ჭიდაობა

9:55 | 5.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

1 ოქრო, 2 ვერცხლი და გუნდური ტრიუმფი

3-4 ივლისს, ბულგარეთის ქალაქმა სამოკოვმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ხალიჩაზე 31 ქვეყნის ნაკრები გავიდა და მათ შორის საუკეთესო გუნდური შედეგი საქართველოს ნაკრებმა აჩვენა. ვლადიმერ ადეიშვილის გუნდმა 8 წონითი კატეგორიის შედეგების დაჯამებით 48 ქულა დააგროვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს. ვასილ იმერლიშვილის (96 კგ) ოქროსა და თორნიკე მახარაძის (50 კგ) ვერცხლს თავისი წილი ვერცხლი ევროპირველობის მეორე დღეს საჩინო დავითაიამ (66 კგ) მიამატა.
4 ივლისს კვარცხლბეკზე ასვლა მინდია წულუკიძეს (55 კგ), არსენ კახაბრიშვილსა (84 კგ) და შოთა გოგისვანიძესაც (120 კგ) შეეძლოთ, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და მე-5 ადგილები დაიკავეს.
საჩინო დავითაია შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ლიტველ ეივიდას სეკუსს სამ სეტში აჯობა. თურქ ემრე კავრალოლუსა და რუს ზამირ ზაგაშტოკლოვს გაცილებით იოლად მოუმთავრა საქმე და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. იქ კი აზერბაიჯანელ რასულ ჩუნაიევთან მესამე სეტში დამარცხდა.
ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა (50 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მინდია წულუკიძემ ძირითად ბადეში მხოლოდ პირველი ბარიერის დაძლევა შეძლო. ბულგარელი გეორგი პენჩევ ბერჩევის ძლევის შემდეგ მომავალ ჩემპიონთან, თურქ კირაზ კურსატთან ვეღარას გახდა და მოგვიანებით დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც შვეიცარიელი სვენ გამა და გერმანელი ლუკაშ ჰილმარ ჰოგლმეიერი ჩამოიშორა. “ბრინჯაოს ფინალში” კი პოლონელ დავიდ ანდრეი ერსეტიჩთან წააგო.
არსენ კახაბრიშვილი სამეულს მიღმა შვედმა იოჰან ტობიას კვარნმარკმა დატოვა. იქამდე, რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ უნგრელი ზოლტან ვასასი დაამარცხა. ხოლო ძირითად ბადეში ხორვატი ტინ ბრეგოვიჩისა და რუსეთის სახელით მოჭიდავე სერობ გრიგორიანის ძლევის შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი სომეხ არტურ ალექსანიანთან მარცხით დაკარგა.
შოთა გოგისვანიძე კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და 2 მეტოქის – უკრაინელი იგორ დიდუკისა და აზერბაიჯანელი ზაურ მეჰრალიევის დამარცხებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოჭიდავე დავიდ ოგანესიანთან წააგო. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა თურქ ენგინ დაგლისთან მარცხით დაკარგა.
ევროპირველობის პირველ დღეს, 96 კილოგრამში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილმა სამოკოვის დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. იგი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და ხორვატ ტომისლავ ლავრიჩს უპრობლემოდ გასცდა. ასევე სეტისწაუგებლად ჩამოიშორა ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, რუსი ზელიმხან ბელხოროევი და ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენიც და ფინალში გავიდა. გადამწყვეტი შეხვედრის მოსაგებად კი საქართველოს ნაკრების დებიუტანტს მესამე სეტი დასჭირდა. ფინალში ვასილი იმერლიშვილი გერმანელ კოსკუნ ეფეს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, 96 კილოგრამში შარშანაც საქართველოს ნაკრების წევრი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. თბილისის სპორტის სასახლეში ვლადიმერ ქარჩავა გაჩემპიონდა.
50 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე მახარაძეს ევროპის ჩემპიონობამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. იმერლიშვილის მსგავსად, მასაც დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდულ ნაკრებში. ფინალის გზაზე მახარაძემ ნორვეგიელი პალ ეირიკ გუნდერსენი, პოლონელი პატრიკ ადრიან რუძკი და ბულგარელი ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი დაჩაგრა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის ვერაფერი მოუხერხა.
სამ ივლისს მედლები 60 და 74 კილოგრამებშიც გათამაშდა. ვლა¬დიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან ხალიჩაზე ქემალ ხარაბაძე (60 კგ) და უშანგი ჩიტიაშვილი (74 კგ) გავიდნენ. ხარაბაძემ იტალიელი ლორენცო ჯენტილეს ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში რუს ილდუშ იამაკოვთან წააგო. ჩიტიაშვილისთვის კი დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი ნიამადინ იბრაგიმოვი აღმოჩნდა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
სამოკოვი. 3-4 ივლისი

50 კგ
1 ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი)
2 თორნიკე მახარაძე (საქართველო)
3 ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი (ბულგ.)
3 ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
55 კგ
1 კირაზ კურსატი (თურქეთი)
2 დმიტრო ციმბალიუკი (უკრაინა)
3 ნიკო იარი პეტერი ოჰუკაინენი (ფინ.)
3 დავიდ ანდრეი ერსეტიჩი (პოლონეთი)
60 კგ
1 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ლენურ ტემიროვი (უკრაინა)
3 ჰასან ტაშინ ოზკული (თურქეთი)
3 ილდუშ იამუკოვი (რუსეთი)
66 კგ
1 რასულ ჩუნაიევი (აზერბაიჯანი)
2 საჩინო დავითაია (საქართველო)
3 გევორგ საჰაკიანი (სომხეთი)
3 ზამირ ზაგაშტოკოვი (რუსეთი)
74 კგ
1 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
2 იან ალექსანდერ იერსგრინი (შვედ.)
3 მატეუშ ლუკაშ ვოლნი (პოლონეთი)
3 ბილან ნალგიევი (რუსეთი)
84 კგ
1 ასლან ატემი (თურქეთი)
2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3 სტანისლავ კანჩევ კანევი (ბულგ.)
3 იოჰან ტობიას კვარნმარკი (შვედ.)
96 კგ
1 ვასილ იმერლიშვილი (საქართ.)
2 კოსკუნ ეფე (გერმანია)
3 გეორგი რიჟმაიერი (ბულგარეთი)
3 ზელიმხან ბელხოროევი (რუსეთი)
120 კგ
1 დავიდ ოგანესიანი (რუსეთი)
2 ლიუბომირ დიმიტროვი (ბულგ.)
3 ენგინ დაგლი (თურქეთი)
3 კირილ ხრიშჩანკა (ბელარუსი)
გუნდური ჩათვლა
1 საქართველო        48
2 თურქეთი        47
3 რუსეთი        45
4 სომხეთი        41
5 აზერბაიჯანი        38
6 პოლონეთი        30
7 უკრაინა        27
7 ბულგარეთი        27
9 უნგრეთი        26
10 ბელარუსი        20

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.095942