ფეხბურთი

15:12 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: “თავხედობაა განვაცხადო, რომ საქართველოს ნაკრებთან მოგება ადვილი იქნება”

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საქართველოსთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდი თბილისში მხოლოდ 3 ქულის ასაღებადაა ჩამოსული.

ტონი კროოსი: “უღრმესი მადლობა ძალიან კარგი დახვედრისთვის. კარგად მიგვიღეს, მაგრამ ბოლომდე რამდენად კარგად მიგვიღებენ ეს კვირას გამოჩნდება. ჩვენი მიზანია გამარჯვებული წავიდეთ.”

-გერმანიის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პოლონეთთან წააგო, ხოლო ბოლოს ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში ფრე ითამაშა. ხომ არ ფიქრობთ, რომ გუნდში პრობლემებია?

-რა თქმა უნდა, როგორიც გვსურდა, ისეთი შედეგი არ იყო. ჩვენი თამაშით 100%-ით კმაყოფილი არ ვართ. თუმცა მომავალ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ.

-საქართველოს ნაკრებიდან ვინმეს თუ გამოარჩევთ? ჩემპიონათა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალი” “ატლეტიკოს” დაამარცხებს?

-საქართველოს ნაკრების შესახებ მეტნაკლები ინფორმაცია მაქვს. ფეხბურთელები მის შესახებ ერთმანეთში ვსაუბრობდით. თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებს ისე ახლოს არ ვიცნობთ. შევეცდებით “ატლეტიკოსთანაც” მოვიგოთ, მაგრამ ამას დღევანდელ პრესკონფერენციასთან რა კავშირი აქვს?

-ეს არ არის ჩვეულებრივი პრესკონფერენცია, როგორც სხვა. თამაშიც ასეთი ხომ არ იქნება?

-განსაკუთრებული პრესკონფერენცია არაა. სხვადასხვანაირი მინახავს, ვფიქრობ ჩვეულებრივი პრესკონფერენციაა. ხვალინდელ თამაშში ჩვენ მოგებას შევეცდებით. საქართველოს ნაკრები ეცდება თავი დაიცვას და გაიმარჯვოს.

-საქართველოსთან მოგება ადვილი იქნება?

-ჩემი მხრიდან თავხედობა იქნება განვაცხადო, რომ გამარჯვება ადვილი იქნება. რას ქვია რომ ადვილი იქნება? ყველა ცდილობს, რომ ბოლომდე დაიხარჯოს და მოიგოს. დარწმუნებული არ ვართ მომავალი თამაში როგორ დამთავრდება. ჩვენი განწყობაა, მოვიგოთ და 3 ქულა წავიღოთ.

-თქვენი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდი განვითარდა თუ დასუსტდა? თქვენთვის რომელი ტაქტიქით თამაში იქნება მისაღები?

-თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და მისი დასრულების მერე 3 წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, ალბათ საკვალიფიკაციოზე ნაჩვენები შედეგი ამის ბრალია. პოლონეთთან და ირლანდიასთან თამაშით კმაყოფილი არ ვართ. სათამაშო სქემების დიდი მოყვარული არ ვარ. მთავარია სივრცეები კარგად დავიკავოთ.

-თქვენთვის რამდენად სასიამოვნოა, რომ გერმანიის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს? უცხოეთში თამაშობთ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ პრესასთან, რომელიც ხან გაქებთ და ხან გაკრიტიკებთ?

-ასეთი ტიტულის მოღება სასიამოვნოა. ყველგან არსებობს ხალხი, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში გაქებენ, წაგების დროს კი გაკრიტიკებენ. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ.

-ვიცით, რომ ძალიან ბევრი ითაშეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და მადრიდის “რეალში”. ალბათ სასიამოვნოა როდესაც ცოტა დასვენების საშუალება გაქვთ.

-მართლაც ძალიან ბევრი ვითამაშე და დავიღალე. თუმცა ჩემს შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ მიყვარს თამაში და სიამოვნებით ვთამაშობ.

პრესკონფერენციის დასასრულს გერმანიის ნაკრების პრესატაშემ განაცხადა, რომ მათთვის მოულოდნელად 5 ფეხბურთელს დოპინგ-კონტროლი ჩაუტარეს.

0.098576