სასტუმრო “ქორთიართ მერიოტში” მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპზე დღეს მერვე ტურის პარტიები ჩატარდა.
რაღა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს მასპინძელთა ერთადერთი წარმომადგენელის ბაადურ ჯობავას თამაში იწვევს. აღნიშნულ ტურნირს ვინც თვალს ადევნებს კარგად ემახსოვრება, რომ ბაადურმა პირველ ოთხ პარტიაში გულშემატკივრებს გული დასწყვიტა - მხოლოდ ნახევარი ქულის მოგროვება მოახერხა. პირველი შესვენების დასრულების შემდეგ, რომელიც 19 თებერვალს გამოცხადდა, ჯობავამ თამაშის სტილი რადიკალურად შეცვალა და მომდევნო 4 პარტიაში თითქმის 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენა - 4 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა. დღევანდელ შეხვედრაში ბაადურმა შავებით რუსეთის წარმომადგენელ პიოტრ სვილდერს მოუგო.
მერვე ტურის პარტიებიდან ყველაზე ხანგრძლივი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავისა (საფრანგეთი) და ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი) შეხვედრა გამოდგა, რომელიც 6 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ ტომაშევსკიმ იმარჯვა, 6 ქულა დააგროვა და თანამემამულე დმიტრი იაკოვენკოს ქულით უსწრებს. მთავარ პრიზზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ გამარჯვებით ტომაშევსკიმ მინიმუმ მეორე ადგილი უკვე გაინაღდა.
რაც შეეხება ჯობავას, მას 4 ქულა აქვს ასპარეზობის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად და V-VIII ადგილებს ინაწილებს. ხვალინდელი დასვენების დღე თუ ჯობავამ ისევე გამოიყენა, როგორც მისი წინამორბედი, ნამდვილად აქვს კარგი შანსი რომ აღნიშნული ტურნირი პირველ სამეულში დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის დასრულებამდე დარჩენილია 3 ტური. დარჩენილ ტურებში მისი მეტოქეები იქნებიან ვაშიე-ლაგრავი, კასიმჯანოვი და და ასპარეზობის გამოკვეთილი აუტსაიდერი ანდრეიკინი.
მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ანიშ გირი (ჰოლანდია) – ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5-0,5
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0-1
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5-0,5
ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5-0,5
ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1-0
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ
I ტომაშევსკი 6 ქულა
II იაკოვენკო 5
III-IVკასიმჯანოვი, რაჯაბოვი 4,5-4,5
V-VII ჯობავა, მამედიაროვი, გირი, დომინგესი 4-4
IX გრიშჩუკი 3,5
X-XI სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი 3-3
XII ანდრეიკინი 2,5
24 თებერვალი დასვენების დღეა, ტურნირი მეცხრე ტურის შეხვედრებით 25 თებერვალს განახლდება.
მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი
ჯობავა – ვაშიე-ლაგრავი
რაჯაბოვი – ანდრეიკინი
ტომაშევსკი – კასიმჯანოვი
იაკოვენკო – სვიდლერი
გრიშჩუკი – დომინგესი
მამედიაროვი – გირი









