ქართველმა ძალოსანმა გიორგი ლომთაძემ თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი უქულოდ ჩაამთავრა. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ექვსი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.
ლომთაძემ A ჯგუფში გამოსვლა 148 კილოგრამით დაიწყო, მაგრამ სიმძიმე მხოლოდ მეორე მისვლით დაძლია. მესამე ცდაზე კი 151-კილოგრამიან შტანგას ვერ მოერია და ატაცში ჯგუფის უარესი შედეგი აჩვენა. მეორე მოძრაობაში კი კიდევ უფრო წარუმატებლად გამოვიდა – პირველ ორ მისვლაზე 177 კილოგრამი ვერ აჰკრა. მესამე ცდის წინ კი შტანგაზე კიდევ ერთი კილოგრამი მიამატებინა და ვერც ახალი სიმძიმე დაიმორჩილა.
ამავე წონით კატეგორიაში, ლომთაძემდე ორიოდ საათით ადრე სპორტის სასახლის ფიცარნაგზე ირაკლი გაბრიჭიძეც გავიდა. B ჯგუფში ორჭიდის ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო A ჯგუფის შედეგების შეჯამების შემდეგ, ევროპირველობა მე-12 ადგილით ჩაამთავრა.
კონტინენტის ჩემპიონი სომეხი ტიგრან მარტიროსიანი გახდა, რომელმაც ორივე მოძრაობის პირველი ორი ცდის გამოყენების შედეგად ორჭიდის ჯამში 351 კილოგრამი (160+191) დააგროვა.
ასეთივე შედეგი აჩვენა რუსმა ვიქტორ გეტსმაც (160+191), მაგრამ ტიტულის ბედი სპორტსმენების პირადმა წონამ გადაწყვიტა, თუმცა აქვე დავამატებთ, მარტიროსიანს ერთი ცდა თადარიგში ჰქონდა. ბრინჯაოს მედალს სომხეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანდრანიკ კარაპეტიანი დაეუფლა, 350 (164+186) კილოგრამით.
ამრიგად, ევროპირველობაზე მამაკაცთა შორის უკვე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების რვა წევრიდან კი საქმეში ჯერ მხოლოდ სამი ჩაერთო. შეგახსენებთ, რამინ შამილიშვილმა 56 კილოგრამში მე-6 ადგილი დაიკავა.
ევროარენაზე ჯერ არ გასულან ნიკა ნანაძე (94 კგ), დავით გოგია, გია მაჭავარიანი (ორივე 105 კგ), ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე (ორივე +105 კგ) და ქალთა ნაკრების წევრები: თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო მუქათარიძე (69 კგ).
ძალოსნობა
ევროპის ჩემპიონატი
თბილისი
11-14 აპრილი
კაცები
56 კგ
1 ოლეგ სირგი (მოლდოვა) 264 კგ (113+151)
2 სმბატ მარგარიანი (სომხეთი) 259 კგ (113+146)
3 მირკო სკარანტინო (იტალია) 259 კგ (118+141)
6 რამინ შამილიშვილი (საქართველო) 245 კგ (110+135)
62 კგ
1 ვალენტინ ხრისტოვი (აზერბაიჯანი) 295 კგ (135+160)
2 ბუნიამი სეზერი (თურქეთი) 288 კგ (134+154)
3 ფლორინ კროიტორუ (რუმინეთი) 287 კგ (134+153)
69 კგ
1 დანიარ ისმაილოვი (თურქეთი) 337 კგ (156+181)
2 სერგეი პეტროვი (რუსეთი) 322 კგ (146+176)
3 ბერნარდინ მატამ კინგე (საფრანგეთი) 321 კგ (146+175)
77 კგ
1 ტიგრან მარტიროსიანი (სომხეთი) 351 კგ (160+191)
2 ვიქტორ გეტსი (რუსეთი) 351 კგ (160+191)
3 ანდრანიკ კარაპეტიანი (სომხეთი) 350 კგ (164+186)
12 ირაკლი გაბრიჭიძე (საქართველო) 305 კგ (140+165)
- გიორგი ლომთაძე (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 სიბელ ოზკან კონაკი (თურქეთი) 179 კგ (80+99)
2 ნურჩან ტაილანი (თურქეთი) 178 კგ (81+97)
3 ჯენი კატერინა პალიარო (იტალია) 176 კგ (81+95)
53 კგ
1 იულია პარატოვა (უკრაინა) 200 კგ (90+110)
2 იულია შვარცბახი (გერმანია) 186 კგ (83+103)
3 აისეგულ ჩობანი (თურქეთი) 184 კგ (75+109)
58 კგ
1 ბოიანკა კოსტოვა (აზერბაიჯანი) 246 კგ (109+137)
2 ირინა ლეპსა (რუმინეთი) 205 კგ (91+114)
3 ალექსანდრა კრჟივანსკა (პოლონეთი) 202 კგ (89+113)









