სტატიები

19:16 | 11.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი გზაგასაყარზე

ესპანეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით მახაჭყალის “ანჟის” ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება პირენელ დამრიგებელ რაფა ბენიტესთან დაიწყო. ჟურნალისტების მტკიცებით, გუშინ ლონდონში ერთმანეთს ბენიტესისა და დაღესტნური კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ. გეხსომებათ, ჯერ ჯიდევ გასულ თვეში სინიორ რაფამ მასმედიელებს აუწყა, რომ ერთ-ერთი რუსული კლუბიდან მიწვევა აქვს, თუმცა, სლავთა პრემიერლიგაში მუშაობის მაინცა და მაინც დიდი სურვილი არ ამოძრავებს. შესაძლოა, სამუელ ეტო’ოს მსგავსად, ბენიტესიც მახაჭყალელთა მილიონებს დაჰყვეს და “ანჟის” მთავარმწვრთნელობას დაჰყაბულდეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დღეს კი “ვალენსიასა” და “ლივერპულის” ექსდამრიგებლის ამ კლუბებში მუშაობას გავიხსენებთ. ბენიტესს სხვა გუნდებიც დაუმოძღვრავს, ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო სამუშაო “მესტალიასა” და “ენფილდ როუდზე” გასწია.  
...2001 წლის ზაფხულში “ვალენსიადან” ექტორ რაულ კუპერი წავიდა, “ღამურების” ხელმძღვანელობა თავდაპირველად ხავიერ ირურეტას, მანესა და ლუის არაგონესის კანდიდატურებს განიხილავდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც ბენიტესზე შეაჩერა. ბენიტესს “მესტალიაზე”  ცივად შეხვდნენ. ჩვენმა გუნდმა კინაღამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მთავარ მწვრთნელად ეს ვინ დაგვინიშნესო – გაოცებისგან ხელებს შლიდნენ “ვალენსიას” ქომაგები. ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, სულ რაღაც სამწლიანი მუშაობის შემდეგ რაფა ბენიტესი გუნდის ყველა დროის საუკეთესო დამრიგებელი რომ გახდებოდა.
ბენიტესმა ვალენსიაში მოღვაწეობა თამამი გადაწყვეტილებებით დაიწყო. რაფამ “მესტალიის” კერპების მენდიეტას, კლაუდიო ლოპესის (გუნდის ეს ორი გამოკვეთილი ვარსკვლავი ბენიტესს გუნდში არ დახვედრია), კილი გონსალესის, ანგლომას, ფარინოსის, ხერარდის ნაცვლად ბარახაზე, ვისენტეზე, ტორესზე, ალბელდაზე, აიმარზე გააკეთა აქცენტი, გუნდის შეტევითი პოტენციალი გაზარდა, რასაც ხელი დიდად “ტენერიფედან” მისტას გადაყვანამ შეუწყო. ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს კლაუდიო კანისარესს და რობერტო აიალასაც თუ მივუმატებთ, დავრწმუნდებით, “ვალენსია” “დიდი ნახტომისთვის” რომ გაემზადა. შედეგმაც არ დააყოვნა – 31 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა! მართალია, ბევრი გაიძახოდა, ბენიტესს კუპერის მიერ გამზადებული გუნდი დახვდაო, მაგრამ ნებისმიერი ობიექტური და საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანი კარგად ხედავდა, რომ რაფას “ვალენსია” პრინციპულად განსხვავდებოდა არგენტინელი სპეციალისტის გუნდისგან. თანაც, სხვაობა არა მარტო შემადგენლობაში გახლდათ, არამედ “ვალენსიას” ასპარეზობაც კიდევ უფრო დაბალანსებული, სოლიდური და დამაჯერებელი გახდა. სპეციალისტები ბენიტესის “ვალენსიას” თამაშს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის “მილანისას” არცთუ უსაფუძვლოდ ადარებდნენ.
მომდევნო სეზონი წარუმატებელი გამოდგა. “ღამურებმა” მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონ “რეალს” 18 ქულით ჩამორჩნენ. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, “ვალენსიამ” მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც 2 დაძაბული შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე “ინტერი” გაატარა.
2003-04 წლების სეზონი კი რაფა ბენიტესისა და მისი “ვალენსიისთვის” ტრიუმფული აღმოჩნდა. გუნდი ადრეული შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე მეტად ეფექტურ თამაშს აჩვენებდა, რასაც როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე დიდი წარმატება მოჰყვა. პრიმერა დივიზიონში “ღამურებმა” პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა, რასაც უეფას თასის დაუფლებაც მიაყოლეს. კონტინენტის რიგით მეორე საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალამდე “ვალენსიამ” უპრობლემოდ გააღწია, ფინალამდე მიმავალ გზაზე კი მას მედგარი წინააღმდეგობა ჯერ ნაკლებადავტორიტეტულმა თურქულმა “გენჩლერბირლიგიმ” (0:1, 2:0) და “ვილიარეალმა” (0:0, 1:0) გაუწია, გადამწყვეტ მატჩში კი გეტებორგის “ულევის” სტადიონზე ვალენსიელთა პირისპირ მარსელის “ოლიმპიკი” წარსდგა. პირველი ტაიმის მიწურულს Fფაბიენ ბარტეზმა უხეშად ითამაშა, რასაც პენალტი და ფრანგთა კიპერის მინდვრიდან გაძევება მოჰყვა. ვისენტემ თერთმეტმეტრიანი თავხოტორა კიპერის დუბლიორ გავანონს გაუტანა და ცხადი გახდა, “ვალენსია” მოგებას ხელიდან რომ არ გაუშვებდა. ასეც მოხდა, მისტამ 58-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, რაფამ და მისმა ბიჭებმა კი უეფას თასი ჩაიბარეს. ბევრს ეგონა, ბენიტესი კიდევ კარგა ხანს იმუშავებდა “მესტალიაზე” და “ვალენსიას” ბევრ ტიტულსაც მოაპოვებინებდა, მაგრამ...
გუნდს, წესითა და რიგით, მიზანში ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა ამოეღო, თუმცა, რაფა ბენიტესსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის “შავმა კატამ” გაირბინა. კლუბის სპორტულ დირექტორ ხესუს გარსია პიტახსა და პრეზიდენტ ხაიმე ორტისთან მთავარი მწვრთნელი სატრანსფერო და საფინანსო საკითხში ვერ შეთანხმდა, ამასობაში ბენიტესს “ლივერპული” სარფიანი წინადადებით დაუკავშირდა (ესპანელ სპეციალისტს სამჯერ მეტ ჯამაგირს ჰპირდებოდნენ) და რაფამაც მერსისაიდელთა შეთავაზება მიიღო. 2002-03 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ვალენსიამ” “ლივერპულს” “მესტალიასა” და “ენფილდზე” სამი მშრალი ბურთი გაუტანა (ესპანელებმა 2:0 და 1:0 სძლიეს ალბიონელებს)  და ეტყობა, ინგლისურმა გრანდმა სწორედ მაშინ დაადგა თვალი ბენიტესს. “ვალენსიაში სამი დაუვიწყარი წელი გავატარე, ამიტომაც გუნდს გულდამძიმებული ვემშვიდობები”, - ამბობდა განშორებისას თვალცრემლიანი რაფა.
ბენიტესის სადამრიგებლო საქმიანობაში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო. მთავარ მწვრთნელად წარდგენის ცერემონიალზე ბენიტესი ფრთხილობდა, ვერ დაგპირდებით, “ლივერპულს” კვლავინდებურად ევროპის საუკეთესო გუნდად გადავაქცევ, როგორც ეს მეოცე საუკუნის 70-იან წლებში იყო, მაგრამ მწვერვალზე ასასვლელად არაფერს დავიშურებთო. საამისოდ კი რაფამ გარკვეული დრო ითხოვა და დასძინა, დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს გაწევასაც არ მოვერიდებითო.  ბენიტესს “ლივერპულშიც” დაახლოებით ისეთივე სიტუაცია დახვდა, როგორც თავის დროზე “ვალენსიაში” – მერსისაიდელთა რიგებში საკმარისად იყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდებიცა და გამოცდილი ვეტერანებიც. პრემიერლიგაში წარმატებით გამოსვლა კი დიდწილად მაიკლ ოუენის წასვლამ, აგრეთვე, სტივენ ჯერარდის, Mმილან ბაროშის, ჯიბრილ სისეს, დიტმარ ჰამანის ტრავმებმა შეაფერხა. ჩვენს მიერ ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა რამდენიმე თვე გამოტოვეს, ამიტომაც “ლივერპულმა” სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია “ჩელსის”, “არსენალს”, “მანჩესტერს”, გუნდის გულშემატკივრებს კი ამ ტრიოსთან ჩამორჩენაზე არანაკლებად გული იმაზეც დასწყდათ, “ლივერპულს” თანაქალაქურმა “ევერტონმაც” რომ გაუსწრო. “ენფილდზე” ბენიტესის მისვლასთან ერთად გუნდში ესპანურმა კოლონიამ იძალა. მერსისაიდელი ქომაგები ამან შეაშფოთა, თუმცა, ისინი ჯერარდმა დროულად “დაამშვიდა” –“ესპანურ დაჯგუფებაზე” საუბარი უადგილოა, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, რაც ისეთი სასიამოვნო, ინტელიგენტი და დელიკატური ადამიანის დამსახურებაა, როგორიც რაფა ბენიტესიაო. “ენფილდის” პუბლიკისთვის კი ესპანელი ფეხბურთელები მალე “შინაურებად” იქცნენ და პეპე რეინას, ალვარო არბელოას, ალბერტ რიერას, ხაბი ალონსოს, ფერნანდო ტორესის (დავუმატოთ ამ სიას კასტილიურად მოუბარი ხავიერ მასკერანოც) გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო...  
პრემიერლიგისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაში “ლივერპულს” გაუმართლა. ეს სიტყვა შემთხვევით არ გვიხსენებია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მერსისაიდელებმა ძლივს დაძლიეს ავსტრიული “გრაცერ აკ”-ის წინააღმდეგობა (2:0, 0:1). გეხსომებათ, თავის დროზე თბილისის `დინამომ” უფრო იოლად დაძლია ეს ავსტრიული ბარიერი. ჯგუფურ ეტაპზე მერსისაიდელები “მონაკოსთან”, “ოლიმპიაკოსსა” და “დეპორტივოსთან” ერთად მოხვდნენ. ფრანგებთან 2:0 მოგებას  ნაკლებად დამაჯერებელი ასპარეზობა მოჰყვა და საფლეიოფო ეტაპზე გუნდი ძლივს გავიდა. ბოლო ტურში “ლივერპულმა” მხოლოდ მატჩის დასკვნით 10 წუთში გამოგლიჯა მოგება ხელიდან პირეოსურ კლუბს. მერვედფინალში რაფა ბენიტესის გუნდმა შანსი არ დაუტოვა ლევერკუზენის “ბაიერს” (ორივე შეხვედრა 3:1 მოიგო), “კალჩოპოლის” აგორებამდე “იუვენტუსის” ძლევაც “მოასწრო” (2:1, 0:0), ნახევარფინალში კი ჟოზე მოურინიოს “ჩელსისთან” ორი დრამატული მატჩი ჩაატარა. “არისტოკრატებთან” დაპირისპირებისას გადამწყვეტი ლუის გარსიას მიერ განმეორებითი შეხვედრის მეოთხე წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა. ისე კი, გულშემატკივრები დღემდე კამათობენ, გადაკვეთა თუ არა მაშინ ბურთმა ლონდონელთა კარის ხაზი. 2005 წლის 25 მაისი კი ფეხბურთის მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ. სტამბოლში ხომ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დრამატული ჩატარდა. როდესაც შესვენებისას “ლივერპულის” ერთგული ქომაგები დავინახეთ, მათ გამომეტყველებაში სასოწარკვეთა ამოვიკითხეთ. არცაა გასაკვირი – პაოლო მალდინისა და ერნან კრესპოს ორი გოლის წყალობით “მილანი” ხომ 3:0-ს იგებდა. თამაშის განახლებიდან 15-იოდე წუთის შემდეგ კი ანგარიში... 3:3 იყო. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში განსაკუთრებით მერსისაიდელთა პოლონელმა კიპერმა იერჟი დუდეკმა იყოჩაღა და 21 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის უმთავრესმა საკლუბო თასმა კვლავ “ენფილდზე” დაიდო  ბინა.
2005-06 სეზონის დასაწყისში ბენიტესმა მორიგი საშემადგენლო რეფორმა მოახდინა. მან გუნდიდან რამდენიმე ვეტერანი და ესპანელი მოთამაშე გაუშვა, მათ სანაცვლოდ კი რეინა, ზენდენი, აგერი და კრაუჩი მიიყვანა.  ამას პრემიერლიგის კიბეზე ორი საფეხურით მაღლა აბობღება და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის დაპატრონება მოჰყვა. მომდევნო წელს ცვლილებები ნაკლებად მოხდა, “ლივერპულმა” კი მესამე პოზიცია შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უწია. რაფა ბენიტესის გუნდმა ამ ტურნირზე რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც უპირველესად “ბარსელონასა” და “ჩელსისთან” პაექრობები უნდა გამოვარჩიოთ. კატალონიელებს მერსისაიდელებმა “კამპ ნოუზე” გატანილი გოლის უპირატესობით სძლიეს (1:2, 1:0), ლონდონელები კი პენალტებიის სერიით დაჩაგრეს. სწორედ მაშინ იტყვის მოურინიო, მე ყველა მატჩში გუნდს მიზნად მოგებას ვუსახავ, რის გამოც ფეხბურთელები გვარიანად იღლებიან, ბენიტესის ბიჭები კი სეზონში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას ატარებენ სრული მონდომებით, ამიტომაც გვიჭირს მათ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიო. 2007 წლის ათენის სალიგო ფინალი კი სტამბოლის გადამწყვეტი პაექრობის “ასლი” იყო, ოღონდ, ამჯერად “მილანმა” მოპოვებული უპირატესობა (პიპო ინძაგის ორ გოლს “ლივერპულმა” დირკ კუიტის ერთადერთი ბურთით უპასუხა) არ გაანიავა და რევანშიც აიღო.
2007 წლის ზაფხულში შემადგენლობის როტაციის მოყვარულმა რაფა ბენიტესმა მორიგი ცვლილებები განახორციელა. მან გუნდიდან ფაულერი, სისე, ლუის გარსია, დუდეკი დაითხოვა, მათ სანაცვლოდ კი ბაბელი, Fფერნანდო ტორესი, ბენაიუნი და ვორონინი მიიყვანა. ჩემპიონატის მსვლელობისას “ლივერპული” გათამაშების ცხრილს სათავეშიც კი ედგა, მაგრამ ბენიტესის გუნდმა არათუ ლიდერობა შეინარჩუნა, ბოლო ორი წლის შედეგი გააუარესა და პრემიერლიგის მარათონი მეოთხე პოზიციაზე მყოფმა დაასრულა. უკან დაიხია “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაშიც – წინა გათამაშების ფინალისტს აბრამ გრანტის “ჩელსიმ” ნახევარფინალში პენალტების სერიით მოუგო. ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას საუბრობდნენ, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელები რაფა ბენიტესს გაუშვებდნენ, თუმცა, მას კიდევ ერთხელ მისცეს შანსი და მერსისაიდელებსაც მცირედი დააკლდათ საჩემპიონო ტიტულამდე. პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში “ლივერპულმა” “მანჩესტერსა” და “ჩელსის” შინ და გარეთ წყვილ-წყვილად მოუგო, არც “არსენალთან” დამარცხებულა და რომ არა საკუთარ “ენფილდზე” რამდენიმე გაუთვალისწინებელი დანაკარგი... გუნდმა ნოემბერ-დეკემბერში შინ ზედიზედ სამი ფრე ითამაშა “ფულჰემთან”, “ვესტ ჰემსა” და “ჰალთან” და ექვსი დასანანი ქულა დაკარგა, 38 ტურში კი “მანჩესტერმა” მერსისაიდელებზე მხოლოდ 4 ქულით მეტი დააგროვა.
2010 წლის ივნისში რაფა ბენიტესი მილანის “ინტერის” მთავარმწვრთნელად დაინიშნა, “ნერაძურის” ჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, წლის მიწურულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, თუმცა, დეკემბერში სანსიროელთა დამრიგებლობიდან მაინც გაათავისუფლეს. ამის მიზეზი “ინტერის” საშინაო ასპარეზზე წარუმეტებელი გამოსვლა გახლდათ. მას შემდეგ, ავტორიტეტული ესპანელი სპეციალისტი შესაფერისი წინადადების მოლოდინშია...


   გოჩა კაჭარავა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097412