საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრა გაიმართა გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილასა” და ბოლნისის “სიონს” შორის. შიდაქართლელებმა ქვემოქართლელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობენ.
მატჩი გორის “დილას” უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმში შიდაქართლელები უპირატესობას ფლობდნენ. გოლის გატანის შანსი გიორგი თექთუმანიძეს, ალან ბაგაევს, გიორგი ერისთავს ჰქონდათ, თუმცა გორელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. 28-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ზურაბ ბათიაშვილმა ბურთი ხაზზე გააჩერა, თუმცა გორელი ფეხბურთელები აპროტესტებდნენ, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა.
მეორე ტაიმის საწყის წუთზევე ბაგაევის თავურის შემდეგ ბურთი ბოლნისელთა კარს მცირედით აცდა. 60-ე წუთზე ერისთავი შეტევის მარცხენა ფლანგზე შეიჭრა, მას სამი მცველი გადაეღობა, თუმცა გორელმა ფეხბურთელმა მაინც შეძლო სიტუაციაში გარკვევა და საჯარიმოს მისადგომების ცენტრალურ მონაკვეთთან ნიკა კვეკვესკირი მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი “სიონის” კარის მარჯვენა ზედა კუთხეს მოხვდა და ბოლნისელები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ.
ორიოდე წუთში გიორგი გაფრინდაშვილმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო შორიდან მიგინეიშვილს დაურტყა, გორელთა მეკარემ კი ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალევე კვეკვესკირის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავით ალან ბაგაევმა დაარტყა, თუმცა ამჯერადაც არაზუსტად.
73-ე წუთზე გიორგი ერისთავმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო, ორ მეტოქეს გასცდა, ბათიაშვილთან პირისპირ დარჩა და “სიონის” მეკარეს მარჯვენა კუთხეში დარტყმით შანსი არ დაუტოვა – 1:0.
81-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილის მიერ დაწყებული შეტევა მოედნის ცენტრიდან მიხეილ გორელიშვილმა გააგრძელა, გასცდა რამდენიმე ფეხბურთელს, შეიჭრა საჯარიმოში, დაარტყა და გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ოფსაიდში დარჩენილი ერისთავი შენიშნა და გორელიშვილის ლამაზი გოლი გააუქმა.
მატჩის შემდეგ ორივე გუნდის თავკაცმა, ლადო ბურდულმა და უჩა სოსიაშვილმა თამაში შეაფასეს.
ლადო ბურდული: მივულოცავ “დილას” გამარჯვებას. ორივე გუნდის შესრულებით ლამაზი მატჩი ვიხილეთ. მეორე ნომრად ვითამაშეთ და ქულის აღებაც კარგი იქნებოდა. ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელი გვაკლდა და რთული იყო თამაში. ჩვენი მიზანია უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ და იმედია საკმარისი რაოდენობის ქულებს მოვაგროვებთ.
უჩა სოსიაშვილი: “სიონი” გასავარდნ ზონაში იმყოფება და მეორე ნომრად მოთამაშე გუნდთან დაპირისპირება რთული იყო. დაძაბული და საინტერესო თამაში გამოგვივიდა და სასიხარულოა, რომ გოლი გავიტანეთ.
- მოდებაძე და ძარია “დილას” როდის დაუბრუნდებიან?
- მოდებაძის გამოჯანმრთელებას ველოდებით და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს უქმად ყოფნა. ძარიამ ვარჯიში განაახლა, გუნდს ერთ კვირაში შემოურთდება, ხოლო თამაშის ჩატარებას სავარაუდოდ ორ კვირაში მოახერხებს.
მომდევნო ტურში “დილა” “ზესტაფონს” სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო “სიონი” მარტვილის “მერანს” უმასპინძლებს. ბათუმის “დინამომ” “სამტრედია” ქობულეთში 1:0 დაამარცხა და ზღვისპირელები გორელებთან ერთად უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილს 45-45 ქულით ლიდერობენ. თბილისის “დინამომ” “მერანს” სტუმრად ვერაფერი მოუხერხა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და დინამოელები მესამე ადგილზე 44 ქულით იმყოფებიან.
დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)
11 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე.
დილა: მიგინეიშვილი, მარიჩი, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, სეთურიძე, ფალავანდიშვილი, გვალია, თექთურმანიძე (ახალკაცი 56), კვეკვესკირი, ერისთავი (რაზმაძე 83), გორელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, ჯინჭარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (ფოფხაძე 64), არაუსო და სილვა (გოგობერიშვილი 54), ლობჯანიძე, ჭიკაიძე, სიჭინავა (ცხადაია 54).
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 1:0 გიორგი ერისთავი (73)
გაფრთხილება: გიორგი მიქაბერიძე (63), პაპუნა მოსემღვდლიშვილი (75), ლობჯანიძე (86), ჭიკაიძე (87)
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი





