დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მოჭადრაკე ქალთა შორის, რომელსაც რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი მასპინძლობდა. ფინალში ერთმანეთს უკრაინელი მარია მუზიჩუკი და რუსი ნატალია პოგონინა დაუპირისპირდნენ.
ფავორიტად მუზიჩუკი ითვლებოდა, რადგან 2526 ქულით მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე, ხოლო პოგონინა 2456 ქულით ოცდამეცხრამეტე ადგილზე იყო. ფინალური შეხვედრა 4 კლასიკური პარტიისაგან შედგებოდა. 3 პარტიის შემდეგ ანგარიში იყო 2-1 მუზიჩუკის სასარგებლოდ. პირველი პარტია ყაიმით დასრულდა. მეორეში უკრაინელმა შეძლო მეტოქის დამარცხება და 1,5-0,5 დაწინაურდა. ბოლო პარტიაში მუზიჩუკმა უპირატესობა შეინარჩუნა, 2.5-1.5 გაიმარჯვა და ანა უშენინას შემდეგ მეორე უკრაინელი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ინდვიდუალურ ჭადრაკში მუზიჩუკისთვის ეს პირველი დიდი წარმატებაა, გუნდურში კი უკრაინის ნაკრებთან ერთად არის როგორც ევროპისა და მსოფლიოს, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი. მარიას ყავს და, ანა მუზიჩუკი, რომელსაც მასზე ბევრად დიდი რეიტინგი აქვს და ბოლო წლებში სისტემატიურად იმყოფება მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა პირველ ხუთეულში, თუმცა, სოჭში ფორტუნამ სხვანაირად გადაწყვიტა და ჭადრაკის გვირგვინი უმცროს დას, მარიას ერგო.
ტურნირში საქართველოდან 6 მოჭადრაკე მონაწილეობდა - ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, მერი არაბიძე და სოფო გურამიშვილი. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მერი არაბიძემ მიაღწია, რომელმაც პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკე პირველი ათეულის წევრი ვიქტორია ჩმილიტე დაამარცხა. არაბიძემ მეოთხედფინალამდე მიაღწია სადაც პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკესთან, ინდოელ ჰარიკა დრონავალთან მოეცარა ხელი.









