კალათბურთი

13:22 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელებთან ოვერტაიმში წააგო, სომხები კი გაანადგურა

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში 28 მარტს კიდევ 2 მატჩი გამართა და 100-პროცენტიან შედეგამდე მცირედი დააკლდა.

ქართველები პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით ამარცხებდნენ მასპინძელთა გუნდს - ვენტსპილსის „სპარსს", თუმცა, თამაში დამატებით დროში გადავიდა და ოვერტაიმში ლატვიურმა გუნდმა 66:64 იმარჯვა.

აღსანიშნავია ძირითადი დროის ბოლო წუთზე ჩვენი ბიჭების შეუპოვარი თამაში, რომლებიც 54:59 ჩამორჩებოდნენ. ნიკა ნიკოლაიშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაუჭრა ლატვიელებს და ორივე შეტევა თავად დააგვირგვინა – ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანი და ანგარიში გაათანაბრა - 59:59, რის შემდეგაც თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ქართველთაგან 19 ქულით, 18 მოხსნით და 5 დაფარებით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე, 16 ქულა დააგროვა ნიკოლაიშვილმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 13 ქულა მიითვალა. მეორე მატჩში ქართველებმა იოლად დაამარცხეს სომხეთის გუნდი „გრანდ სპორტი" – 76:32.

საქართველოს ნაკრები ლატვიურ ტურს 29 მარტს დაასრულებს პოლონურ გუნდ „პომერანიასთან" მატჩით. ქართველებს ვენტსპილსში 4 მატჩიდან 3 აქვთ მოგებული და მოიგებენ თუ არა აღნიშნულ ეტაპს, არა საკუთარ თავზე, არამედ, სხვა გუნდების შედეგებზე არიან დამოკიდებულნი. გავლენ თუ არა ქართველები ევროპის ახალგარდული ლიგის ფინალურ ეტაპზე, მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091482