მიმდინარე წელს “ცხინვალისა” და “ვიტ ჯორჯიას” პირველი დაპირისპირება საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4-ფინალში შედგა და “ვეტერინარებმა” 5:4 გაიმარჯვეს. ამჯერად, “ცხინვალმა” რევანში აიღო. მეტოქეები ერთმანეთს 9 მარტს თასის საპასუხო მატჩში მცხეთაში შეხვდებიან.
ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატს 24 წლის ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 2013 და 2014 წლები “ვენტსპილსში” გაატარა და ორჯერ ლატვიის ჩემპიონი გახდა. თორნიკე ამჯერად “ცხინვალში” ჩაირიცხა და “ვიტ ჯორჯიასთან” თადარიგში იყო. მასპინძლებს ტრავმების გამო, მეკარე სოსლან ნანიევი, შემტევები გიორგი ივანიშვილი და ბაჩანა არაბული აკლდნენ.
მატჩს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თავის ექსასისტენტ სოსო ჭედიასთან ერთად დაესწრო. გუნდებმა ძლიერ ქარში ითამაშეს და ამ ფაქტორმა დაპირისპირებას უარყოფითი დაღი დაასვა.
შეხვედრის დებიუტში ნიკა კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში გიორგი გეთიაშვილს დაასწრო, მაგრამ ჯონი შეროზიასთან მარტო დარჩენილმა სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა და გოლი გატანის შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში ბიძინა მახარობლიძემ საჯარიმოს ფარგლებს გარედან შემოტრიალებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მიზანს ოდნავ ააცილა.
ტაიმის შუაწელში შეროზიამ ბურთი “ამოიტანა” და მასპინძელთა საჯარიმოში ცენტრალურმა მცველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა და გიორგი ნადირაძემ შეუთანხმებლად ითამაშეს, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძის დარტყმის მერე, კინაღამ ანგარიში გაიხსნა.
მალევე “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში აღმოჩენილმა ნიკა კაჭარავამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და შეროზიამ პირველ ცდაზე ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ შეცდომა უცებ გამოასწორა და თემურ მარკოზაშვილს ვარდნაში არ გაატანინა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში, ბაქარ ქარდავამ მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაჭარავამ დასწრებაზე ითამაშა, მაგრამ კარში ზუსტად ვიტელთა მცველმა არ დაარტყმევინა.
მე-60 წუთზე, “ვიტ ჯორჯიას” ცენტრალური მცველები მინდვრის თავის ნახევარზე უხეშად შეცდნენ და კაჭარავას პასის მერე, ბიძინა მახარობლიძე გავიდა შეროზიასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მის დარტყმულს თბილისელთა მეკარე გადაეღობა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ირაკლი ლექვთაძე თბილისელთა საჯარიმოსთან ორ მეტოქეს გასცდა, ბურთი ლაშა შინდაგორიძეს მიუვიდა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა.
ცოტა ხანში შეროზიასთან მარტო დარჩენილ ლექვთაძეს “ვიტ ჯორჯიას” მეკარემ კი აუღო, მაგრამ დამატებაზე შინდაგორიძემ ზუსტად ითამაშა - 1:0.
თბილისელებს ანგარიში გათანაბრება მალევე შეეძლო, როდესაც ნიკა მაისურაძემ მარცხნიდან კუთხური ჩამოწოდა და შოთა დავლაშელიძემ კარის ახლოდან მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.
ცხინვალი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (0:0)
5 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
ცხინვალი: ნადირაძე (კ), იმედაშვილი, შინდაგორიძე, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, მარკოზაშვილი (ქარდავა, 46), ვარლამ კილასონია, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ლექვთაძე, 70), ნიკა კაჭარავა (მაისაშვილი, 90+2), ნიკა ჯიშკარიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ვიტ ჯორჯია: ჯონი შეროზია, კალანდია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი (კ), დანელია, გახარია (ხვისტანი, 83), დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ნიკა მაისურაძე, 60), ელგუჯა ლობჯანიძე, საბაძე (დემეტრაშვილი, 81), თათხაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზურა ბერიძე
გოლი: 1:0 შინდაგორიძე (81)
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი







