ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ნური შაჰინმა ინტერვიუ მისცა “მარკას” და კორესპონდენტის კითხვებს საინტერესო პასუხი გასცა.
- სეზონი მადრიდის “რეალში” დაიწყეთ, შემდეგ გარკვეული პერიოდი “ლივერპულში” გაატარეთ, მალე კი “დორტმუნდის” რიგებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კასტილიელებს შეხვდებით. ამასთან, ოფიციალური კონტრაქტით 2017 წლამდე “რეალის” საკუთრება ხართ...
- მადრიდში პრიმერა დივიზიონი მოვიგე და იქ ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჟოზე მოურინიოსთან. პორტუგალიელი მეტად გულწრფელი ადამიანია და როგორც მწვრთნელი და პიროვნება მართლაც განსაკუთრებულია.
- მოურინიომ აგიხსნათ, რატომ გითმობდათ იგი ასე ცოტა სათამაშო დროს?
- რასაკვირველია, ამ თემაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ იგი კერძო ხასიათს ატარებდა და დეტალების გამომზეურება არ მსურს.
- როგორ გგონიათ, “დორტმუნდს” “რეალის” დამარცხება ხელეწიფება?
- რატომაც არა. თუკი მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვძლიეთ, რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ იგივე ნახევარფინალშიც. Kარგად მესმის, რომ ამის გაკეთება ურთულესი საქმეა. მადრიდელ გულშემატკივრებს “დესიმა” სურს, მაგრამ ჩვენც მოწადინებულები ვართ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
- როგორ ნახევარფინალს ელით?
- ორივე გუნდს შეტევა უყვარს, ამიტომაც პირველიდან ბოლო წუთამდე მაყურებელს თვასასეირო პაექრობები ელის. ვფიქრობ, ბევრი გოლი გავა და ვიმედოვნებ, ჩვენ უფრო მეტს გავიტანთ, ვიდრე “რეალი”.
- დაგვიხასიათეთ იურგენ კლოპი.
- კლოპი გამარჯვებულის მენტალიტეტით დაჯილდოებული მწვრთნელია. იგი ზედმიწევნით ზუსტად ერკვევა ნებისმიერ საფეხბურთო ნიუანსში. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მიმუშავია დამრიგებლებთან, რომელთაც ფეხბურთი მაინცადამაინც კარგად არ ესმოდათ.
- მოურინიო და კლოპი ერთმანეთს გვანან?
- როგორც მწვრთნელები ისინი განსხვავდებიან, ბევრი პიროვნული თვისება კი იდენტური აქვთ. Oრივე ბრწყინვალე ურთიერთობა ამყარებს ფეხბურთელებთან და გასახდელსაც სათანადოდ მართავს. პირადად მე ორივეს ვაფასებ და კლოპსაც და მოურინიოსაც ერთგულებით ვუხდი სამაგიეროს.
- კლოპს რაიმე ინფორმაცია თუ მიაწოდეთ მადრიდის “რეალის” შესახებ?
- ჰერ იურგენს ჩემთვის არაფერი უკითხავს. შაამისო საჭიროებაც არაა – კლოპმა უჩემოდაც მშვენივრად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს.
- ამბობენ, “რეალი” ინდივიდუალისტების კრებულია, “დორტმუნდი” კი უფრო ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- არა, ასე არ ვფიქრობ. მოურინიოსაც მეტად შეკავშირებული კოლექტივი ჰყავს. მაღალი კლასის შემსრულებლები კი არც ჩვენ გვაკლია. აქედან გამოდინარე, ნახევარფინალში ერთმანეთს თანაბარძალოვანი გუნდები შეხვდნენ, მატჩები კი დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის.
- კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება თქვენი უმთავრესი ამოცანაა?
- კრიშტიანუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ინდივიდუალურა შეუძლია ასპარეზობის ბედის გადაწყვეტა. მოხარული ვარ, მისი პარტნიორი რომ ვიყავი. პორტუგალიელი ვარჯიშის დროსაც სამაგალითოა. არ შემხვედრია მოთამაშე, რომელიც მასზე მეტად შრომობდეს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მწარედ ცდება, ვინც რონალდუს მედიდურ ადამიანად მიიჩნევს. მადრიდელთაგან კაკასაც გამოვარჩევდი. ამ 2 ადამიანის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.
- მადრიდში მეგობრები გყავთ?
- დიახ და კაკა ერთ-ერთი მათგანია. როდესაც შვილი შემაძინა, კაკა და მისი მეუღლე კაროლინი გვეხმარებოდნენ.









