საჩხერის “ჩხერიმელას” ფეხბურთელები თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას აღიარებენ. ამის შესახებ დაკავებული მოთამაშეების ადვოკატმა თეიმურაზ ბერიძემ ჟურნალისტებთა საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს ფეხბურთელებისთვის გირაოს შეფარდებით მიმართავს. გამომდინარე იქიდან, რომ მის კლიენტებს წარსულში დანაშაული არ ჩაუდენიათ, ბერიძე იმედოვნებს, სასამართლო შუამდგომლობას გაითვალისწინებს.
საფეხბურთო კლუბ თბილისის სტუ-ს პრეზიდენტი ოთარ შენგელია ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ მისი კლიენტი ვალი ჰქონდათ და საუბარი ამ თანხაზე იყო.
თავს ბრალდებულად არ მიიჩნევს აზიური ტოტალიზატორის ibcbet-ის წარმომადგენელი საქართველოში ომარ ნაკაიძე. ამ უკანასკნელის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ აღნიშნა, რომ ნაკაიძეს მატჩენის “ჩაწყობასთან” არავითარი კავშირი არ ჰქონდა და უბრალოდ აზარტული ადამიანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მატჩების “ჩაწყობისთვის” 8 პირი დააკავა და ამის შესახებ ასეთი განცხადება გაავრცელა:
“საფეხბურთო კლუბ “სტუ თბილისის” პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის ibcbet-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ”.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”.









