23-წლიანი პაუზის შემდეგ კოტდივუარის ეროვნული ნაკრები აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასის გათამაშების ჩემპიონია. სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა ფინალურ დაპირისპირებაში განა თერთმეტმეტრიანების სერიაში 9:8 დაამარცხეს.
ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტების სერია ავრაამ გრანტის შეგირდებმა კარგად დაიწყეს და 2:0 იგებდნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი მათ საუბედუროდ წარიმართა და საბოლოო ჯამში გამარჯვება ერვე რენარის შეგირდებს დარჩათ.
კოტდივუარმა აფრიკის გათამაშება მეორედ მოიგო და პირველ შემთხვევაშიც განის ნაკრები 1992 წლის დაპირისპირებაში დაამარცხა. აქამდე განელებს ტურნირზე ფინალურ მატჩებში 4-4 მოგება-წაგება ჰქონდათ, ახლა კი უარყოფით ბალანსში არიან. კოტდივუარმა 2006 და 2012 წელს ფინალში წააგო.







