რჩებათ. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მეჩვენება, რომ ფანების გარკვეულ ნაწილს “იუვეს” მაღალი შედეგი არ აწყობს. ორიოდე წლის წინათ ძნელი წარმოსადგენი იყო, “ბიანკონერი” სკუდეტოს რომ დაეუფლებოდა. ჩვენი ჩემპიონობა სასწაული ნაღდად არ ყოფილა, უბრალოდ ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან მოვინდომეთ და გარჯისა და გამარჯვებისკენ ლტოლვის სათანადო შედეგი მივიღეთ. “იუვენტუსის” მიერ სკუდეტოს შენარჩუნება რეალური ამოცანაა, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ოცნება. მის ასრულებამდე კი ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- მიუნხენის “ბაიერნთან” განმეორებით მეოთხედფინალურ პაექრობაში სასურველი შედეგის მისაღებად გულშემატკივართა აქტიურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება...
- ნამდვილად ასეა. ვიმედოვნებ, “ბაიერნთან” შეხვედრისას თავს არა მარტო ფეხბურთელები გამოვიჩენთ, არამედ “იუვენტუს სთედიუმზე” მოსული ნებისმიერი ქომაგი. ფანების იმედი ყოველთვის გვაქვს, მითუმეტეს, ასეთ პრინციპულ მატჩში მათი დახმარება მეტად მნიშვნელოვანია. თუკი ჩვენი ტიფოზები გერმანელებს “ჯოჯოხეთურ პირობებს” შეუქმნიან, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული გახდება.









