სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:11 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურამ” ბრაზილიურ-უკრაინული გოლებით მოიგო

შარშანდელისგან განსხვავებით, ბოლნისის “სიონს” ცუდი დრო უდგას. თუ გუნდი გასული წლის გაზაფხულზე ევროთასებზე მოსახვედრად იბრძოდა, ამჟამად, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ლამობს. თუმცა, ნაჩვენები თამაშით ამას რამდენად მოახერხებს რთული სათქმელია.

არადა, განვლილ მატჩში ბოლნისელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-17 წუთზე, “სიონის” შეტევის დროს გიორგი ჭანკოტაძემ მარჯვენა ფლანგზე დათა სიჭინავა მოძებნა, რომელმაც ზუსტი პასი მისცა კარის შორეულ ძელთან მყოფ დათო საჯაიას, ხოლო ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0.

31-ე წუთზე, ბოლნისელებმა კურიოზული გოლი გაუშვეს. მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე გურეშიძემ და მეკარე მირზა მერლანმა ძალიან შეუთანხმებლად ითამაშეს. “სიონის” მეკარემ ვერ გადაწყვიტა პარტნიორის მიერ დაგორებული ბურთი მოეგერიებინა თუ გაეჩერებინა, ხოლო გურეშიძე ცდილობდა ბრაზილიელი დორნელესი კორპუსით “ჩაეკეტა”. საბოლოოდ, მერლანს ბურთი ფეხქვეშ გაუძვრა, ხოლო დორნელესმა ცარიელ კარში გაიტანა – 1:1.

შესვენებამდე ორი წუთით ადრე, თორნიკე თუხარელმა მარჯვნიდან მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ნუნიესმა, როგორც ცენტრალურ მცველ დაჩი ცნობილაძის, ასევე, მერლანის შეცდომით ისარგებლა და “შუქურა” დააწინაურა. თანამემულის მსგავსად მან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დებიუტში თუხარელი მარჯვენა ფრთაზე ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და საჯარიმოში ბურთი ნუნიესს გადააწოდა, რომელმაც ერთი მცველი ოსტატურად ჩამოიცილა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა და სტუმართა კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.

მალევე, დორნელესმა მასპინძელთა საჯარიმოში ბურთი ლაშა ჩალაძეს შეაყოლა, რომელმაც პასი კარის წინ მდგომ ადრიან პუკანიჩს არ დაუგვიანა და უკრაინელმა ლეგიონერმაც საქართველოში მეორე გოლი მიითვალა.

რამდენიმე წუთში მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც საშუალო მანძილიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ამჯერად მერლანმა ბურთი მოიგერია.

ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, გიორგი გურულმა დაცვაში მეტოქისთვის გვერდის ავლა მოინდომა, მაგრამ ჯაბა უგულავამ ბურთი აართვა და სიჭინავას გადააწოდა, რომელიც “შუქურას” საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა, მაგრამ აზამატ ჯიოევს ვერ გაუტანა.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში, გიორგი ჩელებაძის პასის მერე, ლაშა ჩაფიძემ “სიონის” საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ცნობილაძე ჩამოიშორა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა.

ცოტა ხანში, ბოლნისელებმა კუთხური ჩამოაწოდეს და სიჭინავას მიერ საჯარიმოს გარედენ დარტყმული ბურთი მოწინააღმდეგის ფეხიდან ცნობილაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით სუსტად დაარტყა, ჯიოევმა კი საიმედოდ ითამაშა.

მატჩში ბოლო სახიფათო შეტევა “შუქურამ” განახორციელა, როდესაც ჩაფიძემ ბოლნისელთა საჯარიმოს სიახლოვეს ნუნიესი მონახა, რომელმაც უზუსტოდ დაარტყა.

სიონი (ბოლნისი) – შუქურა (ქობულეთი) 1:3 (1:2)

სიონი: მერლანი, ალექსანდრე გურეშიძე, გოგობერიშვილი (კ), საჯაია, ცხადაია (ჭიკაიძე, 55), ცნობილაძე, ქებურია, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ზვიად ლობჯანიძე (უგულავა, 46), მიქაბერიძე (და სილვა, 55).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, გიორგი გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, დორნელესი (ჩაფიძე, 66), თუხარელი (ტაკიძე, 82), პაულო ვიქტორ ნუნიესი (მესხი, 86), გიორგი ჩელებაძე (კ).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გოლები: 1:0 საჯაია (17), 1:1 დორნელესი (31), 1:2 ნუნიესი (44), 1:3 პუკანიჩი (52)

გაფრთხილება: გურეშიძე (14), ცნობილაძე (32), მიქაბერიძე (50),

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

1. დინამო თბ. 20 13 2 5 34:17 41
2. დინამო ბთ. 20 12 3 5 26:16 39
3. დილა 20 11 5 4 29:15 38
4. სამტრედია 20 10 4 6 25:15 34
5. ცხინვალი 20 10 3 7 20:25 33
6. ჩიხურა 20 8 6 6 26:22 30
7. გურია 20 7 8 5 19:25 29
8. შუქურა 20 7 6 7 21:20 27
9. ტორპედო 20 5 9 6 22:21 24
10. მეტალურგი 20 6 6 8 19:21 24
11. ზესტაფონი 20 5 8 7 37:33 23
12. მერანი 20 5 7 8 15:20 22
13. კოლხეთი 20 5 6 9 16:25 21
14. ზუგდიდი 20 5 6 9 13:23 21
15. სიონი 20 4 5 11 18:32 17
16. ვიტ ჯორჯია 20 3 4 13 17:27 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.172128