ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ლა ლიგაში სატელევიზიო უფლებების რეფორმას გეგმავს. როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი იუწყება, ესპანური ფეხბურთის მმართველი ორგანო აპირებს, რომ სატელევიზიო უფლებები განაწილებული იქნას ცენტრალიზებულად და დემოკრატიულად, როგორც ეს სხვა წამყვან ჩემპიონატებში ხდება.
გასულ სეზონში “რეალმა” და “ბარსელონამ” ტელევიზიებიდან შემოსული 755 მილიონი ევროდან 140-140 მილიონი ევრო მიიღეს, რაც მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 40% უდრის. ბობოლა კლუბებს “ვალენსიასა” და “ატლეტიკოზე” დაახლოებით 3-ჯერ მეტი (“ვალენსია” 42 მილიონს იღებდა, “ატლეტიკო” – 42), ხოლო აუტსაიდერებზე 7-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ (18 მილიონი), რის გამოც არაერთხელ შექმნილა ლა ლიგაში გაფიცვის საშიშროება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გეგმავს, რომ გრანდებსა და დანარჩენ კლუბებს, განსაკუთრებით კი აუტსაიდერებს შორის არსებული ამხელა უფსკრული აღმოიფხვრას და თანხის სამართლიანად განაწილებას გეგმავს. ტებასმა პირობა დადო, რომ წამყვან კლუბებსა და სუსტებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდება და თუ ახლა მათ 7-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, ახალი განაწილების შემდეგ სხვაობა 3.5 ან 4.5 იქნება. პრეზიდენტს სურს, რომ აუტსაიდერების ფინანსები მკვეთრად გაიზარდოს და მათი მინიმალური შემოსავალი 40 მილიონი ევრო იყოს.
სიტუაციას რომ შევხედოთ ტებასი მართალია, რადგან ორ კლუბსა და დანარჩენებს შორის ამხელა სხვაობა არცერთ ჩემპიონატში არაა. პრემიერლიგაში “ლივერპულს”, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა გასულ სეზონში, ბოლო ადგილოსან “კარდიფზე” მხოლოდ 1.5-ჯერ მეტს იღებდა. ბუნდესლიგაში “ბაიერნი” “ბრაუნშვაიგზე” 2-ჯერ მეტს შოულობდა ტელევიზიით, სერია A-ში “იუვენტუსს” “სასუოლოზე” დაახლოებით 5-ჯერ მეტი თანხა შემოსდიოდა, ხოლო ლიგა 1-ში პსჟ-ს “აიაჩოზე” 3-ჯერ მეტი ერგებოდა. ლა ლიგაში კი, “რეალმა” და “ბარსელონამ” “ელჩეზე”, “ალმერიაზე”, “ვალიადოლიდზე”, “გრანადაზე” და “რაიო ვალეკანოზე” 7-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს ამ გზით.
საინტერესოა, რომ სატელევიზიო უფლებებიდან ლა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულ “ატლეტიკოზე” (42 მილიონი) თითქმის ორჯერ მეტი თანხა “კარდიფმა” (74.5 მილიონი) მიიღო, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდა.
ფოტოზე იხილეთ 2013/2014 წლების სეზონის ხუთივე წამყვანი ჩემპიონატის ყველა კლუბის შემოსავალი.









