საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში მე-6 ჯგუფში მოხვდა. ქართველებს დაპირისპირება იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან მოუწევთ.
კენჭისყრა 20 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდა. 40 ეროვნული ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 5 გუნდია. შესარჩევი ციკლი 2015 წლის 14 სექტემბერს დაიწყება და 2016 წლის 20 სექტემბერს დასრულდება. გუნდები ერთმანეთში ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ – სახლში და სტუმრად.
ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ჰოლანდიაში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, სადაც მასპინძელთა ნაკრები დაემატება. დარჩენილი ორი ნაკრები 2016 წლის ოქტომბერში დარჩენილი ერთი საგზურის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქალთა ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი პირველად ითამაშებს.









