სტატიები

10:17 | 19.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მესუტ იოზილი – “რეალის” ახალი გერმანელი თურქული ფესვებით

“ტექნიკა და ბურთის გრძნობა – ეს ჩემი თამაშის თურქული მხარეა, დისციპლინა და საქმისადმი დამოკიდებულება - გერმანული აღზრდის შედეგი”, – ეს სიტყვები გერმანიის ნაკრებისა და აწ უკვე მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ მესუტ იოზილს არაერთგზის უთქვამს ამა თუ იმ გამოცემასთან საუბრისას. თურქული წარმოშობის ფეხბურთელს, მშობლიურ ნაკრებზე უარის თქმის გამო დღესაც არც თუ იშვიათად გაჰკრავენ ხოლმე კბილს, მაგრამ იოზილს გამმართლებელიც უამრავი ჰყავს. გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთმა იმედმა, არჩევანი იმ ქვეყნის ნაკრებზე შეაჩერა, სადაც არა მარტო თავად, მამამისიც კი იქ დაიბადა და გაიზარდა.
მესამე თაობის გერმანელი
მესუტი თურქი ემიგრანტების მესამე თაობაა. მისი ბაბუა, გასული საუკუნის 60-იან წლებში, ჩრდილოეთ თურქეთში მდებარე ქალაქ დევრეკიდან ჩავიდა გერმანიაში და გელზენკირხენის აღმოსავლეთ რაიონში – ბისმარკში დასახლდა. მაშინ, გერმანიას უცხოელი მუშახელი სჭირდებოდა ეკონომიკის წამოსაწევად. ბისმარკში, ძირითადად, ახალგაზრდა, მშრომელი ხალხი იყო დასახლებული, თუმც საფეხბურთო თვალსაზრისით, ამ რაიონმა სახელი იოზილამდე გაითქვა. “შალკეს” ლეგენდარულმა მოთამაშემ, რაინჰარდ ლიბუდამ, სამოც-სამოცდაათიან წლებში გერმანიის ნაკრებშიც ძლიერად ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
პირველი ნაბიჯებიდან დიდ აღიარებამდე
მესუტ იოზილი 1988 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობაში ამ საფეხბურთო კლუბებში ირიცხებოდა: “DჟK ჭესტფალია 04”, “DJK Westfalia 04”, “DJK Teotonia Shalke-Nord” და “DJK Falke”. 2005 წელს, იგი “შალკეს” საფეხბურთო სკოლაში მიიწვიეს, 2006 წლის 12 აგვისტოს კი, უკვე ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. მთავარმა მწვრთნელმა მირკო სლომკამ, 17 წლის ნახევარმცველს უეფას თასზე მისცა თავის გამოჩენის შანსი. პირველი სეზონი საკმაოდ მოკრძალებულად გალია. ძლიერად მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო დანარჩენებში საშუალო შეფასებები დაიმსახურა. ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა მაინც გაუშინაურდა, მაგრამ მისთვის ესეც არ იყო საკმარისი და 2007-2008 წლების სეზონში, ზამთრის სატრანსფერო შესვენებისას გუნდიდან გაშვება ითხოვა. დიდ წინააღმდეგობას არც შეხვედრია, დაახლოებით 4-მილიონიანი გარიგების შედეგად, “ვერდერში” აღმოჩნდა.
ადვილად ვერც ბრემენში დამკვიდრდა – ლამის, ნახევარი სეზონი, ან სათადარიგო იყო, ხან თავად ცვლიდნენ სხვები. სტაბილურობას იოზილისგან მაშინ ბევრიც არავინ ელოდა. სამაგიეროდ, ახალი სეზონიდან, მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, შემტევი ნახევარმცველი “ვერდერის” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა, რასაც მის მიერ შესრულებული 14 საგოლე პასი და გატანილი გოლები ადასტურებს.
2009 წელს, გუნდიდან ბრაზილიელი დიეგოს წასვლის შემდეგ იოზილი გახდა ერთ-ერთი ლიდერთაგანი. მწვრთნელმა “თავისუფალი მხატვრის” ფუნქცია დააკისრა. ჩავარდნის გარეშე ვერც ეს საქმე გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი მალევე გამოსწორდა და იოზილმა “ვერდერის” მაისურით პირველი პროფესიული ჯილდო – გერმანიის თასი მოიპოვა. ჩემპიონატში კი, 9 გატანილი გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოირჩა და გერმანიის ნაკრების თავკაციც დააინტერესა. იოაჰიმ ლიოვის ყურადღება, მესუტ იოზილის ახალგაზრდულ ნაკრებში კარგმა თამაშმა კიდევ უფრო გააძლიერა. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, 1 გოლი თავად გაიტანა, 2 კი მისი პასით გავიდა და სპეციალისტები აალაპარაკა.
ძირითად ნაკრებში პირველი თამაში 2009 წლის 12 აგვისტოს ჩაატარა, ბაქოში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. 5 სექტემბერს კი, პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა - სამხრეთ აფრიკის კარში.
უმთავრესი აღიარება, რაღა თქმა უნდა, მუნდიალს მოჰყვა. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განას ძალიან საჭირო და ამასთან, ულამაზესი გოლი გაუტანა, ხოლო ავსტრალიასთან, ინგლისთან და არგენტინასთან შეხვედრებში, თავი საგოლე გადაცემებით გამოიჩინა. შედეგად მსოფლიოს ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა. გერმანიაში კი ნამდვილ გმირად იქცა. ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თურქებმაც კი დაივიწყეს იოზილის მიერ მიღებული მათთვის არც თუ სასიამოვნო გადაწყვეტილება და საერთო საცხოვრებლების ფანჯრებიდან გერმანიის დროშები გადმოფინეს.
მორწმუნე და არშემდგარი დიჯეი
“თურქეთის ნაკრებს რომ გერმანიისა ვარჩიე, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჩემი ფესვები დავივიწყე და ჩემს ძირძველ სამშობლოს და რწმენას პატივს არ ვცემ”, – განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში იოზილმა. ამ სიტყვების დასტურად, მისი რელიგიურობაც გამოდგება. ფეხბურთელი, ყველა თამაშის წინ, გარკვეულ დროს ყურანის კითხვას უთმობს, რადგან თვლის, რომ ეს ძალას მატებს. მუნდიალზე რამდენიმეჯერ ოპერატორებმაც დააფიქსირეს, როგორ ლოცულობდა მატჩის დაწყებამდე.
მესუტმა ისლამი ახლახანშერთულ მეუღლესაც მიაღებინა. ანა-მარია ლაგერბოლმმა სახელიც შეიცვალა და მელეკი გახდა. ეს უკანასკნელი, ცნობილი მომღერლის, სარა კონორის დაა და ამ რომანის გამჟღავნებისთანავე, წყვილი პაპარაცთა ინტერესის სფეროში მოექცა. შეყვარებულებს ხელი სამხრეთ აფრიკაში უნდა მოეწერათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მაგრამ მელეკმა ყოფილ ქმართან ვერ მოასწრო განქორწინების დეტალების მოგვარება.
მესუტის ჰობი რეპის მოსმენაა. ახლახან ისიც კი აღიარა, ფეხბურთი რომ არა, დიჯეი გამოვიდოდიო.
რეალი
როგორ არ ეცადა “ვერდერის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ვარსკვლავის შენარჩუნებას. მოლაპარაკების წამოწყების შემდეგ, ერთხანს, თავად იოზილსაც კი დაუმალეს, რომ მისი შეძენით მადრიდელები იყვნენ დაინტერესებულნი. ბოლოს, ყველაფერი გერმანელთათვის უარესად დასრულდა - 16 მილიონ ევროზე უარის მთქმელი “ვერდერი” 15 მილიონს დათანხმდა. 21 წლის ფეხბურთელმა, მადრიდში სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათს გაიარა და 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ესპანური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება
მესუტ იოზილი ბავშვობაში ზინედინ ზიდანით იყო აღფრთოვანებული. დღემდე შერჩა ნატვრა, იმ მოედნებზე აგოროს ბურთი, რომლებზეც მისი კერპი თამაშობდა. ოცნება ნაწილობრივ უკვე აისრულა – მადრიდში ჩავიდა.

 

მოამზადა ოთარ მაღლაკელიძემ


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177342