საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 20-22 თებერვალს დიუსელდორფში გასამართ გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სწორედ გერმანულ ტატამზე გახსნიან ახალ სატურნირო სეზონს ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ). სულ კი, მომავალ გრან პრიზე კიმონოს 13 ქართველი მოირგებს. მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში – 100 კილოგრამში ეყოლება საქართველოს ნაკრებს ერთი წარმომადგენელი. 6 წონაში კი მედლისთვის ბრძოლაში 2-2 ჩვენებური ჩაებმება.
ხვალ მედლები მამაკაცებს შორის 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ) იჭიდავებენ. ზეგ ჩაერთვებიან საქმეში ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ), ხოლო მაზეგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).
გრან პრის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულასაც მიიღებენ, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს კი შესაბამისად 180 და 120 ქულა დაერიცხებათ.
საქართველოს ნაკრები
60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი
73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი









