ბუნდესლიგის “ვოლფსბურგის” ბელგიელი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის აგენტი პატრიკ დე კოსტერი ადასტურებს, რომ ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობას თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ესაუბრა.
23 წლის ფეხბურთელი წელს განსაკუთრებულ სეზონს ატარებს, ბუნდესლიგის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც ევროპის ტოპკლუბების ყურადღება მიიპყრო. ადრე იყო საუბრები მის “ჩელსიში” დაბრუნებაზე, ან “მანჩესტერ სიტიში” გადასვლაზე, ახლა კი, პრეტენდენტთა შორის პსჟ-ც გამოჩნდა.
“შევხვდი პსჟ-ს წარმომადგენლებს და კევინთან დაკავშირებით ვესაუბრე. მათ აქვთ ამ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა. პსჟ დიდი და ამბიციური კლუბია, რომლის სტრუქტურაშიც ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ და ჰყავთ შესანიშნავი შემსრულებლები. ამრიგად, ეს სწორედ ის გუნდია, რომელიც თავად კევინსაც დააინტერესებს”, - განუცხადა დე კოსტერმა TF1-ს.
დე ბრუინი წელიწადნახევარია “ვოლფსბურგში” თამაშობს და პირველი ნახევარი წელიწადი იქ განათხოვრების წესით გაატარა, რის შემდეგაც ის გერმანელებმა “ჩელსიდან” 20 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გამოისყიდეს. “ვოლფსბურგისა” და “ჩელსის” გარდა ბელგიელს “ვერდერსა” და “გენკში” უთამაშია.







