ინტერვიუები

12:17 | 23.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეიდუ კეიტა: “ჩემს ქვეყანას ჩემი იმედი უნდა ჰქონდეს”

აფრიკის თასის გათამაშების პირველ ტურში, ალბათ ყველაზე გამოსარჩევი მალის ნაკრების ნიგერთან გამარჯვებაა. ამ დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში ახლა საომარი ვითარებაა. შარშან მარტში იქ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ დეკემბერში გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის ისლამური ექსტრემისტებისგან გასათავისუფლებლად სანქცია გასცა. წლეულს, 11 იანვარს, მალიში ფრანგული და გერმანული დესანტი გადასხდა. დღეს გამთენიისას კი ოპერაციაში აშშ-ც ჩაერთო. მოკლედ, ძალიან რთული ვითარებაა და ამ დროს ნებისმიერი სპორტული წარმატება ერთი-ათად ფასობს.
მალიმ ნიგერს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი თამაშის დამთავრებამე 6 წუთით ადრე სეიდუ კეიტამ გაიტანა. ეს ის კეიტაა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში კატალონიურ “ბარსელონაში” თამაშობდა და უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ესპანეთის ჩემპიონობა. ახლა ის ჩინური “დალიან აერბინის” ფეხბურთელია და მალისთან ერთად აფრიკის თასზე გამარჯვებას გეგმავს. და კიდევ, 1999 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვათა შორის, კეიტა მალიში ცნობილი გვარი ყოფილა. მოდიბო კეიტა მალის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო სალიფ კეიტა ცნობილი აფრო-პოპ მომღერალია, რომელსაც “აფრიკის ოქროს ხმასაც” უწოდებენ. მოკლედ, კეიტები დაფასებული ხალხი ყოფილა და სეიდუმაც ფიფას ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
- როგორი განწყობაა მალის ნაკრებში?
- ჩვენ მზად ვართ. მალისთვის ეს შეჯიბრი მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა ამაყობდეს თავისი შვილებით.
- აფრიკის თასის წინა გათამაშებაში მესამე ადგილზე გახვედით. შეგიძლიათ წლეულს ეს შედეგი გააუმჯობესოთ?
- ამ ხნის განმავლობაში გუნდი გაიზარდა. გამოცდილება შეგვემატა. მართალია, მწვრთნელი შეგვეცვალა, ალენ ჟირესის ნაცვლად, რომელმაც ჩვეთვის ძალიან ბევრი გააკეთა, პატრის კარტერონი მოვიდა. გვყავს რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც. ერთი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: შარშანდელზე სუსტები ნამდვილად არ ვართ და ტიტულის მოგება შეგვიძლია.
- კატალონიიდან როგორი მოგონებები დაგრჩათ?
- იქ 4 შესანიშნავი წელი გავატარე. თუ არ ვცდები, 7 ტიტული მოვიგე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის პირველობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის. იქ ვზრდიდი შვილებს. იქ გავხდი კაცი და მამა.
- სანაკრებო წნეხი განსხვავდება საკლუბოსგან?
- დიახ, სხვადასხვაა. კლუბში ყოველდღიურობაა და თუ წააგებ, რამდენიმე დღეში შეგიძლია გამოისყიდო. ნაკრებში კი იშვიათად გიწევს ყოფნა და წნეხი უფრო მეტია. მით უმეტეს, თუ ისეთ ტურნირზე თამაშობ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
- ახლა ჩინეთის პრემიერლიგის “დალიან აერბინში” თამაშობთ. როგორაა საქმეები?
- კარგად. ცუდი დასაწყის მიუხედავად, მე-5 ადგილზე გავედით. მორე წრეში კი ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ვიყავით, რაც ნიშნავს, რომ პროგრესი აშკარაა.
- როგორი სტანდარტია ჩინურ პრემიერლიგაში?
- როცა “ბარსელონას” დარი გუნდიდან ჩინეთში მიდიხარ, იმავე დონეს ვეღარ მოითხოვ. საერთოდ, “ბარსადან” წასული უფრო მაღალ ხარისხს ვერსად იპოვნი.
- მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გასვლას გეგმავთ?
- რა თქმა უნდა. ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა მსგავს შეჯიბრში თამაში. 1999 წელს 20 წლამდელთა ანალოგიურ ტურნირზე გამიმართლა, საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და კარიერის დასასრულს ძალიან მინდა კიდევ ერთხელ განვიცადო მსგავსი გრძნობა. ეს კარგი იქნება ჩემთვისაც და მალისთვისაც. წარმოდგენაც კი მეშინია, რამხელა სიხარულს მოუტანდა ბრაზილიაში ჩვენი მოხვედრა ჩვენს ხალხს.
 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა







 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096069