თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები მამაკაცთა შორის, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გათამაშდეს, სადაც სატურნირო განაცხადში საქართველოს ნაკრების ორი წევრიც ჩაეწერა. პირველი მათგანი – ირაკლი გაბრიჭიძე სამწვრთნელო შტაბების მიერ შეკვეთილი წონების მიხედვით B ჯგუფში მოხვდა და უკვე გამოსვლაც დაასრულა. გიორგი ლომთაძე კი A ჯგუფშია და ფიცარნაგზე 8 საათიდან გავა.
B ჯგუფიდან ევროკონკურენციაში სულ 10 ძალოსანი ჩაერთო და გაბრიჭიძემ მათ შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში საწყისი ორი სიმძიმე: 135 და 140-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა. 145 კილოგრამს კი ვეღარ მოერია და პირველი მოძრაობა მე-5 შედეგით დაასრულა.
აკვრაში გაბრიჭიძემ ასევე ორი შანსი გამოიყენა: 160 და 165 კილოგრამები აჰკრა, მაგრამ 170-ს ვეღარაფერი მოუხერხა და მეორე მოძრაობაზე მე-7 ადგილს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში (305 კგ) კი ერთი საფეხურით წინ წაიწია.
ქართველი სპორტსმენის გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ: “ირაკლი გაბრიჭიძე ახალგაზრდა 20 წლის ძალოსანია. შეჯიბრზე მხრის ტრავმით გამოვიდა. მისი შედეგი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უკეთესი ადგილის დაკავება შეეძლო. როგორც აღვნიშნე ახალგაზრდა სპორტსმენია და ყველაფერი წინ აქვს. დღეს რვა საათზე 77 კგ წონით კატეგორიის ა ჯგუფში გიორგი ლომთაძე იასპარეზებს, რომლისგანაც ექვსეულში მოხვედრას ველოდებით”.
B ჯგუფში ყველას ბელარუსმა ვადიმ ლიხარადმა აჯობა, რომელმაც ექვსივე ცდა გამოიყენა და ტურნირი 336 კილოგრამით (155+181) დაასრულა.
უძლიერეს ჯგუფში გიორგი ლომთაძის გარდა 6 ძალოსანი გავა: რუმინელი ალექსანდრუ როსუ, მოლდოველი დუმიტრუ კაპტარი, პოლონელი კრჟიშტოფ სზრამიაკი, რუსი ვიქტორ გეტსი და სომხები: ტიგრან მარტიროსიანი და ანდრანიკ კარაპეტიანი.









