ჭადრაკი

21:55 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის სახით ქალთა ჭადრაკს ახალი ჩემპიონი შეემატა

დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა. შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ბათუმელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო (5 მოგება, 4 ყაიმი), 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევრებს გაუსწრო და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. ამრიგად, ბაციაშვილის სახით ქართული ჭადრაკის ჩემპიონთა გრძელ სიას კიდევ ერთი შეემატა.

საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში 10 სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობამ ერთ წრედ ჩაიარა. დიდი ხნის განმავლობაში ტურნირს რეიტინგფავორიტი, ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბელა ხოტენაშვილი ლიდერობდა, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდა ბაციაშვილი და ასპარეზობის ბოლოს გაასწრო კიდეც. პრიზიორთა ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. ერთპიროვნულმა ლიდერმა ბაციაშვილმა ადვილად შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის ალექსანდრა ვახანიას დამარცხება. მეორე ადგილზე პრეტენზიას ხოტენაშვილი და მიმდინარე ტურნირის ყველაზე გამოცდილი მოჭადრაკე ნინო ხურციძე აცხადებდნენ. ხურციძე თეთრებით გვეტაძეს, ხოლო ხოტენაშვილი შავებით ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ სალომე მელიას ხვდებოდა. მართალია, ხურციძემ გაიმარჯვა, ხოლო ხოტენაშვილი ყაიმს დასჯერდა და ორივემ თანაბარი 6-6 ქულა დააგროვა, მაგრამ ბელას უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. რაც შეეხება ხურციძეს, იგი ამჯერად ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

შეიძლება ითქვას, რომ IV-V ადგილებიც საპრიზოდ ითვლებოდა, რადგან მათზე გარკვეული თანხა იყო დაწესებული. თანაბარი 5,5-5,5 ქულის მქონე მელიასა და არაბიძეს შორის უკეთესი კოეფიციენტი მელიას აღმოაჩნდა და IV ადგილზე გავიდა. ამ კოეფიციენტის წყალობით, IV ადგილთან ერთად 2500 ლარი, ხოლო V-ზე გასულ არაბიძეს 1500 ლარი ერგო. რაც შეეხება I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, მათ მედლების გარდა შესაბამისად 5500, 4500 და 3500 ლარი მიიღეს. დაწესებული პრიზების გარდა, საქართველოს ჩემპიონმა ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება უკონკურსოდ მოიპოვა. ჩემპიონის ჩათვლით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები 2015 წლის ინდივიდუალურ ქალთა ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის მიერ დაფინანსდებიან. ასევე უკონკურსოდ გამოვლენ მომდევნო, 2016 წლის საქართველოს ქალთა 73-ე ეროვნულ ჩემპიონატზე.

მე-9 ტურის ტექნიკური შედეგები

ნინო ხურციძე-სოფო გვეტაძე 1-0

სალომე მელია-ბელა ხოტენაშვილი 0,5-0,5

ნინო ბაციაშვილი-ანა კუჭავა 1-0

ალექსანდრა ვახანია-მერი არაბიძე 0-1

ლელა ჯავახიშვილი-მერი ჟორჟოლიანი 1-0

1 ადგილი – ბაციაშვილი 7 ქულა

2 ხოტენაშვილი – 6

3 ხურციძე – 6

4 მელია – 5,5

5 არაბიძე – 5,5

6 ჯავახიშვილი – 5

7 გვეტაძე – 4,5

8 კუჭავა – 2,5

9 ვახანია – 1,5

10 ჟორჟოლიანი – 1,5

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093626