ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველმა ლევან ყენიამ გამოცემა “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” საუბარში აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 50 პროცენტით არის მზად და კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
- ბოლო ორი მატჩით თუ ვიმსჯელებთ, რომლებშიც თითო გოლი გაიტანეთ, თქვენი სათამაშო ფორმა ოპტიმალურთან ახლოსაა...
- ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს. ორი წელიწადი ხომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვიყავი, შეკრებაც კი არ გამივლია. კიდევ ბევრი მუშაობა მომიწევს. ახლა, ალბათ 50 პროცენტით ვარ მზად.
- რა გეხმარებოდათ, რომ სულით არ დაცემულიყავით, როდესაც 2 წელიწადი ფეხბურთს მიღმა იყავით?
- რატომ მიღმა? გამოცდილებას Playstation-ზე თამაშით ვიღებდი (იცინის).
- ის ავადსახსენებელი ტრავმა როგორ მიიღეთ?
- მაპატიეთ, მაგრამ ამის გახსენება აღარ მინდა.
- იქნებ, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ისტორია, რომლის გამო “ზენიტში” თქვენი გადასვლა ჩაიშალა?
- რაც პრესაში იწერებოდა, სიმართლეა. როგორც მივხვდი, ლუჩანო სპალეტისა და ზოგიერთ მოთამაშეს გუნდში ჩემი ყოფნა არ სურდათ. ამის გამო, “ზენიტში” თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. არაკეთილმოსურნეების გვარებს არ დავასახელებ, რადგან ეს უკვე წარსულია.
- ასეთი დამოკიდებულების მიზეზი რა იყო?
- წარმოდგენა არ მაქვს, მათ რატომ არ მოვეწონე. სჯობს, ალბათ ამ ხალხს ჰკითხოთ.
- “კარპატის” გარდა, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები გქონდათ?
- მქონდა, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ სწორედ ლვოვში აღმოვჩნდი. მწვრთნელმა გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში არცთუ საუკეთესო ფორმაში მივედი, ნიკოლაი კოსტოვი მენდო. ძალიან მადლობელი ვარ ასეთი ნდობისთვის.
- ბუნდესლიგის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატმა რამით გაგაკვირვათ?
- რა თქმა უნდა, ეს ორი განსხვავებული დონეა. თუმცა, გეტყვით, რომ უკრაინაც მომწონს. მთავარია, რომ თამაში ძალიან მინდა.
-კევინ კურანი ჰყვებოდა, რომ “შალკეში” შუაღამის დადგომამდე ერთი საათით ადრეც კი უვარჯიშია. თქვენს პრაქტიკაში მსგავსი რამ იყო?
- ოჰ, თქვენ ფელიქს მაგათზე საუბრობთ! კურანი მართალს ამბობდა, რადგან მაგათი ძალიან მკაცრი მწვრთნელია. დღეში სამი მომქანცველი ვარჯიში გვქონდა. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ძნელია.
- მაგათთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ვიდრე ვთამაშობდი, ყველაფერი ნორმალურად იყო. თუმცა, როდესაც ტრავმა მივიღე და გუნდისთვის უსარგებლო ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა.
- ლვოვში რომ მიდიოდით, უკრაინის შესახებ თანამემამულეებიდან რაიმე ჰკითხეთ?
- დაუშვილს ვესაუბრე ცოტა და მეტი არაფერი. იმ მომენტში მხოლოდ ფეხბურთი მაინტერესებდა. თამაში ძალიან მსურდა და ამიტომ, თქვენი ქვეყნის შესახებ დეტალებით არ დავინტერესებულვარ.
-კანკავა, ოქრიაშვილი, ლიპარტია, თარგამაძე, ლობჟანიძე, კობახიძე... უკრაინის ჩემპიონატში ქართველები საკმაოდ არიან. ურთიერთობა ყველასთან გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ურთირთობა გვაქვს. უბრალოდ, ფეხბურთზე თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ. რატომ ვისაუბროთ სამუშაოზე, თუ მის გარდა ყოველთვის არის სასაუბრო თემები?
- სამშობლოში ბოლოს როდის იყავით?
- სამი-ოთხი კვირის წინ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს.
- სხვათა შორის, როგორ აფასებს თქვენ სათამაშო ფორმას?
- ჩემთვის ეს უცნობია. ამის შესახებ თავად მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.
- ვფიქრობ, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ. მან ხომ გუნდში მაშინ მიგიწვიათ, როდესაც ოპტიმალურ კონდიციებში არ იყავით...
- ჩვენ ჩვეულებრივი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს.
- მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს რა პერსპექტივა აქვს?
- ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა, არანაირი პროგნოზის გაკეთება არ მსურს. დრო გვიჩვენებს.
- “კარპატის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლი “მეტალისტის” კარში გაიტანეთ და უკრაინის თასის გათამაშებიდან გასული სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი გამოთიშეთ. ხვდებოდით, რომ ნიკოლაი კოსტოვმა სათადარიგოთა სკამზე მანამდე გაგაჩერათ, ვიდრე მეტოქის მცველები არ მოიქანცნენ?
- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ მატჩში მოედანზე გავიდოდი. ამას ძალიან განვიცდიდი. თუმცა, როდესაც კოსტოვმა მითხრა, რომ ჩემი დრო მოვიდა, ძალიან გამეხარდა. კარგია, მწვრთნელის ნდობა გავამართლე.
- მომდევნო მატჩიც ხარკოველებთან გაქვთ. “მეტალისტი” შეეცდება, რომ თასიდან გავარდნისთვის “კარპატიზე” შური იძიოს...
- ასი პროცენტით! ჩვენთვის იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება. ფინალური სასტვენის მერე, ხარკოველები ჩვენზე გაბრაზებულნი იყვნენ.
- “მეტალისტის” დამწუხრებას კვლავ აპირებთ?
- რა თქმა უნდა, შევეცდები. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, გოლს ვინ გაიტანს.
- რატომ აირჩიეთ 20-ნომრიანი მაისური?
- ჩემთვის ეს პრინციპული საკითხი არ ყოფილა. მთავარია, 30 ნომერი არ იყოს. ეს ციფრი ჩემთვის უიღბლოა. ამ ნომრით “შალკეში” ვთამაშობდი და სერიოზული ტრავმა მივიღე.
- თქვენი სანაკრებო დებიუტი უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. გახსოვთ ეს თამაში?
- 0:1 ვაგებდით და შემდეგ, დავით სირაძემ ანგარიში გაათანაბრა. მაშინ, 16 წლის ვიყავი და მოედანზე ბოლო 20 წუთი გავედი. იმ დროს უკრაინელთა შემადგენლობიდან არავის ვიცნობდი.
- ბავშობაში თქვენი კერპი ვინ იყო?
- ბიძაჩემი გიორგი კიკნაძე. ის კარგი ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა რა ენაზე გაქვთ?
- ნიკოლაი კოსტოვმა რუსული კარგად იცის. ასე რომ ურთიერთობას თარჯიმნის გარეშე ვახერხებთ.
- საინტერესოა, რუსული ასე კარგად სად ისწავლეთ?
- ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიცი. რუსულს სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ გერმანიაში რომ წავედი, გერმანულის სწავლა დავიწყე. მუდმივი პრაქტიკის გარეშე ძნელია ენა არ დაგავიწყდეს. სხვათა შორის, ფილმების ყურება სწორედ რუსულ ენაზე მიყვარს და საქართველოშიც, სახლში რომ ვარ, ვუყურებ ხოლმე.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









