დღეს, სასტუმრო “რედისონში”, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო.
საბოლოოდ შეხვედრას 29 ფედერაციის თავკაცი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. საპარლამენტო კომიტეტმა კი შეხვედრაზე დასწრება იუარა. პარლამენტარებმა ფედერაციებს წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ გამართა კომიტეტმა ლევან ყიფიანთან ერთად დახურულ კარს მიღმა სხდომა.
“საპარლამენტო კომიტეტი მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და პარლამენტის რეგლამენტის ფარგლებში. შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ასე წარიმართა 2015 წლის 25 მარტს გამართული საკომიტეტო მოსმენაც, სადაც კომიტეტის წევრებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ. ეს პროცესი არ გულისხმობდა სპორტული ფედერაციების მონაწილეობას. თუმცა ჩვენი კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მოგიწვიოთ საქართველოს პარლამენტში და სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ საკომიტეტო სხდომის შესახებ, ასევე განვიხილოთ ჩვენი სპორტის აქტუალური საკითხები.” – ასეთი სახის წერილი მიიღეს “რედისონში” შეხვედრამდე სპორტულმა ფედერაციებმა, რომლებსაც კითხვებზე პასუხის გაცემა არა მარტო ლევან ყიფიანისგან, არამედ კომიტეტის წევრებისგანაც სურდათ.
შეხვედრას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე უძღვებოდა. თავდაპირველად მედიისთვის შეხვედრის კარი რამდენიმე წუთით გაიღო. ნიჟარაძის განცხადებით, პრობლემების არსებობის შესახებ ფედერაციებმაც უნდა შეიტყონ. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შიდა დაპირისპირებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და საზოგადოებამ, ისევე როგორც სპორტულმა ფედერაციებმა, კომიტეტსა და სამინისტროს შორის გამართულ საკომიტეტო სხდომასა და გასაიდუმლოებული დასკვნის შესახებ ინფორმაცია ამომწურავად უნდა მიიღონ.
შეხვედრის ფორმატი შემდეგნაირი გახლდათ: ფედერაციების კითხვებს ლევან ყიფიანი უპასუხებდა. ამის შემდეგ მინისტრი დარბაზს დატოვებდა და სპორტული ფედერაციები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ლევან ყიფიანმა ფედერაციების ხელმძღვანელთა კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა: “მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფედერაციის წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ მოვიდა. სამწუხაროა, რომ ამ სხდომას არ დაესწრნენ საპარლამენტო კომიტეტის დეპუტატები, რადგან იმ კითხვებზე, რომლებიც არსებობს ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი და ამას მომავალშიც გავაკეთებთ. ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ ფედერაციებს თუ რა მოხდა ან რატომ მოხდა სპორტულ ოჯახში გაუგებარი სიტუაცია. საზოგადოებას არ აინტერესებს დაძაბულობა. ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. ამ საქმეში არ უნდა იყოს პიროვნული ფაქტორები და ყველას კონსტრუქციულობისკენ მოვუწოდებ.”
შეხვედრის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ შეხვედრას ქართულ სპორტში დემოკრატიის ერთ-ერთი გაკვეთილი უწოდა და აღნიშნა, რომ საკუთხედს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტის კომიტეტის და ფედერაციების მონაწილეობით, ნაყოფიერი მუშაობა სჭირდება, რათა სპორტი განვითარდეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი არაადეკვატურია გადაწყვეტილების მიღებაში.
საბოლოო შემაჯამებელ ოქმში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მყოფი 29 სპორტული ფედერაციის წარმომადგენელი მხარს უჭერს ლევან ყიფიანს და სამინისტროს და მათ საქმიანობას დადებითად აფასებს. ოქმის მეორე პუნქტის თანახმად, ფედერაციებმა რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის უარყოფით შეფასებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ არაადეკვატური და უსამართლო უწოდეს.
გთავაზობთ, “რედისონში” შეკრებილი სპორტული ფედერაციების 2015 წლის 4 აპრილის შეხვედრის შემაჯამებელ ოქმს:
“2015 წლის 4 აპრილს, 16 საათზე, სასტუმრო რედისონში, შეიკრიბენ ეროვნული სპორტული ფედერაციები საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიზეზებისა და მიმდინარე პროცესების განსახილველად.
საინიციატივო ჯგუფმა 2015 წლის 1 აპრილს თხოვნით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს დასწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას და მოეხდინათ სპორტული სამყაროს ინფორმირება აღნიშნული საკითხების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნება. ხოლო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად თავიანთი წარმომადგენლების შეხვედრაზე მოვლინება (რის შესახებაც წერილობითი ფორმით შეატყობინა ფედერაციებს). სამწუხაროდ, სპორტულ ფედერაციებსა და მთლიანად სპორტულ სამყაროს კვლავ არ მიეცათ საშუალება მოესმინათ კომიტეტის წარმომადგენლებისგან განმარტებები და მოსაზრებები მიღებული გადაწყვეტილებებისა და შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში მოახსენა დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.
სიტყვით გამოვიდნენ ფედერაციების ხელმძღვანელები, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ დღესდღეისობით სრულიად აღმოფხვრილია სამინისტროს ჩარევა ფედერაციების საქმიანობაში, ეს აუცილებლად უნდა ჩაითვალოს დიდ მიღწევად სპორტის განვითარების პროცესში. ფედერაციები არიან დამოუკიდებელნი გადაწყვეტილებების მიღებისას, სპორტი არ არის პოლიტიზირებული და ამ მონაპოვარის დაცვა მიჩნეულ უნდა იქნას უმთავრეს ამოცანად. საგრძობლად გაზრდილია ფედერაციების დაფინანსება. რაც აისახება შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში და აჩენს სტაბილური განვითარების საფუძველს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფედერაციებსა და სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობები. თვითოეული ფედერაციის პრობლემები სამინისტროს მიერ გაზიარებულია და მუშაობა ამ კუთხით ერთობლივად მიმდინარეობს.
ფედერაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზეც, რომლებიც კვლავ აქტუალურია, კერძოდ ინფრასტრუქტურაზე, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, და ა.შ.
მინისტრის განმარტებით უახლოეს მომავალში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სპორტულ სამყაროს აღნიშნული საკითხების სამართლებრივი და ეფექტური დარეგულირების საშუალებას მისცემს, ბიზნესით დაკავებული წრეებისათვის კი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება სპორტში ინვესტიციების განხორციელება. მან მადლობა გადაუხადა ფედერაციების წარმომადგენლებს საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრისათვის და დატოვა შეხვედრა.
გაიმართა დისკუსია მინისტრის მიერ გაკეთებული მოხსენების შესახებ, აზრთა გაცვლის შემდგომ ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასების საკითხზე:
1) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები შეფასებული იქნა დადებითად;
2) პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უარყოფითად შეფასების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, არსებული ინფორმაციისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა არაადექვატურად და არასამართლიანად;
3) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები გამოხატავენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ყველასთან, ვისაც აწუხებს ქართული სპორტის აწმყო და მომავალი, გამოვიდნენ დღევანდელის მსგავსი შეხვედრების ინიციატივით და მოიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე, ხელი შეუწყონ სპორტულ საქმიანობაში სტაბილურობასა და წინსვლას. ჩვენ, სპორტული ფედერაციები, ვართ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და გვაქვს ლეგიტიმური უფლება ვიყოთ ინფორმირებულები სპორტთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებაში და ამ პროცესებში ჩართულები.
იმ დროს, როდესაც წინ ამდენი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრი გველის, მომავალ წელს ტარდება ოლიმპიადა რიო დე ჟანეიროში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ფედერაციების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კონფრონტაცია, რომელსაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, რბილად, რომ ვთქვათ, ქართული სპორტის წარმატებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.
ჩვენ, საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება ხელშეწყობა, მშვიდი, საქმიანი გარემო და სტაბილურობის განცდა. დღეს ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ამაში გვერდში დაგვიდგება.
საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები ვთანხმდებით მასზედ, რომ ჩვენი შეხვედრები უნდა გაიმართოს სისტემატიურად, რათა აზრთა ურთიერთ გაზიარების მეშვეობით შევძლოთ საქართველოს სპორტული სამყაროსათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღება”.







