ინტერვიუები

16:23 | 5.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ბარსელონასთან” ჭიდილი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს”

7 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი “ელ კლასიკო” გაიმართება - “ბარსელონა” “რეალს” დაუხვდება. ამ გუნდების დაპირისპირებისადმი ინტერესი მუდამ ძალიან დიდია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.
“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მომავალ მატჩზე ინტერვიუ BBein Sport TV-ს მისცა და საკუთარი გუნდის პერსპექტივები განიხილა.
- რა განსხვავებაა შარშანდელ “რეალსა” და ამჟამინდელს შორის, რომელმაც მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო?
- უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ შარშან არ ვიყავით ჩემპიონები, წელს კი, მოქმედი გამარჯვებულები ვართ. ჩემი აზრით, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშება არცთუ წარმატებულად სწორედ ამის გამო დავიწყეთ. თუ შეგიძლია უმაღლეს დონეზე ითამაშო სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაზე, რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება ლა ლიგაზე? ესეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება.
- სულ მალე “კლასიკო” გელით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს თამაში?
- “ბარსელონასთან” მუდამ დიდი სიხარულით ვთამაშობთ. ეს დაპირისპირება დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებას ანიჭებს მოწინააღმდეგესაც. სწორედ ამიტომ, “კლასიკო” მუდამ უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მატჩი ლა ლიგაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფეხბურთზე შეყვარებულები “რეალისა” და “ბარსელონას” თამაშისას ყველაფერს თავ ანებებენ და მხოლოდ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. სტატისტიკამ ცხადყო, რომ ესპანეთის სუპერთასის თამაშებმა უფრო მეტი მაყურებელი მოიზიდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთმა შეხვედრამ. თუმცა, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და “კლასიკო” იგივე სამი ქულისთვის ბრძოლაა, ისევე როგორც დანარჩენი მატჩებისას. კვირას პრიმერა დივიზიონის ერთი ჩვეულებრივი მატჩი გაიმართება უშუალო კონკურენტებს შორის, რომლის შედეგადაც ერთი გუნდის მიერ სამი ქულის აღება, მეორის უქულოდ დარჩენის ტოლფასი იქნება.
- რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად? რომელი გზა მოინიშნეთ?
- ყველაფერი მცირედ დეტალებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ წინა სეზონში “ჩელსი” სულაც არ იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მან მოიგო. ამან ძალიან გამახარა, რადგან ნაწილობრივ მე “ჩელსის” ფერები მმოსავს. იმისათვის, რომ ჩემპიონთა თასის მოგებაზე იფიქრო, უწინარესად მეოთხედფინალამდე, ან ნახევარფინალამდე უნდა გააღწიო. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი საბოლოო წარმატებაზე. ჩვენ გვსურს თასის მოგება, მაგრამ წარმოუდგენლად რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც თამაშობენ ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის და ჰოლანდიის ჩემპიონები.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დაბრუნდებით ინგლისში?
- ბედნიერი ვარ და მსურს ვიმუშაო იქ, სადაც ახლა ვიმყოფები. “რეალთან” კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე - ეს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალია. ინგლისსა და იტალიაში მუშაობის შემდეგ, ჩემს კარიერას სწორედ “რეალი” აკლდა. ახლა აქ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვაჩვენო. ყველამ იცის, რომ მე და ჩემი ოჯახი თავს ბედნიერად ვგრძნობდით ლონდონში და რაღა თქმა უნდა, ოდესღაც იქ კიდევ დავბრუნდები. იმიტომ, რომ მსურს მრავალი წლის განმავლობაში ვიყო მწვრთნელი და ასე დიდი ხნით მადრიდში გაჩერება ძალიან რთული იქნება.
- როგორ აკეთებთ არჩევანს ბენზემასა და იგუაინს შორის? რა აქვს ერთს ისეთი, რაც არ გააჩნია მეორეს?
- ბენზემა მოედანზე ისე მოძრაობს, როგორც თევზი წყალში. მე ის შემიძლია დავაყენო როგორც 9, ასევე, 10 ნომრად. ის მოძრავი ფეხბურთელია. იგუაინი უფრო კლასიკური სტილის ფორვარდია, რომელიც მომენტის დასაგვირგვინებლადაა შექმნილი. მე ორივე მჭირდება. მათ შორის სათამაშო დროის გადანაწილება იოლი საქმე არაა. ყოველ ჯერზე უნდა ჩავატარო მომავალი მატჩის ანალიზი ჩემი ფორვარდების თვისებებიდან გამომდინარე, გავითვალისწინოთ მეტოქის ტაქტიკა და შევარჩიოთ საკუთარი სტილი უშუალოდ თამაშისთვის. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვაკეთებ საბოლოო არჩევანს.
- პსჟ არ გიზიდავთ? დათანხმდებოდით საფრანგეთში მუშაობას?
- მეხუთე ქვეყნის ჩემპიონობა შესაძლოა, ჩემთვის მოტივაცია ყოფილიყო. პსჟ მზარდი, ხარისხიანი პროექტია, სადაც ანჩელოტი და ლეონარდო მუშაობენ. არა მგონია, ამ ეტაპზე პარიზის კლუბი ჩემდამი ინტერესს იჩენდეს.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098496