ინტერვიუები

17:33 | 6.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ჯგუფის გუნდებს რისკზე წასვლა გვიწევს”

დღეს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მეტად პრინციპული შეხვედრა ჩატარდება. 2 კვირის წინ მადრიდის “რეალმა” დორტმუნდში, იქაურ “ბორუსიასთან” 1:2 წააგო და ამჯერად მხოლოდ მოგება აწყობს. კასტილიელთა პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელიჟოზე მოურინიო ურთულეს პაექრობას ელის და საერთოდაც, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად თვლის.

- ორშაბათს “რეალმა” კანტერას ახალი რეზიდენციის პრეზენტაცია მოაწყო. სტუმართა შორის არ იყავით. კლუბის ხელმძღვანელებმა არ დაგპატიჟეს?
- დაპატიჟებული ვიყავი, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე. ამის თაობაზე ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩავაყენე. მთლიანად დორტმუნდის “ბორუსიასთან” საჩემპიონთალიგო მატჩზე ვარ გადართული და საქმისთვის გაცილებით უკეთესია, მთლიანად გუნდის მზადებაზე რომ ვარ ორიენტირებული. ვიცოდი, ჩემი არყოფნა ათასგვარი მითქმა-მოთქმის საბაბი რომ გახდებოდა, მაგრამ უპირველესად, “რეალის” ინტერესზე ვფიქრობ და ვზრუნავ. ისე კი, პრეზენტაციას რომ დავსწრებოდი, იტყოდნენ, სამშაბათს ასეთი უნიშვნელოვანესი შეხვედრაა, მოურინიო კი სად დადის, საჩემპიონთალიგო შეხვედრაზე არ ზრუნავსო.
- მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებისგან სრულ მხარდაჭერას გრძნობთ?
- ეს ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს თემა არაა და მოდით წმინდა საფეხბურთო ამბებზე ვისაუბროთ.
- თქვენ მხოლოდ პირველი გუნდის შედეგზე გეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ კლუბის ყველა კოლექტივის თამაშზე აგებთ პასუხს?
- მხოლოდ მადრიდის “რეალის” პირველ გუნდზე ვაგებ პასუხს.
- ბილეთების გაყიდვის დინამიკას თვალს თუ გადავავლებთ, დორტმუნდელებთა მატჩის დროს “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნები არ შეივსება. კლუბის მესვეურებს თუ ესაუბრეთ, ამგვარი პრინციპული ასპარეზობების წინ მაყურებელი როგორ უნდა მიიზიდოთ სტადიონზე?
- მოგეხსენებათ, მთელ ევროპასა და კონკრეტულად ესპანეთში ეკონომიკური კრიზისია. აი, ამაზე კი პასუხს ნუ მომთხოვთ.
- კარიმ ბენზემა როგორ მდგომარეობაშია?
- მას კუნთების პრობლემა აქვს და დორტმუნდელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
- მეტოქის მხრიდან ყველაზე მეტად რას უფრთხით?
- მთლიანად დორტმუნდის “ბორუსიას” ვუფრთხი. ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ გერმანიის ბუნდესლიგა დამაჯერებლად მოიგო და სადღეისოდ ჩვენ ჯგუფს ლიდერობს. კლოპს მძლავრი გუნდი ჰყავს, ფეხბურთელები კი სწრაფები და შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელები არიან. თუკი დორტმუნდელები პლეი ოფში გავლენ, ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატად ჩავთვლი.
- ჯგუფში შექმნილ მდგომარეობას რა კომენტარს გაუკეთებთ?
- ძალიან მძიმე მოწინააღმდეგეები გვერგო. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველ მოპოვებულ ქულას, დაკარგული კი შესაძლოა მეტად ძვირად დაგვიჯდეს. ოთხივე გუნდს რისკზე წასვლა გვიწევს. სადღეისოდ “რეალსა” და “დორტმუნდს” ოდნავ უკეთესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ “მანჩესტერ სიტი” გულხელდაკრებილი არაა და სიტუაციის მისთვის სასიკეთოდ შეცვლას შეეცდება. ყველანი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ. ყოველმხრივ შევეცდებით, სამშაბათს ქულა არ დავკარგოთ.
- რას ეტყვით მატჩის დაწყებამდე ლუკა მოდრიჩს, რათა მან გაუმართლებელ სიტუაციებში ბურთი აღარ დაკარგოს?
- ზუსტად იგივეს, რასაც მაიკლ ესიენს, ჩაბი ალონსოს ან სამი ხედირას.
- ზინედინ ზიდანს სამომავლოდ რას უსურვებთ?
- ვიმედოვნებ, ზიდანი კვლავაც ბედნიერი ადამიანი იქნება. სამომავლოდ მას ისეთსავე წარმატებას ვუსურვებ, როგორიც სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში ჰქონდა.
- პეპ გვარდიოლას მსგავსად, თქვენც ხომ არ აპირებთ სადამრიგებლო ტაიმ აუტის აღებას?
- ამგვარ იდეას ჩემ გონებაში არასდროს გაუელვებია. ცხადია, პოპულარობას თან არასასურველი მომენტებიც სდევს. მაგალითად, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ბავშვებს სკოლაში ვერ ვაკითხავ. ეს ზედმეტ და არასასურველ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. რა გაეწყობა, ყველაზე კარგ საქმესაც კი თავისი ნეგატიური მომენტები ახლავს. სამაგიეროდ, იმ პროფესიას ვემსახურები, რომელსაც ჩემთვის სიხარული და აღმაფრენა მოაქვს.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098339