ფეხბურთი

23:11 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,შუქურა” ,,ჩელე არენაზე” შეუჩერებელია

ზამთრის უკანასკნელ დღეს საინტერესო მატჩი გაიმართა ქობულეთში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ,,შუქურა“ და ლანჩხუთის ,,გურია“ დაუპირისპირდნენ. აჭარელი გულშემატკივრები აღნიშნულ შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. ახალი მწვრთნელის გელა სანაიას ხელმძღვანელობით ,,შუქურა“ თავის პირველ საშინაო მატჩს ატარებდა. ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ზღვისპირელები ქულათა უმეტესობას სწორედ ,,ჩელე არენაზე“ აგროვებდნენ. თანაც გუნდის ქომაგებს ბრაზილიელი ახალწვეულების საქმეში ხილვაც ეწადათ. მართალია სამხრეთამერიკელ ლეგიონერებს ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ მათ შეკრება გუნდთან ერთად არ გაუვლიათ და ამიტომ თანაგუნდელებთან შესათამაშებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. ხოჭოლავამ საჯარიმო დარტყმით მოსინჯა გურულთა გოლკიპერის საიმედოობა. თებიძეს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

მალე სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს და ნელ-ნელა საფუძვლიან უპირატესობასაც დაეუფლნენ. პირველი სახიფათო მომენტი გურულებმა მე-10 წუთზე შექმნეს. კოშკაძის მოწოდებულ კუთხურზე, ქობულეთელთა ერთ-ერთ მცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და მის კარში გადაგზავნას ინგოროყვა ცდილობდა, მაგრამ ჯიოევმა თავისიანები უსიამოვნებას აარიდა. მასპინძელთა კართან მომდევნო ხიფათი ისევ კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. ბენაშვილის მოწოდებულ სტანდარტულზე მეკარე შეცდა მაღალ ბურთზე გამოსვლისას, თუმცა სტუმრებმა ბოძებული შანსით ვერ ისარგებლეს. მალე მათიაშვილი ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თავიდან ჯიოევმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ თავდამსხმელს თვითონვე დაასწრო და ხიფათი განმუხტა. ტაიმის ბოლოს ინგოროყვამ მოულოდნელად გაისროლა, თუმცა ჯიოევს ვერც მან აჯობა.

უკანასკნელ წუთზე გურულებს დაწინაურება მაინც შეეძლოთ. შეტევაში ჩართულმა მჭედლიშვილმა თითქმის მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დააქუხა. აჭარლები გოლისგან ჯიოევმა გადაარჩინა.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ნელ-ნელა უკეთესად ათამაშდნენ ბრაზილიელები. 56-ე წუთზე ნუნიესს თავის გამოჩენა მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა. 2 წუთში დორნელესის ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესული თუხარელი ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, თუმცა სამიზნეს ვერც მან მოახვედრა. იგივე ბედი ეწია ჩელებაძის შორეულ გასროლასაც.

ამის შემდეგ, ერთი წუთის ინტერვალში, ორი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ. პირველად ბენაშვილის ჩაწოდებულს ისიანი უხერხულად დაუხვდა და გოლის გატანის შანსი გაანიავა. მეორედ მათიაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

აჭარელთათვის გადამწყვეტი მოედანზე ჩაფიძის გამოჩენა გამოდგა, რომელმაც დორნელესი შეცვალა. მინდორზე მისი გამოსვლისთანავე სტუმრები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულებისას ჩელებაძემ ცრუ მანევრით მეკარის ყურადღება მიიპყრო, რითაც კარგად ისარგებლა ჩაფიძემ და ზუსტი დარტყმით გურულთა კარის ბადე შეარხია - 1:0.

7 წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიხარეს. ჩაფიძის შორეულ ძელთან ჩაწოდებულ კუთხურზე თებიძე შეცდა გამოსვლისას და პუკანიჩმა თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა - 2:0.

მატჩი ფაქტობრივად აქ დამთავრდა. მართალია გურულები ვითარების გამოსწორებას ცდილობდნენ და ამისთვის თავიც არ დაუზოგავთ, მაგრამ სახეიროს ვერაფერს მიაღწიეს. ეგ კი არა, აჭარელ ფეხბურთელებს გადამწყვეტ მომენტებში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც შეძლებდნენ.

,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,გურია” (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

28 თებერვალი. 14.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 2000 მაყურებელი.

,,შუქურა”: ჯიოევი, ტვილდიანი, ხოჭოლავა, მჟავანაძე, ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი, როდრიგესი (თუხარელი 46), ჩელებაძე (კ), დორნელესი (ჩაფიძე 63), Pპაულო ვიქტორ ნუნიესი (მეტრეველი 79);

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

,,გურია”: თებიძე, ბენაშვილი, ე. კილაძე, ცინცაძე, გ. მჭედლიშვილი, ინგოროყვა, ღაღანიძე, მოსიაშვილი(კონოვალოვი 84), კოშკაძე (კ) (ზოზულია 77), ისიანი, მათიაშვილი;

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 1:0 ჩაფიძე (65), 2:0 პუკანიჩი (72);

გაფრთხილება: ისიანი (10), გ. მჭედლიშვილი (25), ხოჭოლავა (28), ინგოროყვა (55);

არბიტრი: ლაშა სილაგავა

28 თებერვალი

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლუკა თათხაშვილი (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, ზ. ასკაროღლი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე, ოთარ კაკაბაძე (დინამო)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, მ. კუპატაძე, ბ, ნინუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი თექთურმანიძე (დილა)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, გ. ელიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი

რუთავი.”ფოლადი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლევან კუტალია, გოდერძი მაჩაიძე (ზუგდიდი)

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ა. კოკაია, დ. კურტანიძე, გ, დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი

მარტვილი. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებული: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

ზესტაფონი.”დავით აბაშიძე.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა მჭედლიშვილი (ზესტაფონი)

მსაჯები: დ.სანოძე, ი.კაკაბაძე, ზ. ჭაავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ტორპედო 16 3 8 5 17:18 17
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101899