სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:57 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორის “დილა” ლიდერია

"დილამ” კარგად ისარგებლა თბილისის “დინამოს” ბოლნისის “სიონთან” წაფორხილებით და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გალიდერდა.

გორელებს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ლუკა რაზმაძე დაუბრუნდათ, რომელიც შარშან ქობულეთში ადგილობრივ “შუქურასთან” მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა და 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გორელთა ხელმძღვანელობამ ფეხბურთის ფედერაციის აღმოსკომს რაზმაძის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე მიმართა და თხოვნა დააკმაყოფილეს. “დილას” 18-კაციან განაცხადში წამყვანი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ვერ მოხვდა. ასევე, სამატჩო განაცხადში ზამთარში დამატებული შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე არ ფიგურირებდა, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელს გიორგი დარასელიას მეუღლის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. “მსოფლიო სპორტი” სამძიმარს უერთდება. ამ ტრაგედიის მიუხედავად, დარასელია გუნდს გორში მაინც ჩამოჰყვა და ხელმძღვანელობდა.

მატჩის მე-15 წუთზე გორელმა ნიკა კვეკვესკირმა დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0. გაშვებული გოლიდან მალევე, მეტოქის საჯარიმოში ნიკა საბანაძე მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან “ცაციათი” ააცილა.

ტაიმის შუაწელში მიხეილ გორელიშვილმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაკარგული ბურთი თითქოს შეინარჩუნა, 20 მეტრი გაირბინა და ახლო ძელთან დასწრებაზე მყოფ კვეკვესკირს გადააწოდა, რომელსაც ზუსტად სტუმართა მცველმა არ დაარტყმევინა.

ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმისა და ჩაწოდების შემდეგ თენგიზ ჩიკვილაძემ ავტოგოლი გაიტანა – 0:2.

შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ გიორგი ქიმაძემ “დილას” საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი კარგად დაამუშავა და სახიფათოდ დაარტყა – ომარ მიგინეიშვილმა ხიფათი ნახტომში გაანეიტრალა.

შესვენების შემდეგ, დარასელიამ თავდასხმაში მანამდე ეულად მყოფ ნიკა საბანაძეს ოთარ კვერნაძე შეუწყვილა, ხოლო ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა ქებაძე მარჯვენა გარემარბ დავით კირკიტაძეთი შეცვალა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი გავიდა, რომ გუგა ფალავანდიშვილი დაშავდა და თამაშში სერბი სლავკო მარიჩი ჩაერთო. ამ ცვლილებიდან ცოტა ხანში, მარცხნიდან ლაშა გვალიამ ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც მყოფმა გიორგი სეთურიძემ ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მდგომ ლაშა გვალიას გადააწოდა, მაგრამ მის დარტყმულს ზაზა ჭელიძე გადაეფარა.

მეორე ტაიმის შუაწელში კირკიტაძემ “დილას” საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით დაარტყა და მიგინეიშვილმა “ცხრიანში” წასული ბურთი უკუაგდო. ხსენებული ეპიზოდიდან მცირე ხანში, გორელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი მესერს გადაევლო და გვერდითი მსაჯისკენ გაიწია, მაგრამ პოლიციამ დროულად შეაჩერა. ადგილობრივი ქომაგების გულისწყრომა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტრავმირებული დავით ხურცილავა მოედანზე იწვა, ხოლო მსაჯმა თამაში არ შეაჩერა.

ანგარიშში სხვაობა ნიკა საბანაძემ შეამცირა. მან გოლის გატანამდე დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და მიზანს ააცილა, ხოლო ორ წუთში კვერნაძის პასის მერე გორელთა საჯარიმოში ალექსანდრე კვახაძეს დაასწრო და ზუსტად ითამაშა – 1:2.

ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, გიორგი ერისთავმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, გზად სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა ზუსტი პასი ვერ გააკეთა.

საპასუხო შეტევის დროს, ჩიკვილაძემ მარცხნიდან ჩააწოდა და საბანაძის მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

პრესკონფერენცია

გიორგი მეგრელაძე („ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): „პირველი ნახევარი სათანადოდ ვერ ჩავატარეთ. მეორეში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ დავმარცხდით. „დილას“ პირველ ადგილზე გადანაცვლებას ვულოცავ“.

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მთავარი მწვრთნელი): „პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა. მეტოქეს მის ნახევარზე ვეთამაშებოდით და ორი გოლი გავიტანეთ. თუმცა, ამან ფეხბურთელებზე ცუდი გავლენა იქონია და მეორე ტაიმი ნაკლები კონცენტრაციით ჩავატარეთ. მატჩის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, გოლი რომ გავუშვით. ბოლო წუთებში ძალიან რთულ პირობებში ვითამაშეთ, რადგან სულ თავის დაცვა გვიწევდა. პირველ ადგილზე გადასვლა სასიხარულოა, მაგრამ ადგილის შენარჩუნება უფრო რთულია. ირაკლი მოდებაძე ტრავმის გამო გვაკლდა. მას „ცხინვალთან“ მატჩში კუნთი დაეჭიმა. ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებს“.

- მიუხედავად იმისა, რომ თამაშს იგებდით, მსაჯთან პრეტენზია მაინც გქონდათ. ეს რით იყო გამოწვეული?

- ეს ჩემი პრობლემაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ მთელი ყურადღება თამაშზე გადავიტანო და მსაჯისგან გაფრთხილება არ მივიღო. თუმცა, იყო ეპიზოდები, როდესაც მსაჯს ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაენიშნა, მაგრამ მეტოქის სასარგებლოდ დანიშნა. ამის მიუხედავად ეს ჩემს საქციელს არ ამართლებს“.

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (2:0)

1 მარტი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე (კ), ბაგაევი, ხურცილავა, რაზმაძე, სეთურიძე, ფალავანდიშვილი (მარიჩი, 56), გვალია (ჭეჭელაშვილი, 85), კვეკვესკირი (ერისთავი, 80), გორელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ჩიკვილაძე (კ), ბაბუნაშვილი (ბექა ტუღუში, 60), საბანაძე, ქებაძე (ოთარ კვერნაძე, 46), კლიმიაშვილი, იოსელიანი (კირკიტაძე, 46), ქიმაძე, ზაზა ჭელიძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 კვეკვესკირი (15), 2:0 ჩიკვილაძე (41, საკუთარ კარში), 2:1 საბანაძე (73)

გაფრთხილება: იოსელიანი (32), ჩიკვილაძე (60), ტუღუში (77), კლიმიაშვილი (80), ადამაძე (90)

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

მე-17 ტური

28 თებერვალი

შუქურა (ქობულეთი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

1:0 ლაშა ჩაფიძე (65), 2:0 ადრიან პუკანიჩი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 0:2 (0:1)

0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (43, პენალტით), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (70, პენალტით)

1 მარტი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სამტრედია 0:1 (0:1)

0:1 ილია კერძევაძე (34)

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (35), 1:1 ლუიშ ალბერტუ (45), 2:1 დაჩი ცნობილაძე (50)

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 0:1 (0:1)

0:1 ლუკა გეგუჩია (12)


მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 0:2 (0:1)

0:1 თეიმურაზ მარკოზაშვილი (45), 0:2 ლაშა შინდაგორიძე (56)

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (1:0)

1:0 ირაკლი სიხარულიძე (15), 1:1 თორნიკე მუმლაძე (56), 2:1 გიორგი ილურიძე (78), 2:2 ლაშა ჩიკვაიძე (90)

1. დილა 17 10 4 3 25:14 34
2. დინამო თბ. 17 10 2 5 28:15 32
3. დინამო ბთ. 17 9 3 5 21:14 30
4. სამტრედია 17 8 4 5 18:12 28
5. ცხინვალი 17 8 3 6 17:22 27
6. ჩიხურა 17 7 5 5 21:19 26
7. მეტალურგი 17 6 5 6 19:18 23
8. გურია 17 5 7 5 17:25 22
9. მერანი 17 5 6 6 13:14 21
10. შუქურა 17 5 6 6 16:18 21
11. ზესტაფონი 17 4 8 5 31:25 20
12. კოლხეთი 17 4 6 7 13:19 18
13. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
14. ტორპედო 17 3 8 6 18:20 17
15. სიონი 17 4 5 8 14:22 17
16. ვიტ ჯორჯია 17 3 4 10 16:23 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.093827