ფეხბურთი

17:21 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “მოითმინეთ, სეზონის დასრულებამდე დიდი დრო არაა”

 ბოლო ხანს არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ფინიშის შემდეგ ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალს” დატოვებს და დასავლეთლონდონის “ჩელსის” დაუბრუნდება. ესპანელმა ჟურნალისტებმა ამ ინფორმაციის დადასტურება პირველწყაროდან სცადეს, თუმცა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ დადასტურებით არაფერი უთხრა და განუცხადა, სეზონის დასრულებამდე პირადად ჩემგან ვერაფერს შეიტყობთო.

 - სეუ ჟოზე, პირდაპირ გვითხარით, მადრიდის “რეალიდან” მიდიხართ?

- სეზონის დასრულების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას “რეალის” პრეზიდენტსა და ჩემ პირად აგენტთან ერთად მივუჯდები და ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, მეგობრული საუბარი გამოვა და მისი დასრულების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მოითმინეთ, სეზონის დასრულებამდე დიდი დრო არაა. ჯერჯერობით პრიმერა დივიზიონის დასკვნით 5 მატჩსა და ესპანეთის “სამეფო თასის” ფინალზე ვფიქრობ.

- პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, დარჩებით?

- აკი გითხარით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია. როდესაც ყველაფერს გავარკვევ, ცინცხალ ინფორმაციას პირველებს მეუღლესა და შვილებს გავუმხელ.

- “სანტიაგო ბერნაბეუდან” თქვენი აბარგების თაობაზე ესპანურ თუ ევროპულ გაზეთებში ყოველდღიურად ბევრი იწერება. ეს მუშაობაში ხელს არ გიშლით?

- არა. ეს ნებისმიერი კლუბის მთავარი მწვრთნელისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. პარიზში საუბრობენ იმის თაობაზე, რომ სეზონის დასრულებისთანავე პსჟ-დან კარლო ანჩელოტი წავა. მიუნხენის “ბაიერნს” ბრწყინვალე სეზონი აქვს, მის დამრიგებელ იუპ ჰაინკესს კი ივლისიდან პეპ გვარდიოლა შეცვლის. სავარაუდოდ, “მანჩესტერ სიტი” რობერტო მანჩინის შეელევა, “ჩელსი” კი რაფა ბენიტესს. ევროპის ბევრი წამყვანი კლუბი ანალოგიურ ვითარებაშია. ჩვენ, მწვრთნელებს კი საკუთარი საქმისადმი ერთგულება გვმართებს. მთავარია, ნებისმიერ მდგომარეობაში ჩავარდნილებმა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა მოვახერხოთ. პირადად ჩემთვის მადრიდის “რეალის” დამრიგებლობა ერთდროულად უდიდესი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ცხადია, ამჟამად მთლად კარგ გუნება-განწყობაზე არ ვარ. რამდენიმე დღის წინ ხომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება გრძელდება და ჩვეულ სამუშაო რიტმში განვაგრძობთ საქმიანობას.

- პრესის მხრიდან ზეწოლას გრძნობთ?

- არა, არ ვგრძნობ. მწვრთნელის პროფესია სპეციფიკურია და თუკი, სხვის გამონათქვამებსა და შეფასებებზე იფიქრე, წარუმატებლობას თავიდან ვერ აიცილებ. ეს ნებისმიერი დამრიგებლისთვის გასათვალისწინებელი პოსტულატია. ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც სადღეისოდ მწვრთნელად მუშაობენ, მარწმუნებენ, რომ მოთამაშეობა დამრიგებლობასთან შედარებით გაცილებით იოლია. ამიტომაც ჩემ ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თამაშისგან სიამოვნების მიღებას მაქსიმალურად შეეცადონ. ფეხბურთელის პროფესია ხანგრძლივი არაა.

- არ გსურთ “რეალში” დარჩენა და “ბლანკოსთან” ერთად “დესიმას” მოგება?

- მხოლოდ ერთს გეტყვით – ძალიან მინდა მადრიდის “რეალმა” “დესიმა” შეასრულოს. “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვაგებინე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როდესაც ლონდონელებმა ეს უჩემოდ, შარშან მოახერხეს. ყოველთვის ვქომაგობ იმ გუნდებს, რომლებშიც მიმუშავია. ვიმეორებ – გამიხარდება, თუკი “რეალი” “დესიმას” უჩემოდ მოიგებს.

- ახლო წარსულს რომ გადახედოთ, რას შეცვლიდით იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ?

- უფრო აქტიურად ვიმუშავებდი და მეტ სიმკაცრესაც გამოვიჩენდი. აუცილებლად უფრო ადრე მოვიწვევდი გუნდში დიეგო ლოპეს.

- დავუშვათ და სეზონის დასრულების შემდეგ “რეალი” დატოვეთ. თქვენ აქტივში ერთი საჩემპიონო ტიტული, ერთი ან ორი “სამეფო თასი” და ერთიც ესპანეთის სუპერთასი იქნება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაწეულ სამუშაოს წარმატებულად ჩათვლით?

- “რეალს” ქვეყნის თასი 20 წლიანი პაუზის შემდეგ მოვაგებინე. “სამეფო თასის” დაუფლება ადვილი საქმე არაა. არც ესპანეთის სუპერთასია იოლად მოსაგები და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამჯერ გასვლაც ურთულესია. აგიხსნით რატომაც. ტოშაკი, დი სტეფანო, ანტიჩი, ბეენჰაკერი, ბენიტო ფლორო, არსენიო იგლესიასი, კაპელო, ჰაინკესი, ჰიდინკი, დელ ბოსკე, კეირუში, კამაჩო, გარსია რემონი, ლუშემბურგუ, ლოპეს კარო, ისევ კაპელო, ხუანდე რამოსი, შუსტერი და პელეგრინი – გუნდმა 21 წლის განმავლობაში 18 მწვრთნელი გამოიცვალა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მე კი ეს დროის შეუდარებლად მოკლე მონაკვეთში სამჯერ შევძელი! არ მივეკუთვნები იმ სპეციალისტების კატეგორიას, რომლებიც ტიტულის “თითქმის მოგებით” კმაყოფილდებიან, მაგრამ შეადარეთ 5 ნახევარფინალი 21 წლის განმავლობაში და 3 ამდენივე სეზონის მსვლელობისას. ხომ არ გავიწყდებათ, სარეკორდო ლა ლიგაც ჩემია!

- რა კომენტარს გაუკეთებთ კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს? თქვენმა თანამემამულემ განაცხადა, არ მაინტერესებს დარჩება თუ არა მოურინიო, მხოლოდ “რეალის” ბედი მაღელვებსო...

- მომწონს და ვეთანხმები კრიშტიანუს პოზიციას. მან მხოლოდ საკუთარ თავსა და კლუბზე უნდა იფიქროს. ვიმედოვნებ, “რეალი” და რონალდუ კიდევ დიდხანს იქნებიან ერთად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178302