მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თავისი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა record.xl.pt-ი იუწყება.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში “ოქროს ბურთის” 3-გზის მფლობელმა ლეგენდარულ აწ განსვენებულ ეუსებიოსა და არანაკლებ წარმატებულ ლუიშ ფიგუს აჯობა.
რონალდუ დაჯილდოვების ცერემონიალს არ დასწრებია, ვინაიდან 15 იანვარს ესპანეთის თასზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” საპასუხო მატჩისთვის ემზადება. პრიზი პორტუგალიელის მენეჯერმა დიეგო მენდეშმა ჩაიბარა, რომელიც 2014 წელს კვლავ საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერად დაასახელეს.
“როგორც პორტუგალიელს მეამაყება, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის მენეჯერი ვარ. საუბარი საუკუნის საუკეთესო სპორტსმენზეა”, - თქვა მენდეშმა.





