სტატიები

13:18 | 19.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

„ლარად ნაყიდი ბედნიერება“

დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის სპორტული რედაქციის დაკვეთით მომზადდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ თბილისში, ტოტალიზატორების გაღებას დილიდანვე ერთდროულად ექვსი ათასი ადამიანი ელოდებოდა...
თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი კაცი დადებდა ფსონს დღის განმავლობაში - ეს ექვსი ათასი ადამიანი ხომ პროზაულად მცირე ნაწილი იყო მოთამაშეთა ზღვისა.
ბუნებრივია, კვლევას გარკვეული ანალიზიც მოჰყვა და ითქვა, რომ ასეთი საგანგაშო ვითარება უმუშევრობისა და „ლარად ნაყიდი იმედის“ შედეგია და არა იმ საშინელებისა, რასაც გემბლინგი ჰქვია...
როგორც თანამედროვე მასალები აჩვენებს, სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებულების შედეგად, გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ან უბედურდება, ვიდრე დაავადებისაგან. აქედან გამომდინარე, განა, საინტერესო არ არის, სად და ვინ მართავს იმ „მთავარ კანტორას“, რომელიც მილიონებით ადამიანს დროისა და სივრცის შეგრძნებას უკარგავს და ფსონებსა თუ ფსონაობაზე დამოკიდებულს ხდის.
აღმოჩნდა, რომ ევროპული ტოტალიზატორების მესვეურები უმეტესად ერთმანეთისაგან იწერენ კოეფიციენტებს და შესაბამისად, მათ კორექტირებასაც ერთმანეთის წამხედურობით ახდენენ. დღესდღეობით, ევროპული საბუქმექერო კანტორებს შორის აღიარებულ ავტორიტეტად საიტი Betradar მიიჩნევა. ფსონებს ძირითადად ამ საიტიდან აკოპირებენ და იმის შიშიც ნაკლებად აქვთ, რომ მათი „შემოქმედება“ ბევრად განსხვავებული იქნება კონკურენტების კოეფიციენტებისაგან.
არსებობს მცდარი აზრი, რომ მსოფლიო საბუქმეიკერო სისტემაში ამინდს ევროპული სათამაშო სახლები ქმნიან. აქაოდა, ყველაზე ძლიერი ლიგები ევროპის ქვეყნებში ჰყავთო. სულაც არ ყოფილა ასე - სეფე სიტყვა არა გეოგრაფიიულად ხელსაყრელ ადგილას განლაგებულ კანტორებს, არამედ იმათ ეთქმით, ვისაც ყველაზე მაღალი ლიკვიდურობა გააჩნიათ. ამ მხრივ კი, აზიური ტოტალიზატორები და საიტი Betfair გხლებიათ გარდანქეშანები.
აზიური ბაზარი უნიკალური სხვა მხრივაცაა: ადგილობრივი მოთამაშეები მხოლოდ წამყვან და პოპულარულ ლიგებს სცნობენ და მათზე ფსონაობენ. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ პოპულარულ ან პატარა ლიგებს, მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ მდგომარეობა მეტი მასობრიობისკენ წავიდა, მაგრამ შედარება ჯერაც არ შეიძლება. ადვილი შესაძლებელია, ამ ნაკლები ინტერესის მიზეზი ნაკლები ინფორმაციაც იყოს - პატარა და არაპოპულარული ლიგები ხომ გაცილებით ნაკლებად შუქდება...
მაგრამ ისევ ევროპასა და აზიას შორის არსებულ განსხვავებას დავუბრუნდეთ. თურმე ევროპაში ინგლისური პრემიერლიგის ერთ თამაშზე საშუალოდ 500 000 ფსონი იდება და აზიაში კი 50 000 000. ის კი არა, განსაკუთრებით საინტერესო თამაშების დროს, საკმაოდ ხშირი ყოფილა შემთხვევა, როცა აზიური სინდიკატი 150 000 000 მილიონ ფსონს იღებს.
რასაკვირველია, ასეთი ლიკვიდურობის გამო, აზიური სინდიკატი თავს უფლებას მისცემს, მიზნად დაისახოს და სისრულეში მოიყვანოს ნებისმიერი მანიპულაცია, რომლის შედეგადაც მისი ფინანსები კიდევ მეტად შთამბეჭდავი გახდება.
გემბლინგში გამოჩარხული და უდიდესი ფინანსური შესაძლებლობების მქონე აზიელები ამ ბოლოს სულ უფრო ხშირად იყენებენ ეგრეთ წოდებულ ბეთინგ-სინდიკატებს, რომლის საშუალებითაც აკონტროლებენ კოეფიციენტებს, აწესებენ საბაზრო ფასებს და დომინირებენ ზოგადად ბაზარზე. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ კონკრეტულ მხარეზე აზიელების კარნახით 20 მილიონი დოლარი დადებულა და კოეფიციენტი ერთბაშად 40 პროცენტით დავარდნილა. რას ნიშნავს მთელი 40 პროცენტი ფსონაობისას, თბილისში საკმაოდ პოპულარული „უეჭველისტების“ გადასახედიდან უფრო გამოჩნდება -„ბლოკის დაჭერისას“ მათი გამოსარჩენი ხომ 2-3 პროცენტია...
ეს რაღაცით ფინანსურ ბირჟაზე „ინსაიდერულ ვაჭრობად“ ცნობილი კომბინაციის ანალოგია...
აზიელები უფრო პოპულარულები მარჟის გამოც არიან - ისინი კოეფიციენტებიდან მხოლოდ 101-102-პროცენტიანი მარჟით კმაყოფილდებიან. ევროპაში კი, ეს მაჩვენებელი 106-112 პროცენტია. გარდა ამისა, აზიაში გაცილებით მაღალი ფსონის დადება შეიძლება, ვიდრე ევროპაში - უძველეს კონტინენტზე ფსონის უმაღლესი თამასა საშუალოდ 4-8 ათას ფუნტს არ ასცდება და აზიაში კი, ამ თანხაზე რამდენჯერმე მეტის დადება შეიძლება.
სიფრთხილეს თავი აზიაში უფრო არ სტკივა - ევროპული კანტორები არა მარტო პასუხს აგებენ წაგებაზე, არამედ ისინი სწორედაც რომ თამაშობენ და ხშირად რისკავენ ანუ შედარებით ნაკლებად აზღვევენ კოეფიციენტებს. რაც შეეხება აზიელებს, ისინი სწორედ დაზღვევით იცავენ თავს ზედმეტი ხარჯებისაგან და ძირითადად ფულს კოეფიცენტებში განსხვავებით, ზემოხსენებული მარჟით შოულობენ.
თუმცა არის სფერო, სადაც აზიელები ოდნავაც ვერ შეედარებიან ევროპულ სათამაშო სახლებს - ესაა სანდოობა, კლიენტის მიმართ დამოკიდებულება და მისი უფლებების უპრობლემოდ აღიარება.
რა თქმა უნდა, ეს სამი კრიტერიუმი ყველაფრის საპირწონეა.
 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.112114