ეროვნული ჩემპიონატი ივანწმიდაშიც განახლდა - საჩხერის “ჩიხურამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა. პირველი წრე ორივე გუნდისათვის დიდად წარმატებულ არ ყოფილა, განსაკუთრებით ქვემო ქართლელთათვის, რომლებიც სატურნირო ცხრილს ბოლოსწინა საფეხურზე იმყოფებიან.
რაც შეეხება “ჩიხურა”, მართალია, ისინი ცხრილში მერვე პოზიციას იკავებენ, მაგრამ კლუბისგან, რომელმაც გასულ წელს ევროასპარეზზე მართლაც ნორმალურად იასპარეზა, უფრო მეტს ელიან. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მას შემდეგ საჩხერელთა შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, რაც გუნდს სტაბილურობაში აშკარად ხელს უშლიდა.
ჩემპიონატის განახლებას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა. საჩხერლებს ტრამვების გამო ოდიკაძე, ღონღაძე და კუჭუხიძე აკლდათ, ხოლო ბოლნისელებმა დისკვალიფიკაციის გამო ფოფხაძე და სვანიძე მოსაკლისეს. სამაგიეროდ, ორივე გუნდში იყვნენ ლეგიონერები, რომელთაც დებიუტი ჰქონდათ ეროვნულ ჩემპიონატში.
მატჩის დებიუტში მასპინძლებს შეეძლოთ გატანა, როდესაც მერლანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და იგი მანჯგალაძეს მიუვიდა. ეროვნებით ქართველმა, მაგრამ უკრაინის მოქალაქე მანჯგალაძემ ბურთი მერლანსაც და მოწინააღმდეგის კარსაც გადაატარა. მე-16 წუთზე ზემოიმერლებს ისევ ჰქონდათ დაწინაურების შანსი, როდესაც დობროვოლსკიმ და კორიფაძემ ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანეს დეკანოიძე, რომელმაც კარის აღების რეალური შანსი გაუშვა და მეტოქის კარს ააცილა. ცოტა ხანში ტროიანოვსკი შეეცადა გატანას, მაგრამ მერლანი იყო მოწოდების სიმაღლეზე. მასპინძელთა გარჯამ შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, რდესაც ტრაიანოვსკი-ჩიკვაიძე-მანჯგალაძის სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის სადებიუტო გოლით დასრულდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მანჯგალაძემ ერთი შეხებით შეძლო გატანა – 1:0. ტაიმის ბოლომდე გუნდებს საინტერესო აღარაფერი შეუქმნიათ. პირველმა ტაიმმა მთლიანად საჩხერელთა დომინანტობით ჩაიარა. ბოლნისელებს მატჩის ამ ნაწილში გატანის შანსი არ ჰქონიათ.
მეორე ნახევრის დასაწყისი კვლავ საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა და კორიფაძეს შეეძლო კიდეც გატანა, მაგრამ მერლანმა საჩხერელთა ნახევარმცველს არ გაატანინა. თანდათანობით სტუმრებმა ტერიტორიულ უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ მათ საქმე საგოლე დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ.
სიტუაციის ასეთი განვითარების დრს საჩხერლებს კონტრშეტევების შანსი მიეცათ. კვლავინდებურად აქტიური გახლდათ კორიფაძე-მანჯგალაძის დუეტი. 82-ე წუთზე სწორედ ამ ფეხბურთელების გათამაშებული კომბინაცია მანჯგალაძის ეფექტური “მაკრატელათი” დასრულდა, მაგრამ ბურთი მირზა მერლანის ბრწყინვალე “სეივის” წყალობით არ გავიდა “სიონის” კარში. 87-ე წუთზე ბოლნისელებს ვეღარც მერლანმა უშველა, როდესაც კორიფაძეს გატანის შანსი მისცეს. “ჩიხურას” ნახევარმცველის გოლმა მატჩის ბედი საბოლოდ გადაწყვიტა – 2:0.
მატჩის ეპილოგში სტუმრები ვალდებულნი იყვნენ პრესტიჟის გოლი მაინც გაეტანათ, როდესაც ქვილითაიას შეცდომით ჭანკოტაძეს უნდა ესარგებლა, მაგრამ ზესტაფონიდან “სიონში” გადასულ ფეხბურთელს დარტყმა არ გამოუვიდა.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) – “გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. სათასო მატჩისაგან განსხვავებით, მობილიზება უფრო გვეტყობოდა. მეტოქეს გაცილებით აგრესიულად ვეთამაშეთ. შეტევაში ფეხბურთელებმა მეტი იმპროვიზაცია გამოავლინეს და ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება”.
ლადო ბურდული (“სიონი”) – “რაც უცხოური შეკრებიდან დავბრუნდით, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობთ, აქ კი მძიმე გრუნტი იყო. თამაშითაც უკმაყოფილო ვარ და მსაჯობითაც. ხშირად ისინი ისეთ მომენტებში აჩერებდნენ, როდესაც გაგრძელება უფრო გახლდათ მიზანშეწონილი. ასეთი შეცდომები ორივე მხარის მიმართ იყო, თუმცა ტრადიციულად მასპინძლების მიმართ სიმპათია უფრო იგრძნობოდა”.
“ჩიხურა” – “სიონი” 2:0 (1:0)
22 თებერვალი. 14:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 200 მაყურებელი
“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, ლაშა ჭელიძე, ლუბჩაკი, დობროვოლსკი, კორიფაძე, დეკანოიძე (სარდალისვილი, 76), მანჯგალაძე (კაკაშვილი, 90), განუგრავა, ჩიკვაიძე, ტროიანოვსკი (მუმლაძე, 59).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“სიონი”: მერლანი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, საჯაია, ვიეირა, ქებურია (ლობჯანიძე, 46), ცხადაია (ჭანკოტაძე, 70), და სილვა (უგულავა, 46), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე.
მთავარი მწვრთნელი:
გოლი: 1:0 მანჯგალაძე (31), 2:0 კორიფაძე (87)
გაფრთხილება: ლუბჩაკი (42), ჩიკვაიძე (52), უგულავა (69), მუმლაძე (88), გოგობერიშვილი (90+2)
არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)
გიორგი წურწუმია საჩხერიდან
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
1:0 მოსიაშვილი (50)
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)
1:0 ქობალია (66)
22 თებერვალი, კვირა
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
1:0 ბერიაშვილი (40), 2:0 ტატანაშვილი (47)
სამტრედია - დინამო (თბილისი) O0:1 (0:1)
0:1 მანუელი (20)
ცხინვალი - დილა (გორი) 0:1 (0:0)
0:1 გორელიშვილი (62)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)
0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 კურდღელაშვილი (64, 67), 2:2 წყაროზია (84)
ტორპედო (ქუთაისი) - კოლხეთი (ფოთი) 0:0
| 1. | დინამო თბ. | 16 | 10 | 2 | 4 | 27:13 | 32 | |
| 2. | დილა | 16 | 9 | 4 | 3 | 23:13 | 31 | |
| 3. | დინამო ბთ. | 16 | 8 | 3 | 5 | 19:14 | 27 | |
| 4. | სამტრედია | 16 | 7 | 4 | 5 | 17:12 | 25 | |
| 5. | ჩიხურა | 16 | 7 | 4 | 5 | 19:17 | 25 | |
| 6. | ცხინვალი | 16 | 7 | 3 | 6 | 15:22 | 24 | |
| 7. | მეტალურგი | 16 | 6 | 5 | 5 | 19:17 | 23 | |
| 8. | გურია | 16 | 5 | 7 | 4 | 17:23 | 22 | |
| 9. | მერანი | 16 | 5 | 6 | 5 | 13:12 | 21 | |
| 10. | ზესტაფონი | 16 | 4 | 7 | 5 | 29:23 | 19 | |
| 11. | შუქურა | 16 | 4 | 6 | 6 | 14:18 | 18 | |
| 12. | კოლხეთი | 16 | 4 | 6 | 6 | 13:17 | 18 | |
| 13. | ტორპედო | 16 | 3 | 8 | 5 | 17:18 | 17 | |
| 14. | ზუგდიდი | 16 | 3 | 6 | 7 | 9:17 | 15 | |
| 15. | სიონი | 16 | 3 | 5 | 8 | 12:21 | 14 | |
| 16. | ვიტ ჯორჯია | 16 | 3 | 4 | 9 | 16:22 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.







