ეს სახელი და გვარი სპორტის ქართველ ქომაგებს ჯერ არაფერს ეუბნება, მაგრამ ყველა წინაპირობაა იმისა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ყველამ, ყოველ შემთხვევაში ქართული რაგბის ქომაგებმა კარგად გაიცნონ.
თედორაძეებს სპორტული ოჯახი აქვთ - ბაბუა ელგუჯა ფეხბურთელი იყო, მამა თენგიზი ჯერ ცნობილი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაულში), ხოლო შემდგომში “ბრძოლა წესების გარეშე”-ში გამოდიოდა და პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლა ჩაატარა. შუალედში მან სამოყვარულო დონეზე რაგბი ითამაშა და “დაემართა” ის, რაც ამ ვაჟკაცური სპორტისთვისაა დამახასიათებელი - მას ორი ვაჟი ჰყავს და ერთი უკვე რაგბის თამაშობს, მეორე კი, ჯერ ფეხბურთით ერთობა და მალე, დიდი ალბათობით, უფროსი ძმის კვალს გაჰყვება.
თორნიკე თედორაძე საქართველოში კი დაიბადა, მაგრამ 4 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა და უკვე 12 წელიწადია იქ ცხოვრებს. ის Prince Henry Gramman School-ის კოლეჯში სწავლობს და Leeds Carnegie-ს ახალგაზრდული სარაგბო კლუბის ღირსებას იცავს. მან რაგბის თამაში 12 წლის ასაკში დაიწყო, ორი წლის შემდეგ 13-კაცა რაგბში, “შეფილდის არწივებში” გადაინაცვლა, რადგან ეს კლუბი მის ქალაქში, სახლთან ახლოს იყო, მერე კი, კვლავ ლიდსიდან დაუკავშირდნენ და თორნიკეც 15-კაცა რაგბს და ძველ კლუბს დაუბრუნდა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ჯერ 16 წლისაა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობს, რადგან მისი მშობლები სხვა ქალაქში არიან, კოლეჯი და გუნდი კი სხვა ქალაქშია. ამასთან, ის ასაკთან შედარებით ფიზიკურად დიდია (180 სანტიმეტრია და 96 კგ-ს იწონის) და ერთი წლით უფროსი ასაკის გუნდში და ჩემპიონატში თამაშობს.
ინგლისური სარაგბო სკოლის აღზრდილი მორაგბე სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს რომ წაადგება ცხადზე ცხადია. იმედია, მას უცხოტომელების სახელით არ მოუწევს გარჯა და მალე “ბორჯღალიან” მაისურს მოირგებს, ახლა კი, თავად თორნიკეს მოვუსმინოთ.
თორნიკე თედორაძე: 4 წლის ვიყავი საქართველოდან რომ წავედი და მას შემდეგ აქ მხოლოდ მესამედ ჩამოვედი. ამიტომ ქართულად გამართული საუბარი მიჭირს და ამისთვის ბოდიშს გიხდით.
- გასაკვირი ის უფროა, ქართულად საერთოდ რომ საუბრობთ.
- ბებია და ბაბუა, დედა და მამა სულ იმას მეუბნებიან, რომ მე ქართველი ვარ და ტრადიციები არ უნდა დავივიწყო. ინგლისში ქართულად საუბარი მხოლოდ ოჯახში მიწევს, სახლში სხვა ენაზე არასდროს ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა, როდესაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი, ქართულად საუბარი არ მიწევს და ცოტა გამიჭირდა.
- რაგბით როდის დაინტერესდით?
- თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ სპორტის ეს სახეობა არ მომეწონა. მერე მამამ სახლთან ახლოს სარაგბო კლუბში შემიყვანა, სადაც მეგობრები გავიჩინე და რაგბიც შევიყვარე. იქ “შეფილდის არწივების” მწვრთნელებმა მნახეს და 13 წლის ვიყავი, როდესაც ამ კლუბის 15-წლამდელთა გუნდში მიმიწვიეს. ერთი სეზონი იქ გავატარე, მერე უფრო კარგ გუნდში გადასვლის შანსი გამოჩნდა და ასე აღმოვჩნდი ლიდსში, სადაც კვლავ 15-კაცა რაგბს დავუბრუნდი.
- სპორტის გამო სხვა ქალაქში სიარული არ გაგიჭირდა?
- თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ სექტემბრიდან ლიდსში დავსახლდი და ამის პრობლემა აღარ მაქვს, ოღონდ, ახლა დამოუკიდებლად მიწევს ცხოვრება. თავიდან ოჯახისგან მოშორებით ყოფნამ პრობლემები შემიქმნა, მაგრამ ახლა მივეჩვიე და ყველაფერი კარგადაა.
- რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- რაგბის თამაში რომ დავიწყე, 8 ნომერი ვიყავი, მაგრამ ახლა პოზიცია შემიცვალეს, პირველ ხაზში გადამიყვანეს და 3 ნომერი ვარ. პირადად მე მე-3 ხაზი უფრო მომწონს, უფრო მეტად გიწევს თამაში. ძალიან მიყვარს როცა ვუტევ და კონტაქტში შევდივარ. ამის გაკეთება მესამეხაზელს უფრო ხშირად უწევს და ჩემი საყვარელი პოზიციაც უფრო ესაა, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელები იღებენ და მეც მათ სიტყვას ვემორჩილები.
- რითი ჯობნი ამ პოზიციის სხვა მორაგბეებს?
- ამის შესახებ მწვრთნელები მესაუბრებიან და მათი თქმით, ჩემს კონკურენტებს გუნდში იმით ვჯობნი, რომ უფრო სწრაფი ვარ, ბევრს ვმოძრაობ და დიდ სამუშაოს ვასრულებ. ისინი უფრო მძიმეები არიან და მოძრაობა უჭირთ. ამასთან, ბურთსაც კარგად ვინახავ. როდესაც მოწინააღმდეგესთან კონტაქტში შედიხარ და ქვევით მიდიხარ, ამით შენი სამუშაო არ სრულდება, საჭიროა, ბურთი კარგად გამოიტანო უკან და ის შენ გუნდს დარჩეს. როგორც ამბობენ, ეს კარგად გამომდის.
- საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპულ ტურნირებში თითქმის ყველა თამაშს იგებს, მაგრამ უკვე 18 წლის ასაკში, იმავე გუნდებთან დიდი ანგარიშით მარცხდება. რაშია ინგლისური გუნდების წარმატების საიდუმლო?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მწვრთნელები დიდ ყურადღებას უთმობენ თეორიულ მეცადინეობას. მოგებული თამაშის შემდეგაც კი, სათითაოდ ყველა მოთამაშეს გვიხსნიან ყველა დეტალს, რა დროს რა არ უნდა გაგვეკეთებინა და როგორ ჯობდა ამა თუ იმ ეპიზოდში მოქმედება. როდესაც მოედანზე ხარ და თამაშობ, ყოველივე ამას ვერ ხედავ და მიგაჩნია, რომ სწორედ მოიქეცი, მაგრამ როცა უკვე შორიდან უყურებ შენ თამაშს და მწვრთნელი გეხმარება, შეცდომებს ხედავ, აანალიზებ და ცდილობ, მომავალში იგივე არ გაიმეორო.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში კონტროლის ქვეშ ვართ - გვაკვირდებიან როდის ვიძინებთ, როდის და რას ვჭამთ, როგორ ვვარჯიშობთ. გვასწავლიან იმას, თუ რომელი ვარჯიშის შესრულება როდისაა უმჯობესი. მაგალითად, ყოველთვის მეგონა, რომ დილით სირბილი კარგია, მაგრამ მწვრთნელებმა გვითხრეს, რომ სირბილი ყველაზე კარგი საღამოს, 6 საათის შემდეგ ყოფილა. დღის განმავლობაში უმეტესად თეორიულად, ან მსუბუქად ვვარჯიშობთ და ფიზიკური დატვირთვები საღამოობით გვაქვს. მთელი კვირა წინასწარაა გაწერილი, როდის ვისვენებთ, როდის გვაქვს სამჯერადი ვარჯიში, რომელ დღეს ჩაგვიტარდება მხოლოდ თეორიული მეცადინაობა და როდის რა უნდა ვჭამოთ.
- ყველაზე მეტად რას ექცევა ყურადღება, თეორიულ მეცადინებას, სისწრაფეზე ვარჯიშს, ფიზიკურ მომზადებას...
- ყველაფერს თანაბრად, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად ბევრს თეორიულად ვმეცადინეობთ. იქ ასეა და მეც ასე ვფიქრობ, თუ ტვინი არ გაქვს, მოედანზე ნული იქნები. სწრაფად უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ გჭირდება სისწრაფე და ძალა, რათა ის განახორციელო.
- რომელ ადგილზეა თქვენი გუნდი და პირადად თქვენ რამდენ თამაშში მიიღეთ მონაწილეობა?
- ლიდსის უფროსთა გუნდი ინგლისის მე-2 დონის ტურნირში - “ჩემპიონშიპში” გამოდის, მაგრამ ჩვენ ასაკობრივ ჯგუფში უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ და პირველი წრის შემდეგ მე-3 ადგილზე ვართ. ტვინის შერყევის გამო, ორი თამაშის გამოტოვება მომიწია, დანარჩენ შემთხვევებში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი, მაგრამ ლელო ჯერ არ გამიტანია.
- სხვა ქართველი მორაგბეები თუ იცით, რომლების ახლა ინგლისში არიან და იქაურ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობენ?
- არა, მაგრამ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა: ჩვენ გლოსტერში გვქონდა თამაში და როდესაც შინ ვბრუნდებოდით, ავტობუსში ვიჯექით, დავინახე მორაგბე, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისური ეცვა. ინგლისელი ჩვენი ქვეყნის მაისურს რატო ჩაიცმევდა? ალბათ, ის ბიჭი ქართველი იყო, მაგრამ სამწუხაროდ გასაუბრება ვერ მოვახერხე.
- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ უყურებ?
- თუ არის გადმოცემა და ყურების საშუალება, აუცილებლად. ახლახანს საქართველოს ნაკრების ორ თამაშს ვუყურე იაპონიასთან და ფიჯისთან. შარშან მსოფლიო თასზე ვნახე ქართველების გამოსვლა. ყველაზე საინტერესო საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების თამაში გამოდგა, რომელსაც იქაურ მეგობრებთან ერთად ვუყურე. სამწუხაროდ, დავმარცხდით და მათ უფრო გაიხარეს.
- რას იტყვი საქართველოსა და ინგლისის ნაკრების თამაშზე?
- ვფიქრობ, ფიზიკურად საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა, მაგრამ ინგლისელები უფრო დიდხანს არიან ერთად, უფრო მეტხანს ჰქონდათ ბურთი, სწრაფად შლიდნენ შეტევებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ წავაგეთ. თუ ქართველები უფრო დიდ დროს გაატარებენ ერთად და სწრაფად ითამაშებენ ბურთით, მაშინ, ვფიქრობ, მეტის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ.
- საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრებიდან რომ მიიღო მიწვევა თუ ითამაშებ?
- რა თქმა უნდა, ოღონდ აქ ერთი პრობლემაა - შეკრება სწავლის პერიოდს არ უნდა დაემთხვეს. მთელი ცხოვრება რაგბს ვერ ვითამაშებ და ამიტომ, განათლებასაც უნდა მივხედო. მამა სულ მეუბნება, რომ საქართველოს ნაკრებში უფრო გულიანად ვითამაშებ, ვიდრე ინგლისისაში და თუ შანსი მომეცემა, მას აუცილებლად გამოვიყენებ.
- მამა რა როლს თამაშობს თქვენს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში?
- ძალიან დიდს. იყო მომენტები, როდესაც ვაჯიშის არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ მეუბნებოდა, დამიჯერე, ამას რომ გააკეთებ მერე უკეთესად იქნებიო და ყოველთვის მართალი იყო. მან ახლაც გამომატანა ინდივიდუალური ვარჯიშების პროგრამა, რომლის მიხედვითაც აქ ვემზადები. მსურდა 9 იანვრამდე, ანუ ჩემს ინგლისში გამგზავრებამდე რომელიმე აქაურ გუნდში მევარჯიშა, მაგრამ ყველა ისვენებს და ჯერ ეს ვერ მოვახერხე.
- თქვენ პატარა ძმაც გყავთ.
- დიახ, ის ახლა 9 წლისაა, კრივსა და ფეხბურთზე დადის. მეკარეა, მაგრამ მამას უნდა, რომ ჩემსავით რაგბიზე შეიყვანოს.
- რომელია თქვენი საყვარელი ნაკრები?
- უპირველესად საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მერე ახალ ზელანდიას და მე-3 ადგილზეა ინგლისი. ახლა ინგლისის ნაკრებს კრიზისი აქვს, რადგან მწვრთნელი შეიცვალა და გუნდის შესათამაშებლად დრო ჭირდება. მართალია, ინგლისელებმა ბოლო თამაშში ახალი ზელანდია დაამარცხეს, მაგრამ იქ უფრო ზელანდიელებმა ვერ ითამაშეს და ამის გამო წააგეს.
- საყვარელი მორაგბე?
- ყველაზე დიდ პატივს ჯონა ლომუს ვცემ. მის შეჩერებას სამი-ოთხი კაცი ჭირდებოდა და როდესაც კონტაქტში შედიოდა მოწინააღმდეგე ფეხზე ვერ რჩებოდა, რაც ძალიან მხიბლავს. მოქმედი მორაგბეებიდან რიჩი მაკქოუს ვაფასებ. მართალია ის ფიზიკური მონაცემებით სხვებისგან არ გამოირჩევა, მაგრამ ყველაფერს სწორად აკეთებს და ეს მომწონს.
- წარმატებას და მალე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.
ზურა ქსოვრელი









