ამ საღამოს მსოფლიო, შოტლანდია და განსაკუთრებით გლაზგო ელოდა. "რეინჯერსი" და "სელტიკი" ერთმანეთს ბოლოს 2012 წლის 29 აპრილს დაუპირისპირდნენ, განა არ ჰქონდა შოტლანდიელ ხალხს მონატრების საბაბი. დერბი, რომლის დროსაც ქალაქი შუაზე იყოფა და ერთმანეთის დანდობა არ იციან. "რეინჯერსის" დაქვეითების შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა და ზოგმა მომხდარს შოტლანდიური ფეხბურთის სირცხვილი უწოდა.
თქმაც არ უნდა, ფაქტია, რომ გლაზგოში ამ ორი გუნდის დაპირისპირება ლამის ახალი წლის ზეიმის ტოლფასია, ან უფრო მეტიც. მარტო 2011 წელს დერბი სხვადასხვა ტურნირებზე 8-ჯერ გაიმართა და რვაჯერვე გლაზგო ქუხდა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ქალაქი საფეხბურთო თვალსაზრისით და ამ დაპირისპირების არქონის გამო მიყუჩდა. 1 თებერვალს გვიან ღამით მთელი მსოფლიო შოტლანდიის პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის წარმომადგენლების დაპირისპირებას ადევნებდა თვალს.
ბოლო დროს დასუსტებულმა "რეინჯერსმა" ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მასპინძელ "სელტიკს" "ჰამპდენ პარკზე" წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გრიფიტისა და კომონსის გოლების წყალობით 0:2 წააგო. ორივე გოლი ლამაზი სანახავი აღმოჩნდა და ფინალში დეილას შეგირდები "დანდი იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან.
შოტლანდიის ჩემპიონშიფში გლაზგოელები 41 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველადგილოსან "ჰართსს" 57 ქულა და "რეინჯერსზე" ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. შესაძლოა დაქვეითებულმა გრანდმა პირველობა ვერ შეძლოს, თუმცა პლეი-ოფის მატჩებით მაინც უნდა მოახერხოს პრემიერლიგაში გადასვლა, რადგან მსოფლიომ "რეინჯერსი" - "სელტიკის" დერბი კვლავაც იხილოს.







