საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ნინო პასიკაშვილს, რომელიც თურქეთში თამაშობს, ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში F ჯგუფში მოხვედრა ახარებს, სადაც თამაზ კოსტავას შეგირდებთან ერთად იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ. ამის შესახებ მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან ისაუბრა.
ნინო პასიკაშვილი: “დიდი ხანია ამ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით და შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე თამაში ჩვენი ოცნება იყო. დადგა დრო, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა იმ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის დაგვემტკიცებინა, რომ მოედანზე ბევრი რამ შეგვიძლია. გარკვეულწილად, სტერეოტიპების დანგრევაც შევძელით.
რაც შეეხება წილისყრას, შეიძლება ვინმეს ჩემი აზრი უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდით. ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენნაირ ახალბედა გუნდს მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშში შანსი არ ექნებოდა. აგრეთვე, ისეთ ნაკრებებთან, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, დანია და ა.შ.
გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამიხარდა, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში არაა. ამასთანავე, იყო ნაკრებები, ვისთანაც თამაში მინდოდა: თურქეთი, ბელორუსი, უკრაინა, რუმინეთი. იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და სანაკრებო მატჩებზე ბევრჯერ გვისაუბრია. ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში გვინდოდა.
კონკრეტულად ჩვენ ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, ვფიქრობ, იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა და მისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. გასულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მათ თამაშს თვალყურს ვადევნებდი. შეიძლება ითქვას, რომ იტალიელებზე გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია მაქვს. შვეიცარიის ნაკრებს რაც შეეხება, მიხარია, რომ ამ გუნდს შევხვდებით და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის ლარა დიკენმანის წინააღმდეგ ვითამაშებ.
ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან ისეთი რთული თამაშები არ იქნება, როგორც იტალიასთან და შვეიცარიასთან. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები ვართ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ექნება. არც ყრუ დაცვაში ჩამჯდარ ფეხბურთს ვითამაშებთ და არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველასთან ვიბრძოლოთ. ნაკრებში 10 ლეგიონერია და ყველა სტაბილურად თამაშობს თავისი კლუბის ძირითად შემადგენლობაში.
მოსამზადებელ ეტაპს დიდი მონდომებით გავივლით. როგორც ვიცი, დაგეგმილია ამხანაგური თამაშები. ჯგუფიდან გასვლა ვის არ უნდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეგ შეუძლებლად მიმაჩნია. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი ნაკრები თანდათან ძლიერდება და ვფიქრობ, სექტემბრისთვის სასურველ კონდიციებში ვიქნებით“.









