კალათბურთი

18:57 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია კაზანჯიანი: “სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში ჩარევას არ ვაპირებ”

 

მართალია, საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთ თვეზე ცოტა ნაკლები რჩება, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გუნდის 20-კაციანი გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მეოთხედფინალურის სერიის დასრულების შემდეგ მედლებისთვის ბრძოლას რეგულარული პირველობის ჩემპიონი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამრჯვებული “ოლიმპი” საქართველოს თასის მფლობელი “შსს აკადემია”, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “არმია” და ბრინჯაოს მედლის მფლობელი “ქუთაისი-2010” შემორჩნენ. ამ გუნდებიდან “ოლიმპი” “არმიას”, ხოლო “შსს აკადემია” “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდება.

“მსოფლიო სპორტი” “ოლიმპის” მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს ესაუბრა.

-    “ოლიმპს” მეოთხედფინალურ სერიაში პლეი ოფის ყველაზე სუსტი გუნდი თსუ ერგო, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა და მეტოქე დამატებითი შეხვედრის გარეშე 2:0 დაამარცხა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიაზე” რას გვეტყვით, რომელიც “ოლიმპს” ნახევარფინალში დაუპირისპირდება?

-    მართალია, “არმიამ” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ერთბაშად ხუთი წამყვანი კალათბურთელი (კურტის მილიჯი, დამეინ ვილსონი, მარკუს ფეისონი, იოაკიმ შელბომი, ვლადიმერ ბოისა) მოისაკლისა და მხოლოდ ორი სპორტსმენი, უთამაშებელი ვახტანგ მინაშვილი და “შსს აკადემიას” ყოფილი წევრი ბესიკ ლეჟავა დაიმატა, მაგრამ გუნდი მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ამის დასტურად მეოთხედფინალური მატჩების სერიაც საკმარისია, სადაც “არმიამ” 4 ლეგიონერით (ლამარ კარიმი, ფლინ კლაიმენი, ქეიონ კარტერი, მილან ოლუიჩი) გაძლიერებული “დინამო” დაამარცხა.

-    თქვენს გუნდში რა სიტუაციაა?

-    თუ არ ჩავთვლით ტატო თავართქილაძეს, თავს ყველა კარგად გრძნობს და ნახევარფინალური მატჩების სერიისთვის ვემზადებით.

-    თავართქილაძეს რა სჭირს?

-    გრიპის ვირუსი აქვს და დროებით ვერ ვარჯიშობს.

-    “ოლიმპის” ახალწვეულ დარენ მორის შესახებ რას გვეტყვით?

-    მართალია, მორი რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავიმატეთ, მაგრამ მან თსუ-სთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია, მომდევნო შეხვედრებშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

-    “ოლიმპისა” და “არმიას” ფინალში გასვლის შანსს როგორ აფასებთ?

-    თითოეულ მათგანს ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს.

-    ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ დასახელებული გაფართოებული სიის შესახებ რას გვეტყვით? თქვენი აზრით, ვინც იმსახურებდა ყველა მოხვდა სამწვრთნელო შტაბის მიერ დასახელებულს 20-კაციან სიაში?

-    ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში ჩარევას არ ვაპირებ.

-    მაშინ საქართველოს 16 წლამდე ნაკრების შესახებ გკითხავთ, რომლის მთავარი მწვრთნელიც ბრძანდებით. როგორი თაობა მოდის?

-    არის რამდენიმე პერსპექტიული კალათბურთელი, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან და არ მინდა დათვური სამსახური გამომივიდეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103414