ინტერვიუები

12:58 | 22.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჩხეიძე: “დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გაიღებენ წარმატებისთვის. რა გამოვა, ეს უკვე სხვა საქმეა”

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 11-ში კი თბილისში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები – ესპანელები გვეწვევიან. ამ მატჩებით ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება. ჩვენს ჯგუფში ასევე ფრანგები და ფინელები მოხვდნენ, ამდენად, ურთულესი მატჩები გველის. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა ესპანელთა საფეხბურთო სტრუქტურის შესახებ - როგორ მოახერხეს მათ ყველაფრისმომგები გუნდის (თუ ასაკობრივი ნაკრებების) ჩამოყალიბება. ახლა კი ცოტა ჩვენზეც ვთქვათ. “ჯვაროსანთა” შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს – ნიკა ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
- ესპანელთა წარმატებებზე უკვე ლეგენდები დადის. დაახლოებით 15 წლის წინათ მათ “ჩუმი რევოლუცია” მოახდინეს, ერთიანი სისტემა შექმნეს, რომლის მიხედვითაც ყველა ასკობრივი ნაკრები ერთი სტილით თამაშობს. ამიტომ ბავშვობიდან პირველ გუნდამდე ახალგაზრდამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ჩვენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- ორიოდე წლის წინათ ესპანელთა საწვრთნელ ბაზა “ლა როსაზე” მათი ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ფერნანდო იეროსა და ჩვენს მეგობარ ხინეს მელენდესს შევხვდი, რომელთა მეთვალყურეობით მოხდა ეს ყველაფერი. მექანიზმი ასეთია - პირველი ნაკრების მწვრთნელი ყველა ასაკობრივ გუნდს უწევს კოორდინაციას. თანაც, 21-წლამდელთა მეორე მწვრთნელი ამავდროულად არის 19-წლამდელთა პირველი მწვრთნელი და ასე შემდეგ, ასაკის მიხედვით. ამან გასაოცარი შედეგი მისცათ. ჩვენც დაახლოებით ამ გზას დავადექით. ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი თანაშემწე სოსო ჭედია კოორდინაციას უწევენ ყველა ასაკობრივ ნაკრებს. შეძლებიდაგვარად ესწრებიან ვარჯიშებს, თამაშებს და სრული წარმოდგენა აქვთ ფეხბურთელების შესაძლებლობებზე. ანუ, შეიქმნა ერთიანი ბაზა, რომელიც მანამდე არ არსებობდა.
- ახლა ერთიან სტილზეც ვთქვათ. ესპანელი სპეციალისტების აზრით, წარმატების საფუძველი სწორედ ეს არის. ფეხბურთელმა ბავშვობიდან იცის, რა უნდა გააკეთოს და როცა პირველ ნაკრებში ხვდება, მისთვის უცხო აღარაფერია.
- დიახ, ასეა. ამ თემაზეც ვესაუბრეთ იეროს და გვითხრა, იმდენად ძლიერი და მომზადებული კლუბები გვყავს, რომ პირველ ნაკრებში მოხვედრილი მოთამაშისთვის უკვე ყველაფერი გასაგებიაო. შემდეგ, საუცხოოდ აქვთ გამართული ბავშვთა ფეხბურთის სისტემაც. ჩვენთან ეს ცოტა პრობლემატურია. ვაპირებთ ორი ბაზის შექმნას: ერთის - დასავლეთ საქართველოში, მეორის - აღმოსავლეთში. შევარჩევთ ნიჭიერ ბავშვებს და მოვამზადებთ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ადრე სკოლა-ინტერნატები რომ ერქვა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვცდილობთ, მოწინავე საფეხბურთო ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, ჩვენს ყაიდას მოვარგოთ და ბევრი ვიმუშაოთ.
- ორ კვირაში ახალი შესარჩევი ციკლი იწყება. რას ფიქრობთ ჩვენი ნაკრების შანსებზე?
- ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. ერთში კი დარწმუნებული ვარ: ბიჭები ყველაფერს გაიღებენ წარმატებისთვის. რა გამოვა, ეს უკვე სხვა საქმეა.

 

ესაუბრა სოლომონ გულისაშვილი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097017