მიუნხენის “ბაიერნის” მაროკოელი მცველი მეჰდი ბენატია მწყობრიდან დაახლოებით ერთი თვით გამოვიდა.
გერმანიის თასზე “ლევერკუზენთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში მოგებულ მატჩში (5:3), 27 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ დაშავდა და 34-ე წუთზე ადგილი სებასტიან როდეს დაუთმო.
Kicker-ის ცნობით, ბენატიოას კუნთი გაეხა და ამის გამო ორიდან ოთხ კვირამდე დასვენება მოუწევს.
მეჰდის გარდა სხვადასხვა დაზიანებების გამო “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას უახლოეს მატჩებში არიენ რობენის, დავიდ ალაბას, ბასტიან შვაინშტაიგერის, ხავი მარტინესის და ტომ შტარკეს იმედი ვერ ექნება.
მიუნხენელთა ბანაკში კარგი ამბავიც არის - ვარჯიში განაახლა ფრანკ რიბერიმ.
ბენატია “ბაიერნში” მიმდინარე სეზონის წინ “რომადან” გადავიდა და ბუნდესლიგის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. აპრილის ბოლომდე მის გუნდს ბუნდესლიგის სამი (11-ში “აინტრახტთან”, 18-ში “ჰოფენჰაიმთან” და 25-ში “ჰერთასთან”) თამაში ელის, 15 და 21 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუს” უნდა შეხვდეს, ხოლო 28 აპრილს გერმანიის თასზე “დორტმუნდს” ეთამაშება.





