სტატიები

12:33 | 2.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

...113 წამამდე

თბილისის აეროპორტში ღამის სამ საათზე შევიკრიბეთ. რეგისტრაცია, ფრენა სტამბოლამდე, ლოდინი ათა თურქის აეროპორტში, 5 საათი ლისაბონამდე, ავტობუსით  სასტუმრომდე.…მოკლედ, თბილისის აეროპორტში შეკრებიდან ლისაბონის სასტუმროში ბარგი სანამ შევიტანეთ, მთელი 16 საათი გავიდა. ეგრეა, როდესაც ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში ცხოვრობ და დასავლეთის უკიდურეს დედაქალაქში მიემგზავრები...
სასტუმროში შესვლისთანავე სადილია, ოღონდ ამ სადილისთვის უეფას შეწუხება მოგვიხდა – ორიოდე კვირით ადრე, როდესაც “იბერია სტარის” ლისაბონში სტუმრობის დეტალებს ვაზუსტებდით, იქაურებმა მოგვწერეს, რომ ჩასვლის დღეს მხოლოდ ვახშამი გვერგებოდა. არადა, უეფას რეგულაციაში გარკვევით წერია, რომ მასპინძელმა პირველი მატჩის წინა დღიდან სტუმარი გუნდის განთავსებისა და კვების ყველა ხარჯი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. არ გვიკამათია – წერილი გავაგზავნეთ უეფაში და დანარჩენი იქიდან მოგვიგვარეს – პორტუგალიელებმა სადილი დაგვახვედრეს...
ნასადილევს დასვენება და ვარჯიში – პირველ მატჩამდე ზუსტადაც 24 საათით ადრე. სხვათა შორის, “იბერია” ლისაბონის დროზე, თბილისშივე, ელიტ-რაუნდამდე ერთი კვირით ადრე გადაეწყო და მთავარი მწვრთნელი ვარჯიშებს საღამოს 10 საათზე ნიშნავდა, იმ დროს, როდესაც ლიგის მატჩები უნდა გვეთამაშა.
სავარჯიშოდ დარბაზში მივედით. ნაგებობა და გასახდელი მშვენიერია, მაგრამ მოედნის საფარი... “იბერია” საქართველოს ჩემპიონატს პარკეტზე თამაშობს, თბილისში ჩატარებული ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩებიც, სპორტის სასახლეში, პარკეტზე ითამაშა, ლისაბონში კი პლასტმასის საფარია. “ლეგოს” ასაწყობი სათამაშოები ხომ იცით? აი, ეგეთია, პლასტმასის კუბიკებით აწყობილი მოედანი. როგორ საფარზეც მოგვიხდებოდა თამაში, თბილისიდანვე ვიცოდით, მაგრამ უშუალოდ რომ შეაბიჯებ პლასტმასის მოედანზე, მაინც სხვა ეფექტია. რას იზამ, საფარს მასპინძელი ირჩევს.
საღამოს 8 საათზე ვახშამია, ოღონდ მწვრთნელი ამ დროს გუნდთან არ არის. სასტუმროს ჰოლში, სადაც ოთხივე გუნდი ვცხოვრობთ, მწვრთნელთა პრესკონფერენციაა დანიშნული. პირველი სიტყვა “სპორტინგის” დამრიგებლის, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ორლანდო დუარტესია. ის, ცხადია, ამბობს, რომ მისი გუნდი ფავორიტია და რომ პირველი ადგილის გარდა ნებისმიერი შედეგი წარუმატებლობა იქნება. ამბობს, ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ ოთხთა ფინალში შესაძლოა ვერ გავიდეო.
შემდეგ “იბერიას” უკრაინელ მწვრთნელ ოლეგ სოლოდოვნიკს თხოვენ კომენტარს. ფურცელზე ფავორიტი “სპორტინგია”, მაგრამ ფინალში გასვლის უფლება მოედანზე უნდა მოიპოვო – ამბობს სოლოდოვნიკი.
უნგრული “დიორ ეტოს” და რუმინული “ტირგუ მურეშის” მწვრთნელები ამბობენ, რომ ფავორიტი, რა თქმა უნდა, “სპორტინგია” და რომ ისინი უბრალოდ შეეცდებიან, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ერთი სიტყვით, ტურნირისწინა პრესკონფერენციაზეც ჩანს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა “სპორტინგსა” და “იბერია სტარს” შორის გაიმართება...
პრესკონფერენცია დასრულდა, მე და ნანა პერეირა ოფიციალურ მიტინგზე მივდივართ. ნანა პერეირა “იბერია სტარზე” მიმაგრებული ლაისენ ოფიცერია. ნანა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, პერეირა ქმრის გვარია, თვითონ გეფერიძეა. პორტუგალიაში 17 წელია ცხოვრობს და “სპორტინგმა”, როგორც ქართველს, ჩვენი უშუალო მასპინძლობა სთხოვა.
მიტინგზე ფორმების ფერებს ვათანხმებთ. უნგრელებთან და პორტუგალიელებთან, როგორც პირობითად მასპინძლებს, ესპანელი დელეგატი საშინაო, წითელი მაისურების ჩაცმას გვთხოვს. ვამბობ, რომ რუმინელებთან თეთრი მაისურებით თამაში გვინდა, მაგრამ ირკვევა, რომ თეთრი რუმინელთა საშინაო ფერია. ეგებ რუმინელებთანაც წითლით ითამაშოთ? - მეკითხება დელეგატი – ნუ, თუ ეგრეა, ვითამაშებთ. მოვიგოთ და მაისურის ფერს რა მნიშვნელობა აქვს...
პირველი სათამაშო დღე. პირველი მეტოქე – “დიორ ეტო”. ამ გუნდს ერთი წლით ადრე ძირითად ეტაპზე შევხვდით ჩეხეთში. მაშინაც უცნაური თამაში გამოდგა. “იბერია” 3:1-ს იგებდა და მერე საქმე ისე წავიდა, რომ საქართველოს ჩემპიონს იქით გაუხდა ანგარიში გასათანაბრებელი. მაშინ საბოლოოდ 5:5 ვითამაშეთ, რის მერეც 2 თამაში მოვიგეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.
ის, რაც უნგრელებთან ლისაბონში შეხვედრისას მოხდა, ძნელი ასახსნელია - თითქმის შეუძლებელიც. “იბერიამ”, რომელსაც იქამდე ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 10 თამაში არ ჰქონდა წაგებული და უდავო ფავორიტად ითვლებოდა, 2:9 წააგო. საქართველოს ჩემპიონს ლიგის წინა ექვსს თამაშში ჯამში 7 ბურთი ჰქონდა გაშვებული და ახლა ერთ თამაშში – 9!
რა მოხდა? დამქანცველი მგზავრობა? მაშინ როცა უნგრელები შუაგული ევროპიდან გაცილებით კომფორტულად ჩავიდნენ პორტუგალიაში? ან იქნებ მეტოქის შეუფასებლობა? ვაღიაროთ, რომ “იბერია” უკვე მაშინ ფიქრობდა “სპორტინგზე”. ან უბრალოდ უიღბლობა, რაც ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს. აგერ ახლა, “ბარსელონა” “ხეტაფესთან” დამარცხდა, არადა, როგორი ძალთა თანაფარდობაა ამ გუნდებს შორის, ყველამ ვიცით... ისიც არის, რომ, ცხრიდან 4 გოლი უნგრელებმა მაშინ გაიტანეს, როდესაც “იბერიას” მეკარის ნაცვლად, მოედნის მე-5 მოთამაშე ჰყავდა შეყვანილი და კარი დაუცველი იყო. ამ დროს, საკმარისია ერთი არასწორი პასი და ბურთი ჩაჭრილია, გოლი კი, პრაქტიკულად გარდაუვალი. ასეც მოხდა.
მეორე დღეს რუმინელებს ვეთამაშეთ და იოლად მოვიგეთ – 7:3. საღამოს თამაშში “სპორტინგმა” უნგრელებს ათ წუთში 3 გოლი გაუტანა და გაჩერდა, ბურთის გორებაზე გადავიდა. აშკარა იყო, რომ პორტუგალიელებმა “იბერიას” პირველ ტურში წაფორხილება შემთხვევითობას მიაწერეს და ქართულ გუნდთან თამაშის წინ ძალის დაზოგვა გადაწყვიტეს.
“იბერიას” პირველ და მეორე თამაშს პრეს-ლოჟიდან ვუყურებდი. თან ჩემს ლეპტოპში worldsport.ge მქონდა გახსნილი, სადაც ჩვენი მატჩების პირდაპირი რეპორტაჟებია. მომენტების გამეორებებს კომპიუტერში ვუყურებ. გვერდით პორტუგალიელი ტელეწამყვანი მიზის. პირველ თამაშზე რამდენჯერმე ჩახედა ჩემს ლეპტოპს. ვხვდები, რომ ჩვენზე ამბობს რაღაცას. მერე მთხოვს, მის მიკროფონში ვთქვა, რომ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოშიც უყურებენ. საიტის სახელიც გამოაცხადეო, მეუბნება.
პირველ ტურში “იბერიას” წაგებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. “დიორ ეტოს” ოთხთა ფინალში გასვლის შანსი გაუჩნდა. ამისთვის უნგრელებმა ბოლო ტურში რუმინელთა უმოტივაციო გუნდი უნდა დაამარცხონ, “იბერიამ” კი “სპორტინგს” უნდა სძლიოს, ანგარიშებს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის კი უნგრელთა გამარჯვება ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს. ამიტომ რუმინელებს ვგულშემატკივრობთ. “იბერიას” პრეზიდენტი ვახო წერეთელი ბოლო ტურის წინა საღამოს კრებას ატარებს და ფეხბურთელებს ეუბნება: “უნგრეთმა თუ მოიგო, ჯგუფიდან ვერ გავდივართ, მაგრამ მაშინ არც “სპორტინგს” გავუშვებთ! არ მაინტერესებს, როგორ დასრულდება უნგრელების და რუმინელების მატჩი, ჩვენ “სპორტინგი” უნდა დავამარცხოთ! ახლა კი მოდი, კლიპს ვუყუროთ.”
უზარმაზარ ეკრანზე პროექტორით იმ ფილმს ვრთავთ, რომელიც “იბერიას” ჩემპიონთა ლიგაში თამაშზეა გადაღებული: http://www.youtube.com/watch?v=BtasLnnzWlw
გუნდი კლიპით აღფრთოვანებულია, მაგრამ მთავარი სიურპრიზი წინაა, საიდუმლო იარაღი, რომელმაც ფეხბურთელები საბრძოლველად არნახულად უნდა განაწყოს...
პორტუგალიაში გამგზავრებამდე საიდუმლოდ დავუკავშირდით ფეხბურთელების ოჯახებს - ცოლებს, შვილებს, ძმებს. ზოგს საქართველოში, ზოგს ბრაზილიაში და ვთხოვეთ, ვიდეომიმართვა ჩაეწერათ, რომელსაც “სპორტინგთან” თამაშის წინ ვუჩვენებდით მათ ქმრებსა და მამებს...
მიმართვის ზოგადი შინაარსი ასეთია: ჩვენ, შენი ოჯახი, ახლა შენს გვერდით ვართ, შენთვის ვლოცულობთ, გადით, ჩვენთვის ითამაშეთ და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით...
პირველი მიმართვა დანიელ საკაის ცოლ-შვილისაა. სრული მოულოდნელობა იყო... საკაის ცრემლები მოსდის, დანარჩენები ხვდებიან, რომ ეკრანზე მათი ცოლები და შვილებიც გამოჩნდებიან. ბოლო მიმართვა რომარიოს ცოლისაა. “იბერიას” გაუმარ – ამბობს მარია ბეტანია და... ჯოს! - ასრულებენ რომარიოს ბავშვები...
მიმართვებისას ფეხბურთელთა სახეებს ვაკვირდებით, ვხვდებით, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა, უკეთეს მოტივაციას ვეღარ მოიფიქრებ...
ვახო წერეთელს სურს, რომ კრება უფრო მხიარულად დასრულდეს და ჩვენთან ერთად ლისაბონში მყოფ რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს თხოვს, ბიჭებს მოუყვეს, როგორ გადაიღო ფილმი პელეზე. ალბათ გახსოვთ, ეს ფილმი - კახი კავსაძე პელეს ნათლიის როლს რომ თამაშობს. “სიყვარული ყველას უნდა”-ს ავტორი გასაოცარ ისტორიებს ყვება პელესა და ფილმის გადაღებაზე.
განწყობა შექმნილია, ბიჭები დასაძინებლად მიდიან, ჩვენ კი სასტუმროს ფოიეში ვსხედვართ და ფიქრი არ გვასვენებს – მოუგებს რუმინეთი უნგრეთს? ამ დროს, რუმინელთა მწვრთნელი მოგვიახლოვდა და გვეუბნება: ჩვენ უკვე გავარდნილები ვართ, მაგრამ გპირდებით, რომ ხვალ უნგრელებს მოვუგებთ, მერე კი “სპორტინგთან” თქვენ გიქომაგებთ... მადლობას ვუხდით, მაგრამ გვესმის, რომ დაპირება დაპირებაა, შესრულება კი ურთულესი საქმეა – უნგრელებს არნახული მოტივაცია აქვთ, ოთხთა ფინალში გასვლის რეალური შანსი მიეცათ...
დილას საუზმეზე ჩასული რუმინელი ფეხბურთელების სახეებს ვაკვირდები და გული მიწუხს – თითქმის ყველას ღამენათევი სახე აქვს. ამათ უნგრელებს როგორ უნდა მოუგონ...
საღამოს თამაშზე მივდივართ. დარბაზს მივადექით. “დიორ ეტოს” და “ტირგუ მურეშის” მატჩში უკვე მე-2 ტაიმია დაწყებული. ვერ ვისვენებთ, ერთი სული გვაქვს, ანგარიში გავიგოთ. თუმცა, ვახო წერეთელი წინა საღამოს ნათქვამს იმეორებს: პირდაპირ გასახდელში შევდივართ! უნგრელების ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ “სპორტინგს” ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვუგოთ!
მაგრამ გასახდელში შესვლა არც ისე იოლი გამოდგა. დარბაზის დაცვა “იბერიას”... დარბაზში არ უშვებს! საშვები წარმოადგინეთ – გვეუბნება დაცვის თანამშრომელი გაყინული ხმით და მზერით. ორი დღეა ყოველგვარი საშვის გარეშე უშვებს საკლუბო ემბლემიან კოსტუმებში გამოწყობილ გუნდს და ახლა უცბად საშვებიო... აშკარა პროვოკაციაა. ჩვენი ლაისენ ოფიცერი ნანა პერეირა დარბაზში შედის და “სპორტინგის” წარმომადგენლებისგან ჩვენი დარბაზში შეშვებას კატეგორიულად ითხოვს. ვახო წერეთლის ნათქვამსაც გადასცემს: თუკი დაუყოვნებლივ არ შეგვიშვებენ, სასტუმროში დავბრუნდებით და უეფაში წერილს გავაგზავნით, რომ “სპორტინგმა” “იბერია” თამაშზე არ შეუშვა და მერე თავად გასცენ პასუხი უეფას!
ჩვენც ეგ გვინდა, რომ წახვიდეთ – პასუხობენ ნანას და... დარბაზში ჩვენი შეშვების ბრძანებას გასცემენ. ალბათ თვლიან, რომ მიზანი მიღწეულია და გადამწყვეტი თამაშის წინ იბერიელებს ნერვები მოგვიშალეს. თუმცა, ამგვარმა ხრიკმა უკუეფექტი გამოიღო – ჩვენი ბიჭები მოსაგებად კიდევ უფრო დაიგეშნენ...
გუნდი გასახდელში შედის, მე კიდევ ტრიბუნაზე ავრბივარ და ტაბლოს ვუყურებ: 5:3, რუმინელები იგებენ!
ხუთი თუ ექვსი ქართველი რუმინელებს საკუთარი გუნდივით ვგულშემატკივრობთ, ომახიანად, ხმამაღალი შეძახილებით, ტაშით. თამაში მთავრდება, რუმინელებმა სიტყვა შეასრულეს, 8:3 მოიგეს, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, რუმინელებს კი ჩვენგან მცირე საჩუქარი ელით – ათიოდე ბოთლი ვისკი სასტუმროში, ვახშამზე, ალალად დაიმსახურეს...
 “იბერია” – “სპორტინგი” დაიწყო. პრეს-ლოჟაში ვერ გავჩერდი, იქ ღრიალი არ მოსულა. ჩვენებთან ვჯდები. აქ კლუბის ხელმძღვანელები, რამდენიმე გულშემატკივარი და პორტუგალიაში საქართველოს კონსული არიან. კონსულის შვილი განსაკუთრებით გვქომაგობს – თან ქართველია და თან “ბენფიკას” საფეხბურთო სკოლაში დადის. “ბენფიკა” და “სპორტინგი” კი მოგეხსენებათ...
რუმინელები გასახდელიდან გამოდიან და ჩვენთან ჯდებიან. ისე გვგულშემატკივრობენ, ნეტავ ყველა ქართველი ასე გვქომაგობდეს-თქო, ვფიქრობ.
ეს კიდევ ცალკე თემაა. რატომ უნდა ვუგულშემატკივრო “იბერიას”, ბრაზილიელების გუნდია – წერს მავანი ქართველი ფორუმზე. არადა, ამ ნაღდ ქართველს სტატუსად Forca Milan! უდევს. ქართველმა უცხოურ კლუბს, რომელშიც არც ერთი ქართველი არ თამაშობს, ხმის ჩახლეჩამდე უნდა უგულშემატკივროს, აბა, რა! მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ბრაზილიელმა ქართულ გუნდში ითამაშოს – მისთვის ეს  ქართულ სულში ჩაფურთხების ტოლფასია. ასეთები კი ბევრნი არიან...
მოკლედ, თამაში დაიწყო და... სიგიჟეც დაიწყო – 1:0, 2:0, 3:0... და გულშემატკივრები? შეუძლებელია არ აღფრთოვანდე პორტუგალიელთა ქომაგობით – მათი გუნდი 3 ბურთით აგებს, გადაჭედილი დარბაზი კი ერთი წამით არ წყვეტს სიმღერას და თავისიანების გამხნევებას! ისიც არ აღელვებთ, რომ “სპორტინგში” 8 ლეგიონერი თამაშობს...
მე-2 ტაიმი იწყება და პირველივე წუთზე პორტუგალიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. დარბაზი გიჟდება. ორლანდო დუარტე უმეკარეოდ, მოედნის 5 მოთამაშით გვეთამაშება. შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. როგორც კი ბურთი ჩვენ გვრჩება, მაშინვე მეკარეს აბრუნებენ. და გოლი! 4:1 – სამბურთიანი უპირატესობა აღვადგინეთ! თამაშის დასრულებამდე კიდევ 15 წუთი რჩება. ხელში ჩემი კლასელის, ათონის მონასტერში მოღვაწე მამა ანთიმოზის ნაჩუქარი ხატი მაქვს ჩაბღუჯული, ღმერთო, ეს 15 წუთიც და...
მომდევნო ხუთ წუთში 3 გოლი გაგვიტანეს. ანგარიში გათანაბრდა. ფრე “სპორტინგისაა”, დარბაზი ინგრევა, “იბერიას” ყველაფერი თავიდან აქვს დასაწყები...
ამ დროს, დანიელ საკაის გოლი - 5:4! ხმა აღარ ამომდის, მარტო ხელებს ვიქნევ, თამაშის დასრულებამდე 3 წუთი და 42 წამი რჩება. დრო გადის, და მომენტიც, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა: ედუ პორტუგალიელთა საჯარიმოშია, “სპორტინგის” კარში მეკარის ნაცვლად მცველი დგას. ერთი ზუსტი დარტყმა, ანგარიში 6:4 გახდება და დამთავრდა “სპორტინგის” ოცნება... მაგრამ ედუს დარტყმული მცველს ხვდება, ბურთს გამოიგდებს და რამდენიმე წამში ბურთი “იბერიას” კარშია...
“იბერიას” ოთხთა ფინალამდე 113 წამი დააკლდა...
მეორე დილას თბილისში ვბრუნდებით...

 

გიორგი დარჯანია

იბერია – სპორტინგის მატჩის ჰაილაითები იხილეთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=kEGUJaODt7I&feature=related

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090318