საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ალიკ სარქისიანის გუნდმა ლიტვის ნაკრები დაამარცხა. კაუნასში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 8:2 დასრულდა, ხოლო ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიამ 7:5 დაამარცხა ესტონეთი.
საქართველომ და შვეიცარიამ ჯგუფში თანაბარი 7-7 ქულა მოაგროვეს, ბურთების უკეთესი სხვაობით კი პირველ ადგილზე ქართველი მოთამაშეები გავიდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველთაგან დუბლი შეასრულეს ტიკურიშვილმა და სებისკვერაძემ, ხოლო ლუკავამ, ალთუნაშვილმა, მაისაიამ და ჯვარაშვილმა თითო-თითო გოლი გაუტანეს მეტოქე გუნდს.
შეხვედრაში ანგარიში ლიტველმა ბეზიკორნოვასმა გახსნა, რასაც ქართველთა შვიდი გოლი მოჰყვა. ლიტველთაგან მეორე გოლი ბუნიცკიმ გაიტანა. ჯვარაშვილმა მალევე აღადინა წონასწორობა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო რაუნდში პორტუგალიის, რუმინეთისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ითამაშებს. შეხვედრები 2015 წლის 17-22 მარტს გაიმართება. ძირითადი ეტაპის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსნები მოხვდებიან. მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო მესამეადგილოსანი 15-22 სექტემბერს პლეიოფში დამატებით იმ ოთხი გუნდის ვინაობას გამოავლენენ, რომლებიც ფინალურ ტურნირზე იასპარეზებენ. ფინალური ეტაპის მე-12 გუნდი მასპინძელი სერბეთი იქნება. 2016 წლის 2-13 თებერვალს ევროპის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.
| 1 | საქართველო | 3 | 2 | 1 | 0 | 16:6 | 7 |
| 2 | შვეიცარია | 3 | 2 | 1 | 0 | 13:9 | 7 |
| 3 | ლიტვა | 3 | 1 | 0 | 2 | 10:15 | 3 |
| 4 | ესტონეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 10:18 | 0 |







