ქალ მოჭადრაკეთა შორის ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ამჯერად, საქართველოს ნაკრები ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდა. პროგნოზიდან გამომდინარე, შეხვედრამ საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ ტურში პოლონეთთან დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ დიდ ინტერესს იწვევდა უკრაინელთა თამაში, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, ექს ჩემპიონი ანა უშენინა და ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი, მარიას და, ანა მუზიჩუკი იმყოფებიან. უკრაინელმა მოჭადრაკეებმა ამჯერად კარგად ითამაშეს და პირველ ტურში ინდოეთის მძლეველი ყაზახეთი დიდი ანგარიშით 3,5-0,5 დაამარცხეს. უაღრესად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტებმა ჩინეთმა და რუსეთმა. ეს უკანასკნელი სომხეთს, ხოლო ჩინეთი ინდოეთს შეხვდა და ორივე შეხვედრა ფრე 2-2 დასრულდა.
გთავაზობთ მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს
ეგვიპტე – საქართველო 0-4
ინდოეთი – ჩინეთი 2-2
რუსეთი – სომხეთი 2-2
პოლონეთი – აშშ 2-2
ყაზახეთი – უკრაინა 0,5-3,5
მესამე ტურში საქართველოს მეტოქე პოლონეთი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გაანადგურა.
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი
საქართველო – პოლონეთი
სომხეთი – ეგვიპტე
ჩინეთი – რუსეთი
უკრაინა – ინდოეთი
აშშ – ყაზახეთი
გამორჩეულ ინტერესს იწვევს საქართველოს – პოლონეთისა და ჩინეთი – რუსეთის შეხვედრა. ჩვენთვის კარგი იქნება თუ ჩინეთი და რუსეთი ქულას გაიყოფენ.
სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ
I-IV საქართველო, ჩინეთი, აშშ, პოლონეთი 3-3 ქულა
V-VII უკრაინა ყაზახეთი, რუსეთი 2-2
VIII_IX ინდოეთი, სომხეთი 1-1
X ეგვიპტე 0









