საჩხერის “ჩიხურა” თბილისში ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული. “მსოფლიო სპორტი” გუნდის მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ესაუბრა და მისგან შეიტყო როგორც შემადგენლობაში მომხდარ თუ მოსალოდნელ ცვლილებებზე, ასევე, მოსამზადებელ გეგმებზეც.
აქვე, ინტერვიუც.
სოსო ფრუიძე: 16 იანვარს დავიწყეთ მზადება: დილით ვაკის პარკში სირბილი, საღამოს კი 35-ე საფეხბურთო სკოლის, “მარაკანას” მინდორზე ბურთით წვრთნაა. პირველი ტესტ-მატჩი 1 თებერვალს გვექნება, მცხეთაში “ვიტ ჯორჯიას” შევხვდებით. 4 თებერვალს თურქეთში, კერძოდ კი, სიდეში წავალთ შეკრებაზე, საიდანაც 17-ში დავბრუნდებით.
- სიდეში ამხანაგური მატჩების განრიგი ცნობილია?
- მოსკოვის “ტორპედოსთან” თამაში გადაწყვეტილია. ასევე, დაგეგმილია რუმინეთისა და ბულგარეთის გუნდებთან შეხვედრა. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება. 3-4 ამხანაგური მატჩი გვექნება.
- შემადგენლობაში ცვლილებზე გვითხარით.
- ჯერჯერობით, “ჩიხურა” ოფიციალურად მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დატოვა: მურველაშვილმა და სარალიძემ. დავიმატეთ შოთა კაშია გორის “დილადან” და დავით ბოლქვაძე “ზუგდიდიდან”. შენაძენები კიდევ იქნება და ასევე, წასვლაც მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელს. გასინჯვაზე რამდენიმე მოთამაშეა: მათ შორის, უკრაინის ქვედა ლიგაში ნათამაშები ნახევარმცველი მაჭარაშვილი. ის საჩხერელი გახლავთ, ახალგაზრდა, 20 წლის ფეხბურთელია. ასევე, ჩვენთან ვარჯიშობს ლაშა დეკანოსიძე, რომელიც ერთ დროს ბელარუსის ბატე-ში გახლდათ.
- გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ “ჩიხურაში”, შესაძლოა, ანდერსონ აკინო და ფრაგა ჩამოვიდნენ. ბრაზილიელები, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ მშვენივრად თამაშობდნენ რუსთავის “ოლიმპში”. რას გვეტყვით?
- ჩვენი კლუბის პოლიტიკა ქართველ ფეხბურთელებზეა გათვლილი და ბრაზილიელი ლეგიონერების დამატებაზე ვერაფერს გეტყვით.
- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ევროსაგზურის მოპოვება?
- სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოვა. “დინამო” როგორ ძლიერდება, თავადაც ხედავთ. ასევე, “ზესტაფონიც”. “დილადან” ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ახლების დამატებას აპირებენ. “ტორპედოში” გიორგი ონიანი გადავიდა. “ზუგდიდში” არ ვიცი, რა მდგომარეობაა. ასე რომ, ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ სხვებს და შემადგენლობა გადავახალისოთ.
- “ჩიხურაში” გამოცდილი ფეხბურთელები არიან, თუმცა კარგი ახალგაზრდებიც გყავთ. რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ბიჭებით. მათ შორის, იმ ფეხბურთელებითაც, რომლებიც ძირითადში ხშირად ვერ ხვდებოდნენ. კარგია, რომ ისეთმა გამოცდილმა ფეხბურთელებმა, როგორებიც სომხიშვილი, დიღმელაშვილი, საჯაია, გუშარაშვილი და ოდიკაძე არიან, ახალგაზრდებს მაგალითი მისცეს.
ილია ნანობაშვილი









