თურქულ იზმირში ყინულის ჰოკეიში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მოთამაშე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. უკრაინელი ევგენი ალიპოვის შეგირდებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდს 4:1 სძლიეს.
ქართველთაგან დუბლი რევაზ ცომაიამ შეასრულა, თითოჯერ კი თავი დიმიტრი სმეტანინმა და ვიტალი დუმბაძემ გამოიჩინეს.
საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ერთადერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი. 12 აპრილს ჩვენებურთა მეტოქე არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდი იქნება, რომელსაც ყველა თამაში წაგებული აქვს, თუმცა კი, ბოსნიელებთან არ უთამაშია.