ბოლო კვირაა, „ფოქს სოკერი“ „დიდი მატჩების“ შესახებ გადაცემების ციკლს აჩვენებს და 16 ნოემბერს „ნიუკასლ იუნაიტედის“ სათასო ბატალიები გადაქექა. გულიტისა და სერ ბობი რობსონის პერიოდის „ნიუკასლი“ გააცოცხლეს - შირერით, შეი გივენით, კლუივერტით და ... ქეცბაიათი.
ქვეყნის გარეთ საკმაოზე დიდხანს ყოფნამ მონატრება იცის და ალბათ, ამ მონატრების ფონზეც ძალიან ამაყი ვიყავი.
თქვენც იამაყებთ - გულიტის პერიოდის, 1999 წლის „ნიუკასლი“, „ევერტონთან“ 4:1, ქეცბაიას ჯადოსნური თამაში ნახეთ და აუცილებლად იამაყებთ - ორი გოლი, შირერისთვის პირდაპირ ლანგრით მირთმეული ქუსლური საგოლე გადაცემა, ჭკუაზე გადასული ჯორდები და კომენტატორის მიერ დროში გასროლილი ფრაზა: “ეს დღე ღმერთმა ქეცბაიასთვის შექმნა!”
და დასკვნაც - ჩემეული, არავისთვის თავსმოსახვევი, მაგრამ ბევრის მიერ აღიარებულიც: იგი, დიდი და გულიანი ქართველი ფეხბურთელი იყო!
*****
ამთავითვე ვიტყვი: სულ ბოლოს, თემურ ქეცბაია შოთა არველაძის ფეხბურთიდან გაცილებისას ვნახე - ჯერ „პაიჭაძის“ მინდორზე, მერე „შერატონის“ საბანკეტო დარბაზში. დაინტერესებული მკითხველი თავად დაიანგარიშებს, რამდენი ხანი გავიდა მას მერე. როგორც ჟურნალისტს, არასოდეს ჩამიწერია მასთან ინტერვიუ, არ მითხოვია მაისურა, ან სანაკრებო თამაშის ბილეთი, არ დამიჭერია მისი მხარე არცერთ კონფლიქტურ სიტუაციაში, არ მომინათლია მისი შვილი და არ მიმიწვევია ქორწილში.
ვიცნობ მხოლოდ გამარჯობით და ვაფასებ ძალიან, რადგან, არ ითამაშა რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ფრეზე გარიგებულ თბილისურ მატჩში.
ერთი სიტყვით, ვერავინ დამაბრალებს, რომ მისი რაზმიდან ვარ.
****
სხვამხრივ კი, ეს კაცი მართალია - კი, კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მართალია. წარსულთან, ახლანდელობასთან, ჩინოსნებთან, გოგუასთანაც, ნაკრებთანაც, კომენტარებშიც. გასაგებია, რომ ალაგ-ალაგ ზომიერება ღალატობს და მისი ორატორული გაქანებაც შორსაა ლორდთა პალატის წარმომადგენელთა „სპიჩებისაგან“, მაგრამ საკითხი რომ ასე არ დგას?!
ქვეყანაში, სადაც თვით პირველი პირიც კი „ვაი, შენ პატრონს უბედურს“ და „გააჩმახათი“ სიტყვამზიანობს, სადაც სამმარცვლიანი „შე ჩემა“ საერთო-სახალხო საკუთრებად იქცა, საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის ლექსიკა არ არის სამყაროს დასასრული და მთავარი პრობლემა – ეს, ქეცბაიას პირადი პრობლემაა.
ყველაფერი ფარდობითია და დარწმუნებული ვარ, ზემოთ მოყვანილი შედარება, განსაკუთრებით, ხუთი ნომრის მოყვარულ ადამიანებს არ მოეწონებათ (ქეცბაია ნაკრებში ცხრა ნომერი იყო) - აბა, სად პრეზიდენტი და სად თემურიო.
იყოს ასე, დიდი მწვრთნელების მაგალითი მოვიტანოთ - ჟორდანიასი, ახალკაცისა, ნებისმიერის... რაო, მაინცდამაინც რბილი სიტყვათწყობით რომ არ გამოირჩეოდნენ, უნდა მოვიძულოთ?!
ის კი არა, როცა იოჰან ბოსკამპმა დიღმის ბაზიდან ზაზა ჯანაშია დაიფრინა, ცაში ინგლისურის მცოდნე ადამიანებმა დაიცეს ყურები და მიწაზე ზაზამ არ დამალა გაკვირვება - ეს ვინ ყოფილა, ჩემზე გიჟიაო...
მოკლედ, საკითხი სულ სხვა სიბრტყიდანაა - ზოგადად მართალია, თუ არა თემურ ქეცბაია?
ეს კითხვა, მხოლოდ ცალსახა პასუხს მოითხოვს: რადგან სიმართლე, ბურთის ფლობაში უპირატესობა არ არის, პროცენტულად გაზომო - სიმართლე ერთია, ან ასე, ან ისე! ან ცა, ან დედამიწა! ან დღე, ან ღამე...
დანარჩენი, ბურთისა არა, სხვა რამის თამაშია!
****
მისი კრიტიკა უმცროს დავით მუჯირს არ დაუწყია. მისი კრიტიკა ჟურნალისტებმა დაიწყეს სოციალურ ქსელებში და იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე უმცროსი მუმუ დაალაგებდა ორ წერილად.
ბუნებრივია, იმთავითვე არსებობდა ქეცბაიათი უკმაყოფილო გულშემატკივარიც, რომელთა პოზიცია, განსაკუთრებით კატეგორიული, ნაკრების წარუმატებელი ციკლისას გახდა. და ეს კატეგორიულობა, საბოლოოდ, ერთმა სიტყვამ დაიტია: წავიდეს!
მაგრამ ეს არ არის სერიოზული მიდგომა. ეს უფრო, ფანატიზმია. ასეთი უკიდურესობა, სწორედაც რომ ფანატიკოსს ახასიათებს და არავითარ შემთხვევაში ქომაგს - ადამიანს, რომლისთვისაც მთავარი, სიმპათია-ანტიპათია კი არა, საკუთარი გუნდისთვის უკეთესი გამოსავალის პოვნა, სწორი გადაწყვეტილების მიღება და გაზიარებაა.
წავიდეს და მორჩა? თუ ჰო, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ყოფილა და არა დამარცხებულის სინდრომი, კვალიფიციური ფეხბურთელების სიმწირე, ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე, ცალკეულ მოთამაშეთა უდისციპლინობა, სასაცილომდე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უაღრესად პოლიტიზირებული გარემო, გულგრილი ბიზნესი, დამამცირებელი სისტემა...
თავის დროზე, გაზეთ „სპორტში“ მუშაობისას, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილს „ელექტროსკამი“ ვუწოდე და აჰა, თუ არა: მას მერე, ტოპმიოლერი და კუპერი (რეპუტაციებითურთ) ხომ შეიწირა ამ თანამდებობამ, ამჟამად ქეცბაიას მისამართით აგზავნის „ფლუიდებს“.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთი რომელიმე ადამიანით დაიწყოს, ან დამთავრდეს ქართული ფეხბურთი, მაგრამ თუკი ქეცბაია ასე და ამ ეტაპზე წავა...
მერე ყველაფერი „სულერთია“ გახდება - გინდ მოურინიო მოიყვანო და გინდაც ბიჭოლა.
რადგან, საქართველოს ნაკრებმა გააარაფრა ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი, ძოძუაშვილი, ბოსკამპი, ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი (სხვებიც) და თუ მათ ჯგუფს ქეცბაიაც მიემატა, გამოდის, რომ ამ ნაკრებს არ წაადგა არც ქართველი და არც უცხოელი, არც წესიერი და არც უწესო, არც დიდი და არც პატარა, არც ემოციური და არც თავშეკავებული, არც პრინციპული და არც მართული, არც მცველი და არც თავდამსხმელი, არც ჩრდილოელი და არც სამხრეთელი, არც ხნიერი და არც ახალგაზრდა...
გავუშვათ ქეცბაია და ვუმღეროთ დითირამბები მორიგი აღმშენებლობის გზაზე დამდგარ ქვეყანას, დავცინოთ 13 მაისს, „ხილთაქებაში“ დავაბეროთ ახალი „პერსპექტიული ბიჭი“, ძველებური არაპროფესიონალიზმითა და გულგრილობით, პწკენა-პწკენით ვაორსულოთ პატარძალი, დავაბრალოთ ილიკოს, ილარიონს, ბებიას, ზურიკელას და არ ვთქვათ სიმართლე.
სიმართლე, რომელიც ძალიან მარტივია და იოლად გასაგები - ქართული ფეხბურთის პრობლემა მენტალიტეტში, ანუ თავშია! მარტო ზემოთ კი არა, თავში! მარტო მელოტ კი არა - შემელოტებულ, შვერცხლილ, გრუზა, ქოჩრიან, ხუჭუჭა, გასიებულ, ანუ ყველანაირ თავში.
ჩვენშივეა-მეთქი პრობლემა...
****
რას ედავებიან ქეცბაიას? ალბათ, იმას, ან იმაზე ცოტა მეტს, რაც უმცროსმა მუჯირმა ჩამოაყალიბა თავის პირველ წერილში. ყოველ შემთხვევაში, პრესასა თუ ტელევიზიაში, უფრო ტევადი ბრალდებები ჯერ არავის გაუხმიანებია (არც სპეციალისტს, არც ჟურნალისტს).
აქედან გამომდინარე, თუკი კამათია, პირველ რიგში, სწორედ მუმუს უნდა ეკამათო.
დავით მუჯირი ერთ-ერთ განათლებულ, ტაქტიან და წესიერ ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ შემიშლის, მის მიერ გამოთქმულ ბრალდებათაგან უმეტესობა არ გავიზიარო და ამ შემთხვევაში, ქეცბაიასი კი არა, სიმართლის მხარეზე დავდგე...
რა არის მუმუს წერილის ამოსავალი?
შედეგი, გულდასაწაყვეტი კომენტარები, სტრატეგია მომავალ ციკლთან დაკავშირებით, სტილი, ტაქტიკა, მოსამზადებელი პერიოდი, გოგუას საკითხი, ხელფასი და...
თუმცა ქეცბაიას ლექსიკაზე უკვე ვილაპარაკე...
კატასტროფული შედეგი და გულდასაწყვეტი კომენტარები...
ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა. კატასტროფული შედეგი იყო ის, რაც საქართველოს ნაკრებმა ექტორ რაულ კუპერის ხელში აჩვენა - რეკორდული მოუგებელი სერია, საკვალიფიკაციო ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილი და სამი განსხვავებული ფრის საფუძველზე აღებული სამი ქულა.
თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა აჩვენა არა კატასტროფული, არამედ ცუდი შედეგი - დაიკავა რა ბოლოსწინა ადგილი ჯგუფში და ვერ გაასწრო უშუალო საპირწონეს, ლატვიის ეროვნულ ნაკრებს. სწორედ ლატვიელებთან თბილისურმა მარცხმა შეაჯანჯღარა თემურ ქეცბაიას პოზიცია ასე, თორემ დარწმუნებული ვარ და სავარაუდოდ, ნაკრების მწვრთნელის ყველა ობიექტური კრიტიკოსი დამეთანხმება, რომ რეალურად, ეს ნაკრები ხორვატიის, საბერძნეთისა და ისრაელის გუნდებზე სუსტია.
შესაბამისად, ამ გუნდისა და ამ შემადგენლობისათვის ზედგამოჭრილი იყო მეოთხე ადგილი და ჯგუფიდან გასვლის ილუზიები კი, საკვალიფიკაციო ტურნირის პირველმა ნახევარმა გააჩინა.
იმ პირველმა ნახევარმა, რომლის შემდეგაც, ქეცბაია ეროვნულ გმირად მიიჩნიეს - ხდება ფეხბურთში ასეთები.
გულდასაწყვეტ კომენტარებს რაც შეეხება...
შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირში ნაკრების გამოსვლა წარმატებულად, ან დადებითად შეფასდეს - თუნდაც კუპერის ფორმაციის ნაკრების მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგის მერე.
მაგრამ ბუკი და ნაღარა დავკრათო, არც ქეცბაიას უთქვამს – აი, მისი კომენტარი:
„რაც მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა და რა დღეშიც იყო ნაკრები, იმის ფონზე ვსაუბრობ. აბა, საქართველოს ნაკრებს ტიტული არ მოუგია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ორ წელიწადში ნაკრებმა 10 მატჩი გასვლაზე ჩაატარა. ფაქტია, ნაბიჯები გადაიდგა.“
წერილში მწვრთნელის გადადგომასა და უპერსპექტივო ფეხბურთზეცაა საუბარი...
კი მაგრამ, მანამდე სად და როდის აჩვენა პერსპექტიული ფეხბურთი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა? ოცზე მეტი წელიწადია არსებობს ეს კრებული, ტრუსებზე უფრო ხშირად მწვრთნელებს რომ იცვლის და მისგან ნაჩვენები პერსპექტიული ფეხბურთი ვერსად და ვერასდროს ვნახეთ.
ცალკეულ გამონათებებს არ ვგულისხმობ. ცალკეულ გამონათებებზე რომ მიდგეს საქმე, უელსთან და ხორვატიასთან თბილისურ გამარჯვებებს ვერაფერი დაუდგება წინ - ორივე გამარჯვების, სულ მცირე, რიგითი შემოქმედი მაინც, ქეცბაია იყო.
აქედან გამომდინარე რომ ქართველმა გულშემატკივარმა ქართველ ფეხბურთელებს „გადადგომა“, ანუ ფეხბურთიდან წასვლა მოთხოვოს, ხომ ლოგიკური იქნება?
„ამ ციკლის იმ ციკლისთვის გამოყენება“
უმცროს მუჯირს არ მოსწონს ქეცბაიას პოზიცია 2014 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად გამოყენების თაობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაპიტულანტურ განწყობაში დებს მას ბრალს.
ეს ბრალდება, ცოტა არ იყოს, დემაგოგიურია, რადგან გუნდი, რომელიც მალტას ვერ უგებს, სავარაუდოდ, საფრანგეთსა და ესპანეთს ბევრს ვერაფერს დააკლებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალ საკვალიფიკაციო ჯგუფში, „ჯვაროსნები“, მაქსიმუმ, მესამე ადგილისთვის არიან განწირულნი და როგორი იქნებოდა, ამ გუნდების ფონზე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მოლაპარაკე მწვრთნელი?
გულზე ხელის დადებით ვთქვათ, განა, ასეთი პოზიცია ციკლის ბოლოს ბუმერანგივით არ მიუბრუნდებოდა უკან? აუცილებლად!
აუცილებლად და აი, მაშინ კი მართლა მოუწევდათ ქეცბაიას და ფედერაციას ოთხწლიანი კონტრაქტის გადახედვა.
ერთია, კაპიტულაცია და მეორეა პრაგმატიზმი - სწორედ არაპრაგმატულობამ და ეიფორიამ მიიყვანა ნაკრებიც და ჩვენი ფეხბურთიც აქამდე. ლოგიკურად, არაფერი მიუღებელი და უსაშველო არ არის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამონათქვამში. იგი აყალიბებს მისეული ფორმაციის გუნდს, ამას ემატება სამწუხარო კანონზომიერება - მორიგი თაობათა ცვლის პროცესი, იცვლება სტილი და რა გასაკვირია, რომ ვექტორი - „ახლა და ამ წუთში“, ორიენტირმა - „ცოტა გვიან“ შეცვალა?
ეს, სწორი პრაგმატიზმიც რომ არ იყოს, ხშირად ყოფილა, სტატისტიკურად პროზაულ გუნდს, ერთბაშად ორი გრანდისთვის საკვალიფიკაციო პროცესი მოეგოს?
დროებით დავივიწყოთ ქეცბაია, გადავხედოთ ნაკრების შედეგს, შემადგენლობას, მეტოქეებს და მივიღოთ სინამდვილე, როგორც მოცემულობა, როგორც სამომავლო მოქმედებისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი.
აქ, რომანტიზმსა და ოპტიმიზმს არაფერი ესაქმებათ - როცა ზარბაზნები გრუხუნებენ, მუზები სდუმან...
ანტიფეხბურთის შესახებ...
ანტიფეხბურთი ფარდობითი ცნებაა - ამგვარი რამ, „რეალმა“ რომ „ბარსელონასთან“ 0:5 წააგო, მოურინიოს დასწამეს - ბევრი თვლიდა, რომ უსამართლოდ, მაგრამ ის მატჩი ეჭვებს ნამდვილად ჰბადებს.
ესპანურ მუნდიალზე, მარადონას იტალიელი ჯენტილე როგორც ეთამაშა, ყველაზე მეტად ეგ იყო ანტიფეხბურთი, აკი, შეარქვეს კიდეც „ყასაბი“...
საქართველოს ნაკრებს ამ მხრივ და ამ ციკლში, ყველაფერი რიგზე ჰქონდა - საშუალოდ ორზე ნაკლები ბარათი თამაშში და არცერთი გაძევება. ეს იმის მანიშნებელია, რომ სათამაშო დისციპლინის მხრივ, მწვრთნელმა საშუალოზე უკეთ ამუშავა გუნდი.
მაგრამ ვის-ვის და, დავით მუჯირს ტერმინებში არ შევედავები - გასაგებია, რომ მან უხეშობაზე, ძვლების ხრჭიალზე კი არა, დაცვით ფეხბურთზე გაამახვილა ყურადღება.
არის სიმართლის მარცვალი მის პოზიციაში - ქართული ფეხბურთი ყოველთვის შეტევასთან იგივდებოდა და ამ შემთხვევაში, ტრადიციების ერთგვარ მსხვრევასთან გვიწევს შეხება. თუმცა, ამაზე ქეცბაიამ არ უნდა იფიქროს ახლა, თუკი დაცვითი ფეხბურთია ამოსავალი პრობლემა, ამაზე ფედერაციის ჩინოსნებს უნდა ეფიქრათ ადრე.
ხომ ხელისგულზე გვედო „ანორთოსისი“ და მისი სტილი, თუ კვიპროსის ჩემპიონატში არა, ჩემპიონთა ლიგაში მაინც? ან ორიოდ ჟურნალისტის გარდა, რატომ არავინ ახსენა ეს პრობლემა ციკლის წარმატებულ ნახევარში?
კი, ბატონო, მატერაცის მეც ზიდანი მირჩევნია, მაგრამ ფეხბურთის ისტორია და სტილი ცალსახა არ არის და მასში, ერერასეულ „კატენაჩიოს“ არსებობის ისეთივე უფლება აქვს, როგორც, თუნდაც ბრაზილიურ 4-2-4-ს...
რევერანსები არ არის საჭირო, ქეცბაიასეული გუნდები აქამდე, „მეორე ნომრად“ უკეთ თამაშობენ და რაკი მას „ჯვაროსნებამდე“, ისტორიულად შემტევი სტილის გუნდებში არ უმუშავია, რატომ გვქონდა ილუზია, რომ მის ხელში ჩვენი გუნდი ბარსასეულ „ატკატაიკას“ ითამაშებდა?
ალალად ვამბობ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია და მაინცდამაინც არც ახლა მიმაჩნია უსაშველო უბედურებად, თუკი პროზაულად საშუალო საქართველოს ნაკრები პრაგმატულ, ფრთხილ და დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს - მთავარია, 2010 წლისა არ იყოს, წაუგებელი სერიები გაგვიმრავლდეს.
ფეხბურთში შედეგია მთავარი - ტაბლო! და თეთრ ვარდებს რაც შეეხება, თეთრი ვარდები მერე, როცა სტადიონებზე გაზონს ციკლის მიმდინარეობისას კი არა, მანამდე შეცვლიან ხოლმე.
შემტევი ფეხბურთი რომ ითამაშო, შესაბამისი დონის შემტევები უნდა გყავდეს და ყოველგვარი ცინიზმისა და აბუჩად აგდების გარეშე ვსვამ კითხვას: ქართულ ფეხბურთს რომ თუნდაც რამდენიმე საშუალო ევროპული დონის შემტევი დაურბოდეს, რა უნდათ 17-18 წლის ბიჭებს ქვეყნის უმთავრესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში?
შეტევითი ფეხბურთი შემქმნელმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, ბურთთან „შენობით“ მოლაპარაკე მოთამაშეებმა, რომელთაც ტექნიკისა და გამძლეობის გარდა, გოლის ალღოც დაანათლა გამჩენმა.
რომელ შემქმნელობაზე და შეტევაზეა საუბარი, როცა საცოდაობით გატანილი შვიდი ბურთიდან ოთხი ნომინალურმა ნახევარმცველებმა (კანკავამ ორი, თარგამაძემ და კობიაშვილმა) გაიტანეს და თავდამსხმელებიც - სირაძე (ორი გოლი) და იაშვილი, შესაბამისად, საყრდენ და ცენტრალურ ნახევარმცველებად იწყებდნენ კარიერას.
არავის გულის ტკენას არ ვაპირებ, მაგრამ შოთა არველაძის ფეხბურთიდან წასვლის მერე, ქართულ ფეხბურთს რომ მეგოლე ფორვარდი უჭირს, მხოლოდ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში გამოჩნდა? ამ მხრივ რა ვარსკვლავებსაც ვკრეფთ, ბრაზილიელმა აკინომ დაგვანახა - ეროვნული ჩემპიონატის ერთ წრეში რომ მოითავა ბომბარდირობის საქმე.
ჩემით და კატეგორიულად არაფრის მტკიცებას დავიწყებ. მუმუს პოზიციას არანაკლებ ავტორიტეტს, შოთა არველაძეს დავუპირისპირებ:
„რეალობამ მოიტანა. საქართველოს ნაკრები არაა ის გუნდი, რომ სამი გოლი გაუშვას და ოთხი გაიტანოს. ასე იოლად არავინ შეგატევინებს. თანაც, გადავხედოთ შემადგენლობას – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები მცველები არიან.“
სიმართლეს გაუმარჯოს: მწვრთნელი გუნდს ათამაშებს იმ ფეხბურთს, რის შესაძლებლობასაც შემადგენლობა აძლევს.
რაც შეეხება იმ ამბავს, მწვრთნელმა ამა თუ იმ თამაშში მცველების მაქსიმალური რაოდენობა შეუშვა მინდორზეო და მსგავსი არგუმენტები, საკამათოა ესეც: შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებმა ორი მეკარით, ათი მცველით, თერთმეტი ნახევარმცველითა და შვიდი თავდამსხმელით ითამაშა. ვინმე ხედავს ამ ოცდაათეულში დისბალანსს? მითუმეტეს, საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებიდან, ნახევარი და მეტი ითამაშა 4-მა მცველმა, 5-მა ნახევარმცველმა და 4-მა თავდამსხმელმა. ეს, სტატისტიკურად და იმავე შოთა არველაძის ვერსიით კი:
„საუკეთესო ხარისხი, რომელიც ნაკრებმა აჩვენა, იყო პოლონეთში (ამხანაგური) და შინ ლატვიასთან. არცერთ ამ შეხვედრაში, მცველს ნახევარდაცვაში არ უთამაშია. დაცვა კარგია და ამის შეცვლა არ შეიძლება, სტატისტიკას გადავხედოთ. ამ შესარჩევში, ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა ნაკრებმა. წინ გვაქვს პრობლემები.“
რაკი შემტევი ფეხბურთელების პრობლემას შევეხეთ, არ შეიძლება, აქვე არ გავაჟღეროთ ჯაბა დვალის საკითხი. „ზესტაფონის“ თავდამსხმელი ხომ ლამის, „საკონტროლო გასროლად“ აქციეს თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში.
საზოგადოებრივი არხის ეთერში, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთხელაც უპასუხა ჯაბას შესახებ კითხვას და თქვა, რომ მისი ფორმაციის ნაკრებში, დვალს ვერ მოიაზრებდა. უფრო კატეგორიული, ვარლამ კილასონია იყო, რომელმაც ყველასთვის კარგად გასაგებად ახსნა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში თავგამოჩენილი ფეხბურთელის შესაძლებლობები, შეიძლება, ოდნავაც ვერ ეყოს სანაკრებო მოთხოვნებს.
მაგრამ აქ უმთავრესი, მაინც სხვა რამეა - თვეებია, ჯაბაზე საუბრები მიდის და მისი სათანადო პოზიცია ამ საკითხზე არსად დაფიქსირებულა.
განა საინტერესო არ არის, რას ფიქრობს თავად ფეხბურთელი ამ ყოველივეზე?
ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ითვლიან მის გოლებს, ახსენებენ ევროარენაზე მართლაც ჩინებულად გამოსვლას რამდენიმე მატჩში და არავინ ლაპარაკობს ისეთ პროზაულ საფეხბურთო ნიუანსებზე, როგორიცაა გამძლეობა, მობილურობა მთელი შეხვედრის განმავლობაში, ორთაბრძოლებში შესვლის სიხშირე და სისწრაფე - სასტარტოც, სტაიერულიც...
ანუ კრიტერიუმებზე, რომელიც ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების შტრიხ-კოდია და რომლებიც ნათელს ჰფენენ კიდევ ერთ საკითხს - ლადო დვალიშვილისას...
გარდა ამისა, ეს მწვრთნელი თამაშობს ერთი ცენტრალური ფორვარდითა და ორი ფრთის ნახევართავდამსხმელით, რომელთა ფუნქციაც იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელ ნომრად ასპარეზობს გუნდი - პირველია და უტევს, თუ მეორეა და თავს იცავს.
და თუ მაინც კატეგორიულობაზე მიდგება საქმე, მაშინ საკითხი უნდა იდგეს არა ქეცბაია ვერსუს დვალი კონტექსტში, არამედ ასე: დვალი, თუ დვალიშვილი?! დვალი, თუ მარცვალაძე?! დვალი, თუ ანანიძე?! დვალი, თუ თარგამაძე?! გელაშვილი, გურული, მოდებაძე - მოკლედ, საფიქრალიც და საკამათოც არსებობს, არგუმენტებიც საკმარისია და თუკი, განწყობა ოდნავ მაინც ნორმალური იქნება, მწვრთნელთან დვალით „რუსული რულეტკის“ თამაში არც მთლად მომგებიანი ჩანს...
მსგავსი მაგალითი არსებობს ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიაში - დავით დიღმელაშვილისა, რომელიც თავისი თამაშით მართლა იმსახურებდა საფეხბურთო საზოგადოებისა და მასმედიის სიმპათიებს იმხანად. მისი სანაკრებო შანსების შესახებ, ერთგვარი გამოკითხვაც კი გაკეთდა და ყველაფერს წერტილი გია გეგუჩაძემ დაუსვა - მან თქვა, რომ „დიღმელას“ სისწრაფე, უკეთესის სურვილს სტოვებდა. სულ ეს იყო...
თავად ჯაბა დვალის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ განა, ასე ძნელი დასანახია, რომ ქეცბაიას ნაკრების სიაში, პრიორიტეტი ენიჭებათ არა ეპიზოდებში თუნდაც მშვენივრად, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში მოძრავ ფეხბურთელებს?
თავს ვერაფერზე დავდებ, ეგებ, უხეირო შედარებაც იყოს, მაგრამ ქეცბაიას ავტოსადგომზე, უფრო, მონოტონურად, მაგრამ გამართულად მომუშავე „ფოლკსვაგენს“ სწყალობენ, ვიდრე ოღროჩოღრო გზის რომელიღაც „სლიპინა“ მონაკვეთზე მფრინავ „ჰარლი დევიდსონს“, ან „იამაჰას“...
****
ამონარიდი უმცროსი მუჯირის ღია წერილიდან:
„სამწუხაროდ, მწვრთნელ ქეცბაიას უამრავი მინუსი აღმოაჩნდა, უამრავი შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევაში, თამაშებისთვის მზადების პროცესში, შეცვლებში, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში...“
ქეცბაია რომ ფიცხი კაცია, ჟურნალისტებს ვერავინ გვასწავლის. პირადად ვიყავი მომსწრე, გუცაევის ფორმაციის ნაკრების დროს, ყველასა და ყველაფერზე შემომწყრალმა თემურმა ერთი ამბავი რომ დაგვაწია იმხანად „სარბიელის“ ჟურნალისტებს. მთავარი ადრესატი კობა ინასარიძე იყო და მამუკა კვანტალიანსა და მე რაც შეგვეხება, ნამდვილად გაკვირვებულები ვისმენდით ქეცბას პრეტენზიებს - პირველი იყო, მანამდე მისი სიფიცხის ამბავს მხოლოდ მინდორზე, მეტოქეებისა და თანაგუნდელების მისამართით გაგვეგონა, ყველაფერს სათამაშო სიტუაციას ვაბრალებდით და იმიტომ.
მაგრამ მას მერე დიდი ხანი გავიდა. ამ შემთხვევაში, მწვრთნელი არ და ვერ უნდა გაამართლო - ორმოცი წელი წყალგამყოფი ზღვარივითაა. ამ ასაკში, ემოცია ცუდი მოკავშირეა და თუ მაინცდამაინც, სიტუაციას უნდა ეყო. გასაგებია, რომ ვარჯიშზე მომხდარმა გაუგებრობებმა, ტელეეკრანიდან „გამოსროლილმა“, რბილად ვიტყვი, უცერემონიო მიმართვებმა ბევრი გააღიზიანა, მაგრამ...
თავად მუჯირიც დამეთანხმება, ასეთი რამეები ფეხბურთის თანმდევია, ფერგიუსონის მიერ ბექჰემისთვის ნასროლ ბუცსა და ვენგერის მიერ ვან პერსისთვის გაწნულ სილას რომ თავი დავანებოთ, აგერ, ამისულაშვილმა აწყენინა შოთას - თანაც ისე, ხმამაღალი სიტყვაც არ თქმულა...
ხდება ხოლმე.
უბრალოდ, სხვა ბრალდებებს მიემატა ესეც, თაიგული შეიკრა და მე ამას ვხვდები...
რაც შეეხება „უამრავ შეცდომას“ მზადების პროცესში და შეცვლებში, ამაზე, ასე ზოგადად ვერ ისაუბრებ, იყო ათი მატჩი, გაკეთდა კონკრეტული შეცვლები, შემუშავდა კონკრეტული მოსამზადებელი პროგრამა და თუკი, მწვრთნელმა შეცდომები დაუშვა, ასე ზოგადად არა, კონკრეტულად უნდა მიეთითოს.
შესაბამისად, თითოეულ კრიტიკულ ნიუანსსაც პასუხი ქეცბაიამ უნდა გასცეს - ამ შემთხვევაში, მე ხელები დამიბანია, ეს ყველაფერი, ერთი ჟურნალისტის კომპეტენციას სცილდება.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბერძნეთთან გაკეთებულ ნაადრევ შეცვლებს არგუმენტად მივიღებ: ორი იძულებითი იყო, გრიგალაშვილის შემთხვევაში კი, შეცვლაზე მეტად იმაზე თუ იდავებ, შემადგენლობაში რატომ დააყენაო...
თუმცა, ამას სხვა კუდი შეიძლება მოებას, ქვეყნის ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე რომ უფერულად გამოიყურება, ეს, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სხვა ფეხბურთელების შესაძლებლობების საზომიც ხომ არ არის?
გულით ვისურვებდი, ღია წერილში დადებითზეც თქმულიყო - სხვა თუ არა, ეს ყველაფერი ობიექტურობას შემატებდა მუმუს ნაფიქრალს, მაგრამ...
თარგამაძე? ხუბუტია? ესენი განსაკუთრებით და რამდენიმე სხვაც - განა ეს ფეხბურთელები, ამ ციკლში არ „გაიხსნენ“?
და კიდევ: როცა წერ, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებსო, გსურს თუ არა, იმასაც აღიარებ, რომ თამაშის ორგანიზაცია, სათამაშო დისციპლინა ჰქონია – ამას, ერთი ციკლის განმავლობაში გაშვებული სარეკორდოდ ცოტა გოლიც თან დაურთე და...
გამოდის, რომ ნაკრებში, რომელიც 1:6, 1:5, 2:6 ანგარიშებით მარცხდებოდა, რაღაცა გამოსწორდა კიდეც. მით უმეტეს, ყველა გუნდის შენება დაცვიდან იწყება.
ამის დავიწყება არ იქნება, ისევე, როგორც ჯაბა დვალის შესახებ საზოგადოების შეკვეთისა და ბუნებრივია, როგორც ნაკრების ყოფილ წევრს, თავად დავით მუჯირსაც გააჩნია „ჯვაროსნების“ კანდიდატობის პრეტენზია...
ჰო, კიდევ, მაღრაძეა უკმაყოფილო - საინტერესო იქნება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იმედია, სანაკრებო შტაბი გაახმიანებს გარკვეულ პოზიციას.
ვისურვებ, რომ საფუძვლიანს, თორემ კამერუნთან შეკრებაზე ჯაბა რომ გამოძახებული იყო, სტატისტიკიდან ისედაც ვიცით.
გოგუას საკითხი
გოგიტა გოგუა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალშია, რომელთაც სხვა ვერას დააკლებს, ასეთები თავად ავნებენ ხოლმე საკუთარ თავსა და ფეხბურთელობას.
გადახედეთ მის სანაკრებო კარიერას, მიადევნეთ თვალი იმ მოვლენებს, რომელიც სულ ბოლოს, კლუბში გადახდა - კონფლიქტები, კონფლიქტები, კონფლიქტები...
ტოპმიოლერთან, კუპერთან, ახლა ქეცბაიასთან...
მერე რა, ქართულ ფეხბურთში რომ ყველა ყველაფერს მალავს და მხოლოდ კულუარებიდან, ან ახლობლებიდან ახერხებ რაღაცების გაგებას...
ტოპმიოლერის წინააღმდეგ, გოგიტას ღია წერილიც ხომ იყო - შეიცვალა რამე? ძველი ფედერაციის შემადგენლობას დავანებოთ თავი, თავად რა დასკვნა გამოიტანა?
აფსუსი არ არის, ნიჭიერი და გულიანი ფეხბურთელი, ასე ბარბაცით მიდიოდეს კარიერის ბოლოსკენ?
არ მიკვირს, ცუდი რამეებით უჭედავდნენ ყურებს „კეთილისმყოფელები“, მენტალიტეტში და ფასეულობებშია საქმე. სატელევიზიო ეთერში ქეცბაიას არგუმენტებიც მოვისმინე და რა გასაკვირია, რომ არადამაჯერებელი იყო...
აბა, როგორი სათქმელია - ვიჩხუბეთ და ვიგინეთო.
საერთოდ, ქართველ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმში უჭირთ - ეს მუმუმ ჩემზე კარგად იცის, ერთხელ ხომ მანაც იწვნია კუპერისგან საყვედური.
რაც შეეხება იმას, ქეცბაიამ ეს, ეს და ეს რატომ არ ათამაშაო, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, სათამაშო პრაქტიკა - ეს ნიუანსები, ერთად და ცალ-ცალკეც, ძალიან ბევრს განსაზღვრავს: ბოლოს და ბოლოს, ქართული ფეხბურთის სინანულნარევი ემოცია, მალხაზ ასათიანი გამოაკლდა ნაკრებს შუა ციკლის შემდეგ და სხვაზე რა გინდა, რომ თქვა...
სამწუხაროდ, ახლანდელ ქართველ ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილი თამაშობს საკუთარ კლუბებში სტაბილურად.
და ისევ შოთა არველაძე, თავდამსხმელების შესახებ რომ ჰკითხეს:
„ყველა გამოსცადა ქეცბაიამ. ვინღა დარჩა? სირაძე დააყენა, დვალიშვილი დააყენა, აგერ, ახლა მჭედლიძე დააყენა და ბიჭმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლა ითხოვა... ბოლოს და ბოლოს, მე ხომ არ დამაყენებს?“
შოთასაც „ქეცბაია დაემართა?“
არა მგონია, უბრალოდ, იქ არ ვაკაკუნებთ.
****
დიდი ხნის წინ არ ყოფილა, კლაუს ტოპმიოლერს ერთ-ერთი პირველი ჩავუდექი კრიჭაში და მიუხედავად მუჯირის მიმართ კეთილგანწყობისა, თმაბულულა გერმანელს ვერაფრით ვაღიარებ რისამე და ვისამე წარმატების საზომად.
ეს იყო უპატიოსნო ადამიანი, რომელიც, სიტყვამზიანობდა - სააკაშვილის მერე, პოპულარობით მეორე კაცი ვარ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში ფეხბურთის ბუმია და საფეხბურთო ევროპამდე ოც წელიწადში მიხვალთო.
ჩამოიყვანა და დაასაქმა ფეხბურთთან თქვენობით მყოფი ძმა, დაიგდო ფარეროლოგის სახელი, ქართული სახელმწიფო სუბსიდიით იშოვა გვარიანი ფული, იმ ფულით გერმანიაში გააშენა ვენახები, ნაკრების კანდიდატების გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გადაქაჩვა დაისახა მიზნად, დაიკავა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი და ბოლოს გვიჩივლა...
არაფერს ვამბობ, რიგით სატელევიზიო შოუებში, რედაქციებში სიარულსა და ჟურნალისტებთან ჩახუტების მცდელობებზე.
სწორედ ის იყო „ბრენდ-ნეიმი“ იმ პროექტისა, რომელიც ოც მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა საქართველოს და ვითომ ამდენი იხარჯება „პროექტ ქეცბაიაზე“?
სიზმართა შუაა - ვინმეს სხვის ჯიბეში ფულის დათვლის უფლებაც რომ ჰქონდეს. თუნდაც შვიდნიშნა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ბიუჯეტი, მას ბრალი მხოლოდ ტოპმიოლერიზმის, ანუ უწესობის ჩადენაში შეიძლება დასდო.
ქეცბაია კი მუშაობს - ბუნებრივია, როგორც შეუძლია, მაგრამ ხაზს ვუსვამ - პა-ტი-ოს-ნად. რაც გინდა აკრიტიკო, რეკორდი უკვე აქვს - წარმატებული სერიისა. იგი უკვე ისტორიული ფაქტის შემოქმედია და ამას ვერ წაართმევ.
და ბოლო შენიშვნა ამ სფეროდან: ის, რომ ფარერები მალტის დონის გუნდია, არ არის სწორი - ნამდვილად არის განსხვავება. ყველაფერი შედარებითია...
ბუნებრივია, არ შეიძლება მალტა ვისიმე და რისიმე საფეხბურთო საზომად აქციო, მაგრამ...
ჭიჭყინაც რომ თევზია და „ბარაბულკაც“, ეს იმას არ ნიშნავს, მათ შორის განსხვავება არ არსებობდეს.
ბალანსზე
მუმუ მართალია, როცა საუბრობს კალაძეზე, კობიაშვილზე, რევიშვილზე, იაშვილზე... მათ დავუმატოთ ხიზანიშვილი, კანკავა, ამისულაშვილი, სავარაუდოდ, თარგამაძეც - აი, ის ფეხბურთელები, რომლებმაც საშუალოდ და უკეთ ჩაატარეს განვლილი ციკლი. სხვები, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ცალკეულ მატჩებში გამოირჩნენ და მხოლოდ. ამათგან ერთი მეკარეა, სამი მცველი, ოთხი ნახევარმცველი... ვიფიქროთ, რომ ეს, რომელიმე ციკლის კარგად ჩატარების საფუძველს იძლევა?
არანაირად - საქართველოს ნაკრებში არა მხოლოდ პოზიციური ბალანსია დარღვეული, თერთმეტი სრულფასოვანი ფეხბურთელის მოძიებაც ჭირს და პრობლემა მით მეტად სიღრმისეული გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არც თერთმეტია საკმარისი - ნაკრებს თითო პოზიციაზე, მინიმუმ, ორი სრულფასოვანი, კონკურენტუნარიანი მოთამაშე სჭირდება.
მუმუ პროფესიონალია, მან კარგად იცის გუნდში ბალანსის ფასი და ვფიქრობ, ამ საკითხზე არ იკამათებს, მართალი კი ის არის, რომ გაიოზ დარსაძიდან მოყოლებული, მისდროინდელი ავტორიტეტი ფრანკო ფერარიც, მერე კი ტოპმიოლერიც და კუპერიც იმას ჩიოდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს უჭირს მარჯვენა მცველი, უკანა საყრდენი, ფრთის შემტევები, ხოლო შოთა არველაძის წასვლის მერე, პირველი ფორვარდი, ანუ მეგოლეც...
კი, ბატონო, დავაბრალოთ მწვრთნელს, ან დავიჯეროთ, რომ ჯერაც მხოლოდ პერსპექტიული, 17-18 წლის ბიჭები რამეს შეცვლიან, მაგრამ მართლები ვიქნებით?
არა!!!
ქეცბაიას გუნდის შედეგი მხოლოდ ხილული ნაწილია იმ პირამიდისა, რომელსაც ქართული ფეხბურთის პრობლემები ქმნიან - ვინც ფიქრობს, რომ ერთ კაცშია პრობლემა, რომ ქეცბაიას წასვლით რამეს ეშველება, მწარედ ცდება.
სამწუხაროდ, ცდება დათო მუჯირიც - რომელსაც, ვიმეორებ, ერთ-ერთ განათლებულ და წესიერ ქართველ ფეხბურთელად ვთვლი.
ასევე სამწუხაროა კვიპროსული ფეხბურთის აკადემიის შესახებ ნათქვამი - ჭკვიანი კაცი ბიზნესს აწარმოებს იქ, სადაც დაცულია და რა რისკთანაა დაკავშირებული საქართველოში საფეხბურთო სკოლის გახსნა, მუმუმ ლევან კობიაშვილს, ან კახა კალაძეს ჰკითხოს. ერთიც და მეორეც აპირებდა ამ საქმის წამოწყებას, მაგრამ...
არჩილ არველაძე კი თავგადასავალს მოუყვება - „ლოტოტრონში რომ დაატრიალეს“ და 35-ე სკოლის მაგიერ, მუსიკალური სკოლის დირექტორობა „მოიგო“...
გია ნემსაძე „საბურთალოზე“ იტყვის, იქ „ავაზა“, აქ „ამერი“, „ოლიმპი“, სულაქველიძის აკადემია...
ნებისმიერ საფეხბურთო სკოლას, ხელისუფლების აჩრდილი დასდევს - ბოროტი აჩრდილი.
*****
ქეცბაიამ, მიუხედავად პირველ საკვალიფიკაციო ციკლში მისი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგისა, პირველმა თქვა, რომ ეროვნული სტადიონი, ევროპული დონის არენა კი არა, ყანაა...
ფეხბურთელთაგან, ქართველ ვეტერანებს პირველმა უთხრა მწარე სიმართლე - რომ ისინი „მოყუჩებულები“ იყვნენ (როცა იგივეს ჟურნალისტები ვამბობდით, ზოგიერთი ირონიით გვეკითხებოდა, სად და რომელ გუნდში თამაშობდითო(!)).
გემახსოვრებათ, მისი პოზიცია 13 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს - ბევრი ჩაერთო პირდაპირ ეთერში? თითზე ჩამოსათვლელი ხალხი და მოქმედი ფეხბურთელებიდან ხომ ნუ იკითხავთ, ცა დახია პროტესტმა...
მოკლედ, არასოდეს დამალულა და „მოყუჩებულა“...
თვალსაჩინოა, რომ მას არ ახასიათებს ორმაგი სტანდარტი - სათქმელს ჯიქურ ამბობს არა მარტო სანაკრებო, სახელისუფლებო დონეზეც და არა მარტო ახლა ხდება ასე, ადრეც ასე იქცეოდა.
და საერთოდ, რომელი ქართველი ფეხბურთელია „ბულკი“? თითებზეც ვერავინ ჩამოითვლის. იმიტომ, რომ მათი ხასიათი ტაშის ფონზე ჩამოყალიბდა. ეს კი, „ხუთოსნის“ სინდრომს იწვევს - ადამიანი ნებისმიერ წარუმატებლობას, შეურაცხყოფას, არასეიოზულობას იმაზე გაცილებით მტკივნეულად იღებს, ვიდრე „სამოსანი“, ან უფრო უარესი, პოლიტიკოსი...
თემური კი არც პოლიტიკოსია და არც აბატი ფარია, შესაბამისად, არც კამეჩის ტყავს ატარებს შუბლზე და არც ია-ვარდი სცვივა ლაპარაკისას.
იგი „ქეცია“ - რომლის კონკრეტულ თამაშებსაც დღემდე იხსენებენ „ფოქს-სოკერზე“, აღმერთებენ კვიპროსზე და აფასებენ საბერძნეთში.
ნუ დავაფასებთ, ნურც გავამართლებთ, ვაკრიტიკოთ, მაგრამ მივცეთ დრო!
გასაგებია, რომ როგორც ყველა ჩვენთაგანი, ბევრ ნაკლსაც ატარებს და მისი ფორმაციის ნაკრებსაც, მინიმუმ, სამი ქულით მეტი უნდა დაეგროვებინა, მაგრამ იგი პატიოსანი კაცია - მის ხელში საქართველოს ნაკრები ფულის საჭრელ დაზგად არ ქცეულა.
პატიოსნება - ეს უმთავრესი კრიტერიუმია!
კი, ბატონო, საფეხბურთო სამყარო თქვენ ხართ, ნება თქვენია, საჭიროდ თვლით? გადააყენეთ, მაგრამ ნუ იტყვით, რომ იგია ყველა პრობლემის თავი და თავი...
აფსუსია გასაწირად - ჩივაძე, ყიფიანი არ გვეყო? ფეხბურთის ისტორიას ხომ ავტორიტეტები, პროფესიონალები ქმნიან.
საქართველოს ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა ფეხბურთთან საკუთარი დამოკიდებულებით დაიმსახურა, რომ დრო უნდა მიეცეს. აქ, სიმპათია-ანტიპათიაზე არც არის ლაპარაკი, საქართველოში ყველა იჩემებს რომ ფეხბურთში ქიციც იცის და ქიცმაცურიც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ქეცბაიას „მგლის ბილეთი“ გამოუწერო.
მე კი, მაგრად მინდა დავიჯერო, რომ ქეცბაიას ახლაც ეყოფა ის ჟინი, რომელიც ფეხბურთელობის დროს „გოდრით ედგა“ მინდორზე და საქმეს და კრიტიკას არ გაექცევა...
აფსუსია... მართლა...
კონსტანტინე გოგიშვილი









