ფეხბურთი

17:51 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მურთაზ შელია - 49 ზომა ბუცებით

ვისაც 90-იანი წლების შუაში ვლადიკავკაზის “ალანია" ახსოვს, დაგვეთანხმება, მართლაც ძლიერი გუნდი იყო და ერთგვარი ფურორიც მოახდინა - პირველმა დაარღვია მოსკოვური გუნდების ჰეგემონია და რუსეთის ჩემპიონი გახდა. მაშინდელ "ალანიას" საქართველოშიც ბევრი ქომაგობდა, რადგან გუნდში თამაშობდნენ მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა რევიშვილი, ომარ თეთრაძე.

შელიას ინტერვიუ Osradio-ზე გამოქვეყნდა. მურთაზმა მწუხარება გამოთქვა "ალანიას" მაშინდელი პრეზიდენტის, ასხარბეკ გალაზოვის გარდაცვალების გამო:

- გამარჯობა, მურთაზ! ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ...

- დავიბადე სოფელ კოჩარაში, რომელიც 30 კილომეტრითაა დაშორებული ოჩამჩირიდან. იქაურ გუნდ "ამირანში" დავიწყე თამაში, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოდან" მომივიდა მოწვევა. ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო - ფაქტობრივად, დიდ ფეხბურთში კარის გაღება.

- ფეხბედნიერი ხართ. "დინამოში" პირველივე წელს ჩემპიონი გახდით. ასევე მოხდა "ალანიაში". როგორ მოხვდით ვლადიკავკაზში?

- ჯერ იყო გერმანიის "ზაარბრიუკენი", სადაც თითქმის მთლიანი სეზონი გავატარე და დავბრუნდი "დინამოში". 1995 წელს "დინამოში" 10 მატჩი ჩავატარე, მათ შორის ერთი - ავსტრიის "ტიროლთანაც", რომელიც 1:0 მოვიგეთ. ამ შეხვედრას ვალერი გაზაევიც ესწრებოდა, რომელმაც ვლადიმერ გუცაევის მეშვეობით შემომითვალა, რომ "ალანიაში" სურდა ჩემი ხილვა.

- რა დაგამახსოვრდათ გაზაევთან პირველი შეხვედრის შემდეგ?

- კითხვა დავუსვი: "როგორ იქნება პრემიების საკითხი?" ამაზე ასეთი პასუხი მივიღე: "პრემიას იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ ჩემპიონები გახდებით". აი, მაშინ კი მიხვხვდი, რომ გაზაევს სერიოზულად ჰქონდა დაგეგმილი ჩემპიონობა.

- რა იყო მთავარი, რის ხარჯზეც "ალანია" ბრწყინავდა?

- უპირველესად, გაზაევის რკინის ხელი. ამასთან, წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა, რის შემდეგაც გუნდში შეიკრიბნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ხაპოვი, თეთრაძე, პაგაევი, ჯიოევი, თედეევი, კასიმოვი, სულეიმანოვი. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, რომ ერთიანი გუნდი იყო და სულ მოგება გვწყუროდა.

- "ალანიაში" გატანილი 9 გოლიდან ყველაზე ხშირად რომელი გახსენდებათ?

- ყველა. 1996 წელს ნოვოროსიისკში ვთამაშობდით, მატჩი სრულდებოდა და ტაბლოზე 1:1 ენთო. გაწბილებული გაზაევი საფინალო სასტვენს არ დაელოდა და გასახდელში შევიდა, ამ დროს კი ინალ ჯიოევი აწვდის და თავით გამაქვს გადამწყვეტი გოლი. გასახდელში უკვე გაზაევი მეხვევა. იმ სეზონში 5 გოლი გავიტანე და ხუთივე - გასვლაზე.

- და "ანდერლეხტთან" უეფას თასზე ვლადიკავკაზში გატანილი გოლი?

- როგორ არ უნდა მახსოვდეს?! მით უმეტეს, მაშინაც გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ეს "ალანიას" ერთადერთი მოგება იყო ევროთასებზე იმ დროის განმავლობაში, როცა გუნდში ვიყავი.

- გუნდის ცნობილი ადმინისტრატორი ბორის ძასოხოვი ამბობდა, რომ ყოველი მატჩის შემდეგ თქვენი ბუცები შესაკეთებლად მიჰქონდა...

- სხვა რა გზა იყო? იმ დროს ხომ ჩემი არასტანდარტული ზომის ბუცები დეფიციტი იყო. 49 ზომის...

- "მანჩესტერ სიტიმ" როდის დაგადგათ თვალი?

- 1998 წელს ინგლისი-საქართველოს მატჩისას. მალევე 4,5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. სიმართლე გითხრათ, რადგან "სიტი" ქვედა ლიგაში გამოდიოდა, იქ თამაშის სურვილი დიდად არ მკლავდა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ თუ "სიტიში" თავს გამოვიჩენდი, სხვა, უფრო ძლიერ კლუბში გადავიდოდი. ამიტომაც გავაფორმე 2,5-წლიანი. რამდენიმე თვის შემდეგ კახა ცხადაძეც შემოგვიერთდა, ხოლო ყაველაშვილი "გრასჰოპერში" გადავიდა. კარიერის დასრულების შემდეგაც შვეიცარიაში ცხოვრობს.

- როგორი დებიუტი გქონდათ ნისლიან ალბიონზე?

- პირველივე მატჩში გოლი გავიტანე. ბირმინგემში ვთამაშობდით. 89-ე წუთი იყო, თავით შევაგდე, თუმცა დარჩენილ მცირე დროში 2 გოლის გაშვება მოვახერხეთ და წავაგეთ.

- "სიტიში" 2,5 წელი იყავით და მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარეთ. რატომ?

- თავიდან თითქმის შეუცვლელად ვთამაშობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მივიღე: ჯვარედინი იოგები გავიწყვიტე. და ასე დასრულდა ჩემი კარიერა ინგლისში. თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ძველებურ დონეზე ვეღარ ვთამაშობდი და საბოლოოდ, კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

- თუმცა საფეხბურთო სფეროში დარჩით, თბილისის "დინამოს" ვიცეპრეზიდენტიც იყავით. რატომ წახვედით?

- როგორც იტყვიან, არ გამოვიდა.

- და ბიზნესი აირჩიეთ?

- დიახ, გავხსენი რესტორანი "მონოპოლი", რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარულია თბილისში - მათ შორის, ცნობილი ფეხბურთელებისთვისაც.

- რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო თამადა ალექსანდრე ჩივაძეა.

- ასეცაა. ჩივაძეს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს.

- ამბობენ, რომ ყაველაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს.

- დიახ, ეს მსმენია.

- ცნობილმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ფეხბურთი გარდაიცვალა. მართალი იყო?

- ვფიქრობ, რუსეთის პრემიერლიგასთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცა. ჩვენი ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთი კი, მას შემდეგ, რაც კომერციულ საწყისებზე გადავიდა, ცოტას თუ აინტერესებს. ძველი 35-ე საფეხბურთო სკოლა, რომელიც განთქმული იყო, დღეს აღარც არსებობს. აი, ამაშია ჩვენი უბედურება.

- "ალანიას" ბედით ინტერესდებით?

- რა თქმა უნდა. ვქომაგობ და მსურს, რომ საუკეთესო პერიოდი დაუბრუნდეს.

- 2010 წელს ვლადიკავკაზში მეუღლესთან, ლიკასთან ერთად იყავით "ალანიას" ჩემპიონობის 15 წლისთავის აღსანიშნავად. როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

- ბედნიერები ვართ. სამ შვილს ვზრდით. 5 წლის დავითს ორი უფროსი და უვლის - ანა და ელენე.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095532