ანტიკური ხანის შემდეგ, პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს ათენში გაიმართა და აგერ უკვე ოლიმპიზმის ისტორიას 30 ოლიმპიადა ახსოვს, მაგრამ აქედან არცერთი ყოფილა აფრიკიში და სავარაუდოდ, ამ კონტინენტს ეს გრანდიოზული სპორტული ფორუმი კიდევ დიდხანს არ ეღირსება.
2010 წელს, სამხრეთ აფრიკამ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა და დაკისრებულ მოვალეობასაც თავი კარგად გაართვა. ამით შავ კონტინენტს გზა გაეხსნა მომავალშიც გამოთქვან პრეტენზია მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებს გაუკეთონ ორგანიზება და ეს კარი მათ დღესაც ღია აქვთ. თავისთავად, კატეგორიული წინააღმდეგი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტია. თუ სურვილი არ გამოთქვი, სოკ-ში განაცხადი არ შეიტანე და ბოლომდე არ იბრძოლე, ისე ჰაერიდან ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას არავინ მოგანიჭებს.
“ჯერ შეუძლებელია" - ასეთი იყო აფრიკის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOCA) პრეზიდენტის მესიჯი. პარიზში მიმდინარე საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS) 78-ე კონგრესზე, ANOCA-ის პრეზიდენტმა ლასანა პალენფომ აფრიკის შანსები ძალზედ მუქ ფერებში დახატა.
“პერსონალურად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით ძალზედ მოხარული ვიქნები თუ აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ჩვენი კონტინენტისთვის ეს უდიდესი, ფანტასტიური მოვლენა იქნებოდა, მაგრამ სიმართლეს თვალებში ჩავხედავ და ვაღიარებ, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებლად მეჩვენება. რა მოხდება ოლიმპიადის შემდეგ? რა ბედი ელის სპორტულ ობიექტებს? ნახეთ ათენის მაგალითი. 2004 წლის თამაშებისთვის აგებულ არენათა უმეტესობა დღეს გაპარტახებულია, არადა მათ ასაშენებლად ხომ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა? არის თუ არა ეს ფულის გაფლანგვა? მე თუ მკითხავთ დიახ. აფრიკის ქვეყნები კი ეკონომიურად არცთუ ისე ძლიერია.
აფრიკის ერთი ქვეყნისთვის, 30 სპორტის სახეობაში შეჯიბრებების ორგანიზება, 10 ათასზე მეტი სპორტსმენის, ამას გარდა ათასობით ჟურნალისტის და გულშემატკივრის მიღება ადვილი არ იქნება. ყველაფერს ისევ ფინანსებთან მივყავართ და არა მგონია, აფრიკის რომელიმე ქვეყნის მთავრობა ამაზე წამოვიდეს. ქვეყანაში გყავდეს უამრავი მშიერი ადამიანი და შენ მილიარდებს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას ახარჯავდე, ხალხისთვის ძნელად ასახსნელია”, - ამბობს აფრიკული ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი.
www.geonoc.org.ge







