დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობა.
დღეს ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მიმდინარე ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა, სადაც ერთმანეთს ტურნირის რეიტინგ ფავორიტი მიხეილ მჭედლიშვილი და მეორე ადგილზე მყოფი ლევან ფანცულაია დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანმა ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მეორე პარტია ყაიმით დაასრულეს და მეტოქეები ერთნაირი ანგარიშით 1,5-05 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ სერიაში მჭედლიშვილი მერაბ გაგუნაშვილს ხოლო ფანცულაია დავით ჯოჯუას ეთამაშებოდა.
რადგან თაი-ბრეიქის გამოყენება საჭირო არ გახდა, ხოლო 19 იანვარი ისედაც დასვენების დღედ იყო გამოცხადებული, ფინალისა და მესამე ადგილისათვის მატჩების მოასპარეზე მოჭადრაკეებს ხვალინდელი დღის ჩათვლით ორდღიანი შესვენება გამოუვიდათ. თუ აქამდე მოასპარეზე წყვილები ორ ძირითად პარტიას თამაშობდნენ, ფინალსა და მესამე ადგილისათვის ბრძოლაში შეხვედრების სერია ოთხ პარტიამდე გაიზარდა, რომლებიც 20 იანვარს დაიწყება და 23-ში დასრულდება. ძირითადი პარტიების დასრულების შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა თაი-ბრეიქის პარტიებით 24 იანვარს გახდება ცნობილი. ამავე დღეს მოხდება ვაჟთა შორის 74-ე ეროვნული ჩემპიონატის დახურვა.









