ფეხბურთი

15:28 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მბაიე ნიანგი: “ფეხბურთი ჩემთვის სამუშაო არასდროს გახდება”

 მბაიე ნიანგს 18 წელი 2012-ის 19 დეკემბერს შეუსრულდა, ამ თარიღიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი “მილანის” მაისურით ფრანგი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონას” კარს უტევდა. ნიანგთან ინტერვიუ პოპულარულმა ჟურნალმა SportWeek-მა დასტამბა და მისი წაკითხვა ჩვენ მკითხველსაც დააინტერესებს. 

- მილანში მარტო ცხოვრობთ?

- დიახ, თუმცა, ჩემთან ხშირად ბიძა ჩამოდის, რომელიც სახოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში მეხმარება. “სან სიროსთან” საკმაოდ ახლოს ვცხოვრობ, ხშირად მარტო დავდივარ მაღაზიებში და ჩემთვის საჭირო ნივთებს ვყიდულობ.

- ჩვენმა მკითხველმა არაფერი იცის თქვენი მშობლების შესახებ. რას საქმიანობენ ისინი?

- მამა სასტუმროში მუშაობს, დედა ერთ-ერთი ოფისის მდივანია. მყავს ტყუპი და და 2 უმცროსი ძმა. პარიზის ახლოს მდებარე ქალაქ ლეს მიუროში გავიზარდე. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. მეგობარ-თანატოლებთან ერთად დილიდან საღამომდე ბურთს დავსდევდით. 5-5 გავიყოფოდით და ფეხბურთის გარდა, სხვა არაფერი გვახსოვდა.

- 18 წლის ასაკში, როგორც წესი სკოლას ამთავრებენ. თქვენ?

- 3 წელიწადი ლიცეუმში ვსწავლობდი, მაგრამ “მილანში” გადასვლის შემდეგ სწავლას თავი დავანებე. სწავლას მოგვიანებით აუცილებლად გავაგრძელებ.

- იტალიურ გაზეთებში დაიწერა, რომ ადრიანო გალიანის თქვენთან სერიოზული აღმზრდელობითი საუბარი ჰქონდა. რას გესაუბრებოდათ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი?

- სინიორ ადრიანომ დამარწმუნა, რომ “როსო ნერის” ფეხბურთელი ყოველდღიურ ცხოვრებაში თანატოლებისთვის სამაგალითო უნდა იყოს. რადგანაც “მილანის” ფორმის ტარება მანდეს, ყოველდღიურად უნდა დავამტკიცო, რომ ამის ღირსი ვარ. გალიანი ჩემთვის მეორე მამად იქცა. როდესაც 17 წლისა გახლდით, მან კანში ჩამომაკითხა და ყველასთვის უცნობი მოთამაშე მილანში წამიყვანა. სინიორ ადრიანოს ამაგს არასდროს დავუვიწყებ და ყოველმხრივ შევეცდები, მისი ნდობა გავამართლო.

- ბავშვობაში თქვენი საფეხბურთო კერპი რომელი მოთამაშე იყო?

- ბრაზილიელი რონალდო. იგი იდეალური ფეხბურთელია.

- სპორტსმენთაგან უძლიერესად ვის თვლით?

- შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს. იგი ბუნებით გამარჯვებულის ფსიქოლოგიითაა დაჯილდოებული. ჩოგბურთს ურიგოდ არ ვთამაშობ, ზაფხულის პერიოდში კორტზე რეგულარულად გავდივარ. მიყვარს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩების ცქერაც. განსაკუთრებით კობი ბრაიანტი მომწონს.

- ფეხბურთი თქვენთვის უპირველესად თამაშია თუ უკვე სამუშაოდ იქცა?

- ფეხბურთო ჩემთვის სამუშაო არასდროს გახდება. დაუშვებელია მინდორზე იმ გრძნობით გასვლა, თითქოს მოვალეობას იხდიდე. თამაშით კმაყოფილება უნდა მიიღო და მაყურებელსაც ასიამოვნო საკუთარი ასპარეზობით. მახარებს, მინდორზე ისეთ ჩემპიონებს რომ ვხვდები, რომელთაც ადრე მხოლოდ ტელევიზორის მეშვეობით ვუცქერდი.

- ყველაზე მეტად მასიმილიანო ალეგრის რომელი რჩევა-დარიგება დაგამახსოვრდათ?

- ყოველთვის კარგად მახსოვს ალეგრის სიტყვები – ასეთია ფეხბურთი, დღეს შესაძლოა მწვერვალზე აღმოჩნდე, ხვალ კი ფსკერამდე დაეშვა. ამ შეგონებას ვითვალისწინებ და ფსკერზე რომ არ მოვხვდე, ბევრს ვვარჯიშობ და მონდომებით ვთამაშობ.

- თქვენ, სტეფან ელ შაარავისა და მარიო ბალოტელის მინდორზე სინქრონული ურთიერთქმედება და მსგავსი ვარცხნილობა გაერთიანებთ. ამ ტრიომ ერთმანეთთან საერთო ენა მალე გამონახეთ?

- ერთი ასაკის ვართ და ამანც დიდი როლი შეასრულა ჩვენ დამეგობრებაში. არა მარტო საფეხბურთო, მუსიკალური გემოვნებაც იდენტური გვაქვს – რეპს ერთად ვუსმენთ.

- ელ შაარავის მთავარ ღირსებად რას თვლით?

- იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

- ბალოტელიზე რას გვეტყვით?

- მარიო შესანიშნავი ადამიანია. ბევრს საუბრობენ მის პირად ცხოვრებაზე და ამას ბალოტელი ვაჟკაცურად იტანს.

- თქვენი სამეულიდან საუკეთესო რომელია?

- რასაკვირველია მარიო ბალოტელი.

- მასთან შედარებით რაიმე საფეხბურთო უპირატესობა გაქვთ?

- მარიოზე უფრო სწრაფი ვარ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091568